|
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის უპირველესი ამოცანა და, ალბათ, ნომერ პირველი დავალებაც 2013 წლის ბიუჯეტის პარამეტრების შესრულება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი განმარტავს, - ბიუჯეტს მნიშვნელოვანი პრობლემები არ აქვს და არც მისი სეკვესტრია დაგეგმილიო, ფაქტია, რომ ბიუჯეტის შესრულება და დაგეგმილ პარამეტრებზე გასვლა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დღევანდელი მაჩვენებლებით, მთავრობა ვერც დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას ახერხებს და, სავარაუდოდ, ვერც ზეპირსიტყვიერად დაანონსებული 4%-იანი ეკონომიკური ზრდის.
ქვეყნის მთავრობისგან განსხვავებით, უფრო პესიმისტურად გამოიყურება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზები. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი 2013 წელს საქართველოში მშპ-ის 3%-იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ უფრო ნაკლებს _ მხოლოდ 2.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე განმარტავს, რომ არსებულ ვითარებაში მთავრობას პროგნოზირებული შემოსავლების ამოღება გაუჭირდება, რაც მას ხარჯების შემცირებისკენ უბიძგებს.
'ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი 3%-იანი ეკონომიკური ზრდაა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა კი ნაკლები _ 2.5%. წინასწარი მონაცემებით, 8 თვის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელების ბრუნვა, საშუალოდ, 1.6%-ით გაიზარდა, რაც 0.1%-ით მეტია მეორე კვარტალის საშუალო მაჩვენებელთან. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მაისიდან, დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვაში უარყოფითი ცვლილება აღინიშნა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და ამ მაჩვენებელმა 2013 წლის ივლისში 3.5% შეადგინა. ქვეყნის ეკონომიკაში ზრდის შენელება და უარყოფითი ზრდაც კი ბოლოს გლობალური კრიზისისა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეინიშნებოდა. მას შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა საკმაოდ სტაბილური იყო.
მინდა განვაცხადო, რომ, ზოგადად, გარდამავალ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის კლება აღინიშნება, განსაკუთრებით რუსეთსა და თურქეთში, რამაც ასევე, შესაძლოა, გააუარესა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა. გარდამავალი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა 2.2%-ს შეადგენს 2013 წელს, რომლის მცირედი გაუმჯობესება 2014 წელს არის მოსალოდნელი~, _ აცხადებს ევგენიძე.
ირკვევა, რომ რეგიონში ეკონომიკური ზრდა სტაბილური რჩება ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში, თუმც საპირისპირო ვითარება ფიქსირდება ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებთან მიმართებაში.
'რაც შეეხება რეგიონს, საქართველოს ჩათვლით, ეკონომიკური ზრდის კლება წელს ასევე მოსალოდნელია სომხეთში, სოფლის მეურნეობის სექტორისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების გამო. საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ეკონომიკური ზრდის შენელების მთავარ მიზეზად სახელდება საქართველოშიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ზრდის შენელების გამომწვევ სხვა ფაქტორებად კერძო ინვესტიციების კლებას და სუსტ საკრედიტო ზრდას ასახელებს. საქართველოს მთავრობისადმი გაცემული რეკომენდაციები მას რიგი ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს, რომლებიც ითვალისწინებს პროდუქტიული ხარჯების ზრდას, რათა მოთხოვნის ზრდას შეეწყოს ხელი~, _ განმარტავს ევგენიძე.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების პირობებში, ახალი მთავრობის მთავარი გამოწვევა, წამყვან სექტორებში ინვესტიციების ხელშესაწყობად, კერძო წყაროების მობილიზებაა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კლება აღინიშნება ბანკების საკრედიტო აქტივობაში, რაც ბიზნესის სექტორის ბრუნვის შემცირებით გამოიხატება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე _ 3.75%-მდე შეამცირა, თუმცა დეფლაციის პირობებში რეალური საპროცენტო განაკვეთი ნომინალურზე მაღალია.
'ამიტომ შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის შემდგომი შემცირების შესაძლებლობის სიფრთხილით განხილვა, თუ აგრეგირებული მოთხოვნისა და ხარჯების ზრდის პოტენციალი აშკარაა. ეკონომიკური ზრდის შენელების დროს, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სწორი ფისკალური პოლიტიკის გატარების გზით, რომლის დროსაც საბიუჯეტო ინსტრუმენტებს გამოიყენებს, რათა შეანელოს კლება და კრიზისი აიცილოს თავიდან. ეკონომიკური სტაგნაციის პერიოდში, როდესაც კერძო სექტორს არ სურს ან ვერ ახერხებს ეკონომიკური სტიმულების შექმნას სახელმწიფო ინტერვენციის გარეშე. სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, მიზნობრივი ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით ეკონომიკის სტიმულირება მოახდინოს. იმის გათვალისწინებით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ხარჯების ნაწილს წარმოადგენს, რომლებიც ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს, გამართლებული და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ ასეთი პროექტების დაფინანსება. თუმცა, საქართველოს მთავრობის განცხადებით, ასეთი პოლიტიკის გატარება გაუმართლებელია, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტები კერძო სექტორმა უნდა დააფინანსოს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების ეკონომიკური ზრდა უმთავრესად ეკონომიკის სექტორში სამთავრობო აქტივობის შედეგი იყო. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პროექტების შეკვეცა მანამ, სანამ მათ განხორციელებას კერძო სექტორი აიღებდა ხელში, ასევე გაუმართლებელია; ასეთი ნაბიჯების შედეგები იმ ეკონომიკური და საბიუჯეტო მონაცემებით დასტურდება, რომლებიც დღეს გვაქვს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კვლავ ესაჭიროება მსხვილი საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებსაც მხოლოდ კერძო სექტორი იშვიათად აფინანსებს. ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, სასარგებლო იყოს კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის სქემების შემუშავება და განხორციელება~, _ განმარტავს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, კვლავ სოციალურ უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული და ასახავს გაზრდილ ხარჯებს სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე, ხოლო ინფრასტრუქტურული ხარჯების მხრივ ბევრი არაფერია შეცვლილი. თუმცა, განათლებაზე ხარჯების ზრდა ძალიან მისასალმებელი ნაბიჯია.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ზრდის შენელების დროს სოციალური ხარჯების მკვეთრი ზრდა არ არის სწორი გზა, რადგან ეს საბიუჯეტო ტვირთს კიდევ უფრო დაამძიმებს.
როგორც ცნობილია, 2012 წლის ბოლოდან საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებისა და არჩევნებით გამოწვეული გაურკვევლობის გამო შენელდა. ოთხი მაჩვენებლიდან სამი _ ერთობლივი მოთხოვნა, ინვესტიციები და სამთავრობო ხარჯები _ შემცირდა. ერთადერთი მაჩვენებელი, რომელშიც გაუმჯობესება აღინიშნა, წმინდა ექსპორტია, თუმცა ეს გაუმჯობესება არ ყოფილა ისეთი მკვეთრი, რომ სხვა კატეგორიებში კლება გადაეფარა.
შესაბამისად, მომავალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემის, შეიძლება ითქვას, დილემის წინაშეც დგას _ შესრულდება თუ არა 2013 წლის ბიუჯეტი და სწორედ მან უნდა განსაზღვროს, რა იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი ტენდენციები.
მაია არაბიძე, გაზეთი „პრემიერი“, 6-12 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |