|
ნარკომაფიამ ქართველ ახალგაზრდობას ამჯერად სხვა კუთხიდან შემოუტია და გავრცელებული ნარკოტიკების ნაცვლად, იაფასიანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი მედიკამენტებით “კაიფი” შესთავაზათ. როგორც ამ საკითხში ჩახედულმა ადამიანებმა გვითხრეს, ეს “სიამოვნება” იმაზე ხშირად მთავრდება ფატალურად, ვიდრე ეს ხდება ცნობილი ნარკოტიკების მოხმარების დროსო. “პრემიერმა” მოახერხა და თავდაპირველად ის ახალგაზრდა აალაპარაკა, რომელიც ნარკომაფიოზების ახალ ანკესს უკვე წამოეგო და თავს ვეღარ აღწევს. მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ:
_ რამდენიმე წლის წინ შემოვიდა მედიკამენტი “ლირიკა”, რომელიც კაფსულებში იყო და ექიმები ეპილეფსიის დროს იყენებდნენ. ორი ცალი “ლირიკა” რომ დაგელია, მაგარ “კაიფში” ვარდებოდი, მაგრამ მოულოდნელად “ლირიკა” გაქრა და შემოვიდა “ჰელიმონი”, რომელსაც “ლირიკის” ეფექტი აქვს. ეს მედიკამენტიც რეცეპტით იყიდებოდა, მაგრამ მაინც ვახერხებდით მის შეძენას. ორ “ჰელიმონს”, ან “ლირიკას” “ბაკლოსანიც” თუ მიაყოლე, რომელიც თავისუფლად იყიდება აფთიაქებში და ერთი ტაბლეტი 25 თეთრი ღირს, ძალიან მაგარ ეფექტს იღებ, მაგრამ თუ “ლირიკა” ან “ჰელიმონი” არ გაქვს, აგერ “ბაკლოსანი” ყრია “ავერსის”, “პე ეს პე”-სა და “ჯიპისი”-ს აფთიაქებში. ასეთ შემთხვევაში “ბაკლოსანის” რამდენიმე ტაბლეტს ვიღებთ და ისე ვკაიფობთ. 10 ტაბლეტი ერთად რომ დალიო, შეიძლება გულიც კი წაგივიდეს.
_ თუ ეს იცით, მაშინ რატომ სვამთ? საკუთარ თავს მტრობთ, თუ რა ხდება?
_ სხვა მედიკამენტებიც არის, რომელიც იგივე ეფექტს იწვევს. მაგალითად “ტებალტინი”, “გაბაგამა”, “გრიმოდინი”, “გაბაპენტინი”, ყველა ურეცეპტოდ შეგვიძლია ვიყიდოთ და არც ძვირი არა ჯდება. ზოგზე 5 ტაბლეტიც მოქმედებს საკაიფოდ, ზოგს 10-იც ვერ აკაიფებს, თანაც რაც უფრო დიდხანს სვავ, დოზა უფრო უნდა გაზარდო, რომ ეფექტი არ დაკარგოს. ამ მედიკამენტებს “კალიკებს” ვეძახით. ჯერ ერთი მოდურია, მერე ყველაფერს გავიწყებს და იმ მომენტში ძალიან მაგრად ხარ _ ენერგიაზე, გგონია რომ უპრობლემო და კაი ტიპი ხარ. ეს იმ მომენტში ფიქრობ ასე, თუმცა როცა მისი ზემოქმედება გადის, კარგად ხვდები, რომ ესენი არის 2013 წლის ლეგალური ნარკოტიკი და ვიღაცა ამით დიდ ფულს შოულობს. შენ კი გკლავს, განადგურებს, მაგრამ მის გარეშეც უკვე ვეღარ ძლებ. მეტსაც გეტყვით, არის ხველის წამალი “მაგიტუსი”. მისი დიდი რაოდენობით მიღება შპრიცის ნარკოტიკზე უარესია. გიჟივით ხდები, თვალების გუგები გიფართოვდება, ირეალობაში ვარდები. შუა ქუჩაში შეიძლება ვინმეს თავიც უპრობლემოდ მოაჭრა, მაგრამ რომ გამოხვალ მდგომარეობიდან თავი მოიკლა ამის გამო.
_ რას ამბობ, მერე ეს მდგომარეობა მოგწონს?
_ ვინ ამბობს რომ მომწონს? უკვე აღარ მომწონს. 20 წლის ვარ. მითხრეს, რომ “კალიკები” რეპროდუქციაზე მოქმედებსო. ცოლს რომ მოვიყვა და შვილი არ მეყოლოს, ამისი ძალიან მეშინია, მაგრამ თავს ვეღარ ვანებებ. ხო, “ბიო”-ზეც გეტყვით, ზოგჯერ მაგასაც ვეწევით ბიჭები. “ბიო” რუსეთში ამერიკამ შეაგდო, რუსებმა კი ჩვენ შემოგვიგდეს. ამით ბევრი ახალგაზრდაა უკვე საქართველოში მკვდარი, ზოგმა თავი თვითონ მოიკლა. წინათ ინტერნეტით ვყიდულობდით, მაგრამ არ ვიცოდით, რეალურად ვინ იყო მისი გამყიდველი.
_ ეგ როგორ?!
_ როგორ და ინტერნეტით გაძლევდა ტიპი ანგარიშის ნომერს, სადაც უნდა გადაგერიცხა ღირებულების თანხა. როცა ფული დაჯდებოდა ამ ანგარიშზე, ტელეფიონით გიგზავნიდა “მესიჯს” და გწერდა, სად დადებდა პრეპარატს. დათქმილ ადგილზე მივდიოდით და მართლაც იქ გვხვდებოდა. ზოგჯერ ბაღში, ხის ძირას დებდნენ, ზოგჯერ ლიფტის კარებთან, რა ვიცი, სადაც შეძლებოდა დამალვა.
_ კი მაგრამ, აკრძალული თუ არ იყო, გამყიდველები რატომ იმალებოდნენ?
_ არ ვიცი, მეც გამიჩნდა ეს კითხვა, მაგრამ პასუხი არ მაქვს. დღემდე ვერ გეტყვით ვისგან ვყიდულობდით ამ პრეპარატს რეალურად და ვის ვეკონტაქტებოდით ხოლმე, მაგრამ რაც ტაბლეტები შემოვიდა “ბიოს” პირადად შევეშვი. ტაბლეტებზე ცუდი ბიოა. “ბიოთი”, ჩემი მეგობრებიდან ერთი ჭკუიდან შეიშალა. ჯერ “ბიოს” იღებდა და მერე “კალიკებს”. ამბობენ ღვიძლზეც მოქმედებსო. მინდა რომ გავიწმინდო და ვნახოთ რამდენად შევძლებ. ისე, ამ ყველაფერს შეუგნებლად არ გიყვებით. დაწერეთ, რომ ეს არის ლეგალური ნარკოტიკი და ახალგაზრდობას გვხოცავენ. დაწერეთ და იბრძოლეთ, რომ აკრძალონ, სხვანაირად ჩვენსავით ბევრი განადგურდება და საქართველოს კიდევ მომავალი არ ექნება.
ამ გულისშემძვრელი ინტერვიუს შემდეგ სასწრაფო დახმარების ექიმს მივაკითხეთ, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი კი შეიკავა, მაგრამ შექმნილ მდგომარეობზე ინფორმაცია ზუსტად გადმოგვცა:
_ ბევრი შემთხვევებია, როცა ახალგაზრდები იღებენ “ბაკლოსანს”. Eეს მედიკამენტი არის მიორელაქსანტი და გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ნერვკუნთოვანი აპარატია დაზიანებული და მოძრაობაა შეზღუდული. პრეპარატი კუნთების მუშაობასა და ტონუსს აღადგენს, მაგრამ სამკურნალო ერთი და ორი ტაბლეტია და არა 20-30 ერთად. ისინი კი ბევრს იღებენ და ემართებათ გაბრუება, მოდუნება, ფსიქომოტორული აგზნება და საშინელ დღეში ვარდებიან. ეს მედიკამენტი ნარკოტიკი არ არის და აფთიაქშიც ამიტომ ხელმისაწვდომ ფასში იყიდება. ხშიორად ამ პრეპარატს იღებენ ალკოჰოლთან ერთადაც, რის შემდგომაც ადამიანი გადადის უგონო მდგომარეობაში. როცა ახალგაზრდა ამის გამო ხდება ცუდად და ქუჩაში ეცემა, მეგობრებს შიში იპყრობთ, ტოვებენ და გარბიან. ვერ ხვდებიან რამ მიიყვანა ის უგონო მდგომარებამდე, არადა სწორედ ამ დროს სჭირდება მიხედვა, რადგან ეწყება ღებინება და ნაღებინები მასების ასპირაცია ხდება. გართულებები ხშირად აქედანაც მოდის, რომ ქუჩაში მიტოვებილია ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, არის ნაღებინებ მასაში და სუნთქვა ფაქტიურად შეწყვეტილი აქვს. ბევრჯერ გამვლელს უპოვია და სასწრაფოში მას დაურეკავს.
_ მსგავსი შემთხვევები ფატალურადაც მთავრდება?
_ ქუჩაში რომ დამდგარიყოს სიკვდილი, ასეთი ფაქტი არ მახსენდება, თუმცა ორ-სამ დღეში სტაციონარში რომ გარდაიცვალა ასეთი პაციენტი, ეს არაერთხელ იყო. 17-18 წლის ორი ძმაკაცი, მე-5 საავადმყოფოში, მიყვანიდან ორ დღეში დაიღუპა. გული კი აუმუშავეს, მაგრამ ტვინის სიკვდილი მაინც დადგა. ორივე ქუჩაში გახდა ავად და მეგობრებმა მიატოვეს. მათ “ბაკლოსანის” 50 აბი ქონდათ დალეული.
_ ადამიანს ეტყობა ასეთი მედიკამენტი რომ აქვს მიღებული?
_ ასეთ დროს პაციენტი არის მკვეთრად აგზნებული. დაახლოებით ისეთი სიმპტომები აქვს, როგორც “ელეზდეს” მირების დროს, რომელსაც დისკოტეკებზე იყენებენ. ეს უკვე ნარკოტიკული პრეპარატია. ოპიატების დროს მდგომარეობიდან გამოსაყვანად ვიყენებთ “ნარკანს”, იგივე “ნალოქსონს”, მაგრამ “ბაკლოსანით” მოწამლული პაციენტი “ნალოქსონით” მდგომარეობიდან ვერ გამოდის და ის გინდა გაგიკეთებია და გინდა არა. “ბაკლოსანის” დროს გუგები საშინლად არის გაფართოებული, რასაც სამედიცინო ენაზე “მიდრიაზს” ვეძახით. Eეს ნიშნავს, რომ ყველა კუნთი არის მოდუნებული. ასევე გავრცელებული არის მეორე უბედურება, რომელიც ჩაის მაგვარი ნივთიერებაა და ქვია “ბიო”. არც ის არის აკრძალული და მისი მოწევის გამოც კლინიკაში ხშირად ხვდებიან ახალგაზრდები. ეს არის იგივე ნივთიერება, რასაც შეიცავს ოპიატები ანუ ნარკოტიკები. ნარკოტიკი აკრძალულია, ეს კი არის ლეგალური ნარკოტიკი, რომელიც ძალიან იოლად არის ხელმისაწვდომი და მასზე არიან გადართული არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ასაკოვანი ადამიანებიც. Eმისი მოწევა კონკრეტულ მომენტში სიკვდილს არ იწვევს, მაგრამ ყოველი მიღებისას, ფსიქომოტორული აგზნების დროს, თავის ტვინში ზიანდება ნერვული უჯრედები, რაც თავის ტვინის დეგრადაციამდე მიდის, თრგუნავს თავის ტვინის ცენტრს და აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში დგება სიკვდილიც. კვირაში ერხელაც რომ მოწიოს ადამიანმა ეს პრეპარატი, დაახლოებით რამდენიმე თვეში შეიძლება დადგეს ფატალური შედეგი. ასეთი შემთხვევებიც ბევრია.
ფსიქომოტორული აგზნების დროს უამრავ ტრამვას იღებს პაციენტი, რადგან ის არის დეზორიენტირებული _ ეცემა ძირს, ეხეთქება კედლებს, ორიენტაცია არ აქვს და ა.შ. ასევე ხდება სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა _ ვერ სუნთქავს და ამ დროს თან ეწყება ღებინების აქტიც. დიდი ალბათობაა, რომ ნერწყვი გადავიდეს ბრონქებში და ადამიანი მოიხრჩოს. ასეთი შემთხვევებიც ხშირია. “ბიოპლანის” გამოყენება 2013 წლიდან არის დაფისირებილი. კლინიკებში, ასეთი მდგომარეობით სასწრაფოს უამრავი პაციენტი ჰყავს მიყვანილი. რაც შეეხება “ბაკლოსანს”, ის უკვე ორი წელია აქტუალური. უფრო ადრე იყო ე.წ. “კრაკადილი”, მაგრამ ის სიკვდილიანობას არ იწვევდა, მისი სედეგი იყო სისხლძარღვების ათროფია, ანუ სისხლძარღვების კვდომა. სადაც ამ ნემსს იკეთებდნენ, იმ მიდამოებში იწყებოდა ლპობა, შემდეგ კი ატროფია და ის უბანი მოსაკვეთი ხდებოდა. “ვინტიც” იგივეა, რადგან ისიც ქიმურ ნივთიერება “კროტზე” მზადდება, მაგრამ “ბაკლოსანი” და “ბიოპლანი” მასზე მეტად არის საშიში. წესით ის აკრძალული უნდა იყოს, მაგრამ მისი აკრძალვა ასეთი შედეგების მიუხედავად, ჯერ არ მომხდარა. მსოფლიოშიც არ არის “მიორელაქსანტი” აკრძალული და არა მგონია აქაც რომ აკრძალონ. ისე, ზოგჯერ “დიმედროლითაც” კაიფობენ და იღებენ სიამოვნებას. რაც შეეხება “ბიოპლანს”, როგორც ვიცი მის აკრძალვაზე სერიოზულად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ნარკომაფიის მოგონილია ეს ყველაფერი. “ბიოპლანს” საოცრად მიმზიდველი შეფუთვაც აქვს.
ყველა კლინიკას აქვს “ემერჯენსი”, სადაც არის მიმღები-გადაუდებელი დახმარების განყოფილება და ძირითადად იქ ეხმარებიან ასეთ პაციენტებს. სასწრაფო კი მხოლოდ გადასხმას უკეთებს, დეტოქსიკაცია, ტოქსინის მოქმედების სესუსტება რომ გამოიწვიოს. ამ პრეპარატის საწინააღმდეგო ანტიდოტე ჯერ-ჯერობით არ არსებობს და რაც ცხადია პრობლემას ართულებს. 2012 წლის მონაცემებით, თუ ერთ კვირაში, კლინიკაში “ბიოთი” მოწამლული მხოლოდ ორი პაციენტი იწვა, 2013 წელს ერთ კვირაში 7-8 პაციენტი წევს. არ გადის დღე, რომ “ბიოპლანით” ან “ბაკლოსანით” მოწამლული ახალგაზრდა არ მოიყვანონ. ისინი ხომ თავადაც ხედავენ რა ემართებათ ვინც ამას ეწევა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, რომ წინა დღეს თუ სტაციონარში მეგობრის სანახავად იყო მოსული, მეორე დღეს უკვე ის მოყავთ.
_ ასეთ მდგომარეობაში მათ დანაშაულის ჩადენა შეუძლიათ?
_ არ შეუძლიათ მიზანმიმართული მოქმედება და ცხადია არც ის ზალუძთ, რაიმე აიღონ და ვინმეს დაარტყან. სხვაზე თავდახსმა გამორიცხულია, იგი მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს და სპობს. ეტყობა ამ ნივთიერებების გავრცელების მიზანიც ეს არის _ ახალგაზრდობის განადგურება და ეს უნდა მათაც გაიგონ.
_ ეს პრეპარატები დამოკიდებულს ხდის მათ?
_ დიახ ხდის. ერთხელაც რომ მოწიოს “ბიო”, ორგანიზმი მასზე დამოკიდებულებას მაშინვე ავლენს. ფსიქოლოგიურადაც ხდება დამოკიდებილი, რასაც მედიცინაში აფტინენციის სინდრომს ვეძახით. ვინც ამ ნივთიერებებს ხშირად მოიხმარს, დეპრესიულნი ხდებიან და სუიციდის მიმართაც აქვთ მიდრეკილება. ამ ბოლო დროს სასწრაფოს ძალიან ხშირად იძახებენ ნევროზებზე ახალგაზრდა მამაკაცებთან, რისი მიზეზიც, 99 პროცენტი სწორედ ასეთი მედიკამენტებია. ახალგაზრდობას გადაგვარება, განადგურება და საკუთარ წრეში ჩათრევა, ახლა ამით დაუწყო. ძალიან ცუდი სტატისტიკა უნდა გითხრათ, მაგრამ დასამალიც არაფერია. ყოველი მეორე ახალგაზრდა ბიჭი 18-დან 35 წლამდე არის დეპრესიული, ფსიქოზით დაავადებული და მათ ადვილადაც ეტყობათ, რომ ამ მედიკამენტებზე არიან დამოკიდებულნი. სახეზეც ემჩნევათ ამ გადაგვარების კვალი _ ასთენიკური სიგამხდრე, თვალების ჩავარდნა, დეპრესიული ხასიათი და ა.შ.
ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობის შემყურე, ხელისუფლება დამშვიდებული არ უნდა იყოს და არ უნდა ელოდებოდეს, როგორ გაუნადგურდება ქვეყანას საკუთარი გენოფონდი. აპირებენ თუ არა ე.წ. ლეგალური ნარკოტიკის აკრძალვას, ან აფთიაქებში მისი თავისუფლად გაყიდვა როდის შეწყდება, ამაზე “პრემიერი” თავდაპირველად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, გუგული მაღრაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ეს საკითხი არც პარლამანტში და არც კომიტეტზე ცალკე არ განიხილებოდა. “2 თვის წინ, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ნარკოპოლიტიკაზე. მასში ჩვენგან კობა დავითაშვილი იყო ჩართული, მაგრამ ის ჩვენი გუნდიდან წავიდა. მაშინ ჩავთვალეთ, რომ ერთად უნდა შემუშავებილიყო კანოპროპექტი და გაგვეტანა პარლამენტზე, ახლა კი ვერაფერს გეტყვითო.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით,Gგავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო პრეპატატები 3 ჯგუფად იყოფა: მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებილები (მათ შორის ნარკოტიკული და ფსიქოტროპულები), წამლები, რომლის ურეცეპტოდ გაცემამ შესაძლებელია პაციენტს საფრთხე შეუქნას და თავისუფალ გაყიდვაში არსებული ვიტამინები და ტკივილგამაყუჩებლები. მინისტრმა აღიარა, რომ მოქმედი რეგულაციებით, მეორე ჯგუფი სრულიად არ რეგულირდებოდა, რამაც განავითარა და ააყვავა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია, ამიტომ ცვლილებები მეორე ჯგუფს აუცილებლად შეეხებაო.
“პრემიერი” თვალს მიადევნებს როგორ და როდის შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტრო ამ დაპირებას.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“, 6-12 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |