

|
გაზეთ “პრემიერს” ესაუბრა ფილოლოგიის დოქტორი საბა მეტრეველი:
_ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თითქოს სინანული გამოთქვა ზოგჯერ იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, არცთუ სიღრმისეული მიდგომების გამო, რომლებიც განათლების სისტემაში ჰქონდა მის ხელისუფლებას. თქვენი აზრით, დაგვიანებული ხომ არ იყო სააკაშვილის სინანული?
_ სააკაშვილს ახლა გაახსენდა განათლება და მეცნიერება?! მისმა ხელისუფლებამ 2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააუქმა მრავალი სამეცნიერო უჯრედი, მათ შორის, ფიზიკისა და ქიმიის ფაკულტეტების სამეცნიერო ლაბორატორიები და 1600-მდე მეცნიერი თანამშრომელი ქუჩაში გაყარა; დახურეს ილიას, აკაკის, ივანე ჯავახიშვილის, გალაკტიონის, კონსტანტინე გამსახურდიას... კაბინეტები; სასტიკად დაარბიეს მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭირო არაერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, კერძოდ:
• მისთვის სპეციალურად აგებული შენობიდან გამოაძევა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი;
• ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ქალაქის ლაბორატორიას წაართვეს მისთვის აშენებული შენობა, ხოლო ობსერვატორიის უნიკალური კომპლექსი ყანობილის მთაზე, ფაქტობრივად, ტურისტულ ბაზად აქციეს;
• გააუქმეს დ. უზნაძის ფსიქოლოგიისა და ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტები...
და ეს ვერაგობა ახლა მოინანია “სინანულით გაცრეცილმა” პრეზიდენტმა?! რომელ სინანულზეა საუბარი? ვის უსმენდა, ვისი სჯეროდა მის აღვირახსნილ ხელისუფლებას: მეცნიერების პროტესტს უგდებდნენ ყურს თუ უნივერსიტეტში გამოკეტილ პროფესორ-მასწავლებლებს დაუჯერეს?!. გაუაზრებელი იყო მთლიანად ნაციონალების მიდგომა მეცნიერების მიმართ, რადგან ჯერ კიდევ 7 წლის წინათ მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურას დაქვემდებარებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადასცეს. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ შეარყიეს აკადემიის სტრუქტურა, დაშალეს მისი ინსტიტუტები და დაიწყეს მიზანმიმართული პოლიტიკა ნგრევისა. მას შემდეგ, წესით, განათლების სამინისტროს უნდა ეზრუნა მეცნიერების განვითარებაზე, მაგრამ ვინმეს საქართველოში ახსოვს მინისტრის რომელიმე გამოსვლა და სერიოზული საუბარი მეცნიერებაში არსებულ პრობლემებზე ან ნოვაციებზე? და იცით რატომ? _ 3 ათასამდე მეცნიერია საქართველოშიო და ეგ ციფრი სერიოზულ ელექტორატს არ წარმოადგენს, ამიტომ დაიკიდეს ფეხებზე მეცნიერებაცა და მეცნიერიც.
_ მუდმივად წერდით იმის შესახებ, რომ ქართული მეცნიერება აპოკალიფსურ ფაზაშია, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევდა განათლებასა და კულტურას ქვეყანაში... გავიდა დრო, შეიცვალა ხელისუფლება, წავიდა ძველი და მოვიდა ახალი. ამ ფონზე რა ცვლილებებია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ცხოვრებაში? დაგეტყოთ ახალი ხელისუფლების ხელი?
_ დღესაც ამ საქმეთა აღმასრულებელი სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ ვართ! ახლაც, ახალ პოლიტიკურ რეალობაში, ისევ ინერციით მივდივართ, ისევ ჯადოსნურ წრეში ვტრიალებთ: ყველა მინისტრს ავიწყდება, რომ სამინისტროს, რომელსაც ხელმძღვანელობს, მხოლოდ განათლების არ ეწოდება და ტრაფარეტში “მეცნიერებაც” უწერია. როგორც აქამდე ვიყავით ჩვეულნი, საუბრობენ იმაზე, როგორ ზრუნავენ მასწავლებელთა კეთილდღეობაზე, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამ მიზნით ზოგიერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე და არც ახსენდებათ ღვთის ანაბარა მიტოვებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.
_ რა ხდება, სამინისტროს არ ესმის მეცნიერების დანიშნულება თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
_ ძნელი სათქმელია, ვის რა ესმის დღევანდელ საქართველოში! მე ფაქტებით ვსაუბრობ. ჯერჯერობით სამინისტროს პოლიტიკა, დამოკიდებულება და მიდგომა მეცნიერების მიმართ გვაფიქრებინებს იმას, რომ ის მზად არ არის, გააზრებული პოლიტიკა ჰქონდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგის მიმართ. შესაძლოა, მართვის რესურსები არ ჰყოფნით! ყველაფერზეა საუბარი, გარდა მეცნიერებისა! ამიტომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა ჩამოერთვას მეცნიერების სახელი, რადგან არასდროს, თავისი ფუნქციონირების არც ერთ ეტაპზე მას შემდეგ, რაც მის ტიტულატურაში შევიდა სიტყვა “მეცნიერება”, არ უფიქრია და არ უზრუნია ქვეყანაში არც მეცნიერების განვითარებასა და არც მეცნიერთა ბედზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, სამწუხარო რეალობა ინერციით გრძელდება. დავიღალეთ ამდენი ოცნებით და ლოდინით! განათლებისა და მეცნიერების მინისტრის რომელი გამოსვლა გახსენდებათ, მეცნიერებაში დაგეგმილ ნოვაციაზე რომ საუბრობდეს. როგორც ჩანს, არც სახელმწიფოსა და არც ამ სამინისტროს ჯერ კიდევ არ სჭირდება მეცნიერება.
_ თუმცა არსებობდა გია დვალის განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიაც
_ დიახ, რომელმაც არაჩვეულებრივი დოკუმენტი დადო განათლებისა და მეცნიერების განსავითარებლად, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით ყველაფერი შეჩერებულია. მთავარია, ხელისუფალს ესმოდეს, რომ მეცნიერება, განათლება, ზოგადად კვლევები, უნდა გახდეს ქვეყნის პრიორიტეტი. შემაშფოთებელია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრებზე არასდროს არავის ერთი კითხვაც არ დაუსვამს მეცნიერების, თუნდაც დვალის კონცეფციის ბედის შესახებ. ჩვენ ხომ მხოლოდ პოლიტიკური ისტერიკა გვჭირს და ყველას ფეხზე გვკიდია განათლება, მეცნიერება, პრიორიტეტები, განვითარების კონცეფცია, არსი, ბაზისი, ფუნდამენტი ქვეყნისა და მომავლისა. იმდენად უინტერესო თემაა მეცნიერებაზე საუბარი ყველასთვის, რომ არც ერთ ტელევიზიას, არც ერთ ბეჭდვით ორგანოს დღის თემად არ უქცევია (გჰნ იყო პირველი, რომელმაც ეროვნულ სატკივრად მიიღო მეცნიერების ბედი ქვეყანაში), უფრო მეტიც, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის რომელი კანდიდატი გაგახსენდებათ, ქვეყანაში მეცნიერების ბედზე ერთი სიტყვა მაინც რომ ეთქვა თუნდაც პიარისთვის?!
_ მაშინ ვინ უნდა იზრუნოს მეცნიერების განვითარებაზე, თუ ის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოვა?
_ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ჰყავს ახალი პრეზიდენტი _ გიორგი კვესიტაძე. სხვათა შორის, დიდი ხანია აკადემიის პრეზიდიუმი დუმს და ნელთბილ პოლიტიკას ატარებს. როგორც იტყვიან, არც მწვადს წვავს და არც _ შამფურს! იმას, რაც თავის დროზე სახელმწიფომ მეცნიერებისთვის გააკეთა, პრეზიდიუმის მწვავე პროტესტი არ მოჰყოლია. ბუნებრივია, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერებს ბევრი პრეტენზია აქვთ მის მიმართ. ბოლო დროს ისევ დაისვა საკითხი ინსტიტუტების მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში დაბრუნების შესახებ, თუმცა არსებობს სხვა შეხედულებაც. იმედი მაქვს, მეცნიერებათა აკადემიის ახალი პრეზიდენტი ნაკლებ კომფორმისტი აღმოჩნდება, გაატარებს პრინციპულ ზომებს რეალური სურათის შესაცვლელად. ჩამოგვაშორეთ განათლების სამინისტროს, მას ჩვენთვის არასდროს ეცალა!
_ თავის დროზე თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც მხარი დაუჭირეთ ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას, მაშინ თქვენს ქართულ ოცნებებზეც საუბრობდით, მერე კი “ქართულ ოცნებასთან” არსებული მეცნიერების თემატური ჯგუფის წევრიც გახდით. აგიხდათ თუ არა რომელიმე ოცნება?
_ როცა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, წერილი გამოვაქვეყნე: “ჩემი ქართული ოცნება და რატომ ივანიშვილი?!” არ იყო ადვილი ამ ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ კი არა, რომ ჩემი ინსტიტუტის დირექტორი შურს იძიებდა ჩემზე, არა! საბედნიეროდ, მსგავსი რამ არასდროს მიგრძნია სამსახურში. საშიშროება სხვა მხრივ იდგა: შესაძლებელი იყო განათლების სამინისტროს დაეწყო ჩემი დევნა და შევიწროება, მაგრამ, რომ იტყვიან, გადავრჩი _ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ხელისუფლება აგონიაში ჩავარდა და მე არავის გავხსენებივარ! რაც შეეხება თემატურ ჯგუფებს, ყველა ერთი იდეით ვიყავით შთაგონებული, რომ გვეშველა იმ სფეროსთვის, რომელსაც წარმოვადგენდით. აფთიაქის სასწორის სიზუსტით ვზომავდით ყოველ სიტყვას, მისხალ-მისხალ ვაგროვებდით ყოველგვარ ინფორმაციას ჩვენს დარგში არსებული უმწვავესი საკითხების ირგვლივ. მაშინ ხმა დაარხიეს, ივანიშვილმა მაღალი ანაზღაურება დაუნიშნა მის კარს მისეულ ხალხსო. ესეც ნაციონალების ბოდვა-დემაგოგია იყო, სინამდვილეში, გზის ფულიც არავის გადაუხდია ჩვენთვის, რადგან ხელისუფლება გააფთრებული ებრძოდა “ქართულ ოცნებასაც” და ყველაფერს მასთან დაკავშირებულს. ყველა ჯგუფმა, და მათ შორის მეცნიერების ჯგუფმაც, დადო დოკუმენტი, რომელშიც ასახული იყო დარგში შექმნილი მდგომარეობა და პრობლემათა გადაჭრის გზები. ჩვენი ეს ნაშრომი საფუძვლად დაედო საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” პროგრამას (გადამუშავებული ვარიანტით). ჯგუფის წევრები დავიშალეთ. აღარავის გავხსენებივართ, მადლობაც კი არ უთქვამთ ჩვენთვის, რისკების მიუხედავად, ასეთი მონდომებით რომ ვაკეთებდით, ჩვენი აზრით, საჭირო საქმეს. მეცნიერების ჯგუფს იმით გაუმართლა, რომ ბატონი ვანო კიღურაძე, რომელიც ჩვენი ჯგუფის წევრი იყო, პარლამენტარი გახდა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. მიუხედავად ამისა, დღემდე არაფერი შეცვლილა, ისევ 160-ლარიანი ხელფასი აქვს ქართველ მეცნიერს საქართველოში. ამბობენ, იანვრიდან ბიუჯეტი გაგეზრდებათო, თუმცა ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე ხელი არ მიმიწვდება და, სხვათა შორის, სამინისტრო ისევ დუმს, თუმცა აღარ მიკვირს, ამ ქვეყანაში მხოლოდ მასწავლებლებზე საუბრობენ! ჩვენ ისევ ოცნებით და იმედით ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ლაშა ნოდია, გაზეთი „პრემიერი“, 6-12 ნოემბერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |