|
“პრემიერი” ესაუბრა ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილს.
_ საქართველოს ეკონომიკა ისევ დამუხრუჭებულია. 3 კვარტალის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი ნავარაუდევზე ბევრად ნაკლებია. 2 თვე დარჩა წლის ბოლომდე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ან შესაძლებელია, რომ დამუხრუჭებული ეკონომიკა ორ თვეში დაიძრას?
_ ერთი რამ გასათვალისწინებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა სასურველი ტემპისგან შორსაა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება და არა კლების. ბუნებრივია, წლის ბოლომდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში სასწაულს არ უნდა ველოდეთ, მაგრამ ზრდის შეუქცევადობა არანაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია მომდევნო წლის ოპტიმისტურად დაგეგმისთვის.
_ წლევანდელი 2-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმა ჩავარდა, მთავრობა მთელ იმედებს 2014 წლის მეორე ნახევარზე ამყარებს. როგორც წესი, კაპიტალი მიისწრაფვის იქით, სადაც გამოყენების საუკეთესო პირობებია. იგულისხმება ჯანსაღი ბიზნესგარემო. რას უკავშირებთ კაპიტალის შემოდინების შემცირებას?
_ კაპიტალის შემოდინების შემცირების უმთავრეს ფაქტორად ბიზნესის პოლიტიკური გარემო მიმაჩნია. ვგულისხმობ იმას, რომ ბიზნესის პოლიტიკური გარემო არ იყო ქვეყანაში სტაბილური, უამრავი მიზეზის გამო. თუმცა, საინტერესოა ცალკეული ციფრების მიმოხილვა: რეალურად, 2012 წლის პირველივე კვარტალიდან იწყება ინვესტიციების კლება 2011 წელთან შედარებით. 2012 წლის პირველ კვარტალში, 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ინვესტიციები შემცირდა 81 მილიონ დოლარზე მეტი თანხით, 2012 წლის მეორე კვარტალში 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ინვესტიციები კიდევ 43.5 მილიონი დოლარით შემცირდა, 2012 წლის მეოთხე კვარტალში 2012 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კლება კვლავ გაგრძელდა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კიდევ თითქმის 19 მილიონი დოლარით შემცირდა. ჯამში, 2012 წლის სამი კვარტალის განმავლობაში 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 144 მილიონი დოლარით შემცირდა. ფაქტია ის, რომ ინვესტიციების შემცირების ტენდენცია დასრულდა მაშინ, როდესაც 2012 წლის მეოთხე კვარტალში 2012 წლის მესამე კვარტალთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 35 მილიონით გაიზარდა. მომდევნო წელს უფრო მეტად სტაბილური ბიზნესგარემოს არსებობის შემთხვევაში მოლოდინი, ცხადია, მეტია.
_ მთლიანი შიდა პროდუქტი სრულყოფილად არ ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ის შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ არ აისახებოდეს საზოგადოების ცხოვრების დონეზე. საზოგადოების ცხოვრების დონეზე სტატისტიკა ბევრს არაფერს გვეუბნება, თქვენი შეფასებით, 10-ქულიანი შკალიდან, რომელ შკალაზეა დღეს საზოგადოების ცხოვრების დონე?
_ ერთია ეკონომიკური ზრდა ციფრებში და მეორე რეალობა, რომელიც უკავშირდება შემოსავლების მეტ-ნაკლებად თანაბარ გადანაწილებას ქვეყანაში. დოვლათის არათანაბარი გადანაწილება ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და ამ მხრივ რეალობა საქართველოში მართლაც საგანგაშოა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ჯინის კოეფიციენტი ბოლო წლების განმავლობაში 40 პროცენტს აღემატება, მაგალითისთვის სკანდინავიის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 25 პროცენტია. სომხეთსა და აზერბაიჯანში უთანასწორობის მაჩვენებელი, ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველოზე ბევრად დაბალია, სომხეთში ჯინის კოეფიციენტი 30 პროცენტზე ოდნავ მეტია, ხოლო აზერბაიჯანში დაახლოებით 17 პროცენტამდეა. ბულგარეთში ეს მაჩვენებელი 28 პროცენტია, ბელორუსში 27 პროცენტს არ აღემატება.
_ სხვა უამრავ დაპირებასთან ერთად, უმუშევრობის დაძლევა ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, მცდელობაც კი არ ყოფილა. არანაირი გეგმა ამისთვის მთავრობას არ გამოუქვეყნებია. ამას მოჰყვა სავალუტო ფონდის პროგნოზი, რამაც საქართველოს მთავრობა “გააბრაზა”. თქვენი აზრით, რატომ გაბრაზდა მთავრობა, სიმართლე რომ მტკივნეულია თუ, უბრალოდ, გაბრაზების გარდა სხვა აღარაფერი დარჩენოდათ?
_ უმუშევრობა მართლაც სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში. თუმცა, მგონია, რომ უმუშევრობის დაძლევის გზა რეალურად გადის არა ცალკეულ სამთავრობო პრობლემებზე, არამედ ბიზნესის განვითარებაზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკურ აქტივობაზე. შესაბამისად, მგონია, რომ მთავრობამ უპირატესად ნაბიჯები უნდა გადადგას ბიზნესგარემოს სტაბილურის, გაჯანსაღების მიმართულებით, რაც ავტომატურად უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ფაქტია, რომ მოსახლეობისთვის ნომერ პირველი პრობლემა უმუშევრობაა. თუმცა, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების კუთხით რეალურად ზრდაა და არა შემცირება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: 2013 წლის ორი კვარტალის მაჩვენებლების მიხედვით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს აღემატება.
_ საუბრობენ, რომ ბიზნესი განთავისუფლდა და მონოპოლიები აღარ არის. თუმცა ამ 1 წლის განმავლობაში საბანკო, ფარმაცევტულ თუ ნავთობის ბიზნესში ახალი მოთამაშე არ გამოჩენილა. თუ აქამდე ამ ბაზარზე მოთამაშე ყველა კომპანიაზე ამბობდნენ, რომ იყვნენ მონოპოლისტები და ბაზარზე არავის უშვებდნენ, ახლა რა ხდება?
_ ბუნებრივია, კითხვები არის იმასთან დაკავშირებით, რატომ არ მოხდა ცალკეულ პროდუქციაზე, რომლებიც მონოპოლიების მიერ მოწოდებულად იქნა დაანონსებული, ფასების შემცირება. თუმცა, მე მგონია, რომ პრობლემა უფრო მეტად კომპლექსურია. თავად ის ფაქტი, რომ მცირე ბიზნესის წილი ქვეყანაში ძალიან დაბალია, სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს ბაზრის კონკურენტულობის მიმართულებით. მცირე და საშუალო საწარმოების წილის მაღალ მაჩვენებელს ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ დროს, როდესაც ვსაუბრობთ თავისუფალ და კონკურენტულ საბაზრო სისტემაზე უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული სისტემის მთავარი საზომი ბაზარზე ბიზნესსუბიექტების დაუბრკოლებელი მოძრაობაა. თუმცა, იმ დროს, როდესაც ვხედავთ, რომ რეალურად მცირე და საშუალო საწარმოების წილი ეკონომიკაში ძალიან მცირე, ხოლო მსხვილი საწარმოების დომინირება ძალიან მაღალია, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა კონკურენტულ ბაზართან, არამედ მონოპოლიურ და ოლიგოპოლიურ საბაზრო სისტემასთან. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, ბრუნვის მიხედვით, 20 პროცენტზე ნაკლებია, შედარებისთვის, “SME პოლიტიკის ინდექსი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები 2012“ მიხედვით, უკრაინაში ანალოგიური მაჩვენებელი 50 პროცენტზე მეტია, სომხეთში SME-ის წილი მთლიან შიდა პროდუქტში _ 42 პროცენტს, ხოლო მოლდოვაში ეს მაჩვენებელი 28 პროცენტს აღემატება, 20 პროცენტია მცირე და საშუალო საწარმოების წილი ბელორუსის მთლიან შიდა პროდუქტში. ფაქტია, რომ საქართველოში, ამ მხრივ, საკმაოდ საგანგაშო სიტუაციაა.
ლაშა ნოდია, გაზეთი „პრემიერი“, 6-12 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |