|
საავტორო გვერდი
იმ თემას, რომელსაც ახლა უნდა შევეხო, ადრეც მინდოდა გამოვხმაურებოდი, მაგრამ ჩემი პერსონის მიმართ პრემიერ-მინისტრის PR-გარემოცვის ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური დამოკიდებულების გამო, რომლის მიზეზებსაც დღემდე ვერ ჩავწვდი, თავი ავარიდე. ცხადი იყო, რომ ეს ადამიანები ისევ არასწორად მოახდენდნენ ამ ყველაფრის ინტერპრეტირებას და ქველმოქმედი ივანიშვილი იტყოდა, - მართლა რა უმადური ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაშიო. არც იმას დავმალავ, რომ მოვერიდე სხვა ნეგატიურ გამოვლინებებსაც, მაგრამ, რადგან ჩემზე ზემოქმედებისთვის ზოგიერთმა სახელისუფლებო ამებამ შური ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნით იძია, მართლაც რომ გამეღიმა. ასეთი რამ სააკაშვილსაც არ უკადრებია მაშინ, როდესაც “მიშა, წადის” ვყვიროდი და მის გუნდში ჯერაც ირიცხებოდა ახლა “ოცნებაახდენილი” არაერთი ლიდერი. ჩემთვის ყოველთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლება თავისი შინაარსით არ იცვლება, იცვლებიან ხელისუფლების სამიზნე სუბიექტები. მაგრამ ეს არ არის ახლა მთავარი. მთავარია ის, რაც ქვემოთ უნდა ვთქვა _ ივანიშვილის არამართლზომიერი ქველმოქმედება.
ვიღაც შემომედავება და იტყვის, ფული მისია და ვისაც უნდა, იმას მისცემსო. კი, ასეა და ვეთანხმები, რომ არა ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოება. ივანიშვილი ათასობით ადამიანს უხდის თანხას ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებისთვის _ ოლიმპიელებს, ჩემპიონებს, დამსახურებულ არტისტებსა და მოღვაწეებს, მეცნიერებსა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მისთვის ამის გამო მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. სხვა რომ არაფერი, ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომლებმაც ევგენი ხარაძეს ლამის შიმშილით ამოვხადეთ სული; ის ხალხი ვართ, რომლებმაც არაერთი მეცნიერი ვაიძულეთ, მისთვის სანუკვარი ნივთები მშრალ ხიდზე გაეტანა გასაყიდად; ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც დასაფასებელ ადამიანებსაც პროტექციით ვაფასებთ ხოლმე. ამ პირობებში ის, რასაც ივანიშვილი აკეთებდა და აკეთებს, მართლაც რომ დასაფასებელია, მაგრამ? ერთეულების გარდა, მითხარით იმ ადამიანებში, რომლებსაც ივანიშვილი ყოველთვიურად ათასებს უხდის, რომელი იყო ქვეყნისგან დაუფასებელი? ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან რომელი არ იდგა საზოგადოების სხვა რიგით წევრზე მაღლა? ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მათ ჰქონდათ პრივილეგიები, უფასო ბინები, მანქანები, აგარაკები, სტიპენდიები. შემდგომ, როდესაც ქვეყანა აირია, ვის უფრო გაუჭირდა _ მათ თუ იმათ, ვისაც არც არაფერი ჰქონდათ? ამ ადამიანებს სწორედ ძველი შეღავათებიდან დოვლათიც, გავლენაც და ქონებაც შეინარჩუნეს და გააათმაგეს. საკუთარი დამსახურებების გამო კი მათი უმრავლესობისთვის ნებისმიერი კარი მუდამ ღია იყო.
ღმერთმა დამიფაროს ყველა ერთ ქვაბში მოვხარშო, მაგრამ ისინი ხომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ გაუმართავთ ხელი გაჭირვებული ან გნებავთ მშიერი მეზობლისა თუ ახლო ნათესავისთვის? 2012 წლის ბოლომდე საწყალობელი პოზით დადიოდნენ ვითომ მშიერ-მწყურვალნი. მერე აღმოჩნდა, რომ პეტრეს, პავლეს, ივანეს, კარის გაჭირვებული მეზობელი რომ კვირაში ერთხელ ოჯახში გამომცხვარ ხაჭაპურს, მომზადებულ ხარჩოსა თუ ღომს აწვდიდა, სულაც არ შიოდა. შესაძლოა, ისეთი სურათიც კი წარმოვიდგინოთ, რომ ზოგიერთი მათგანი ამ გულით მორთმეულს უმალ ნაგვის ურნაში გადაუძახებდა.
ერთხელ კახი კავსაძემ თქვა, ბიძინა ივანიშვილმა მაჩუქა სიცოცხლეო. შეუძლებელია ბატონი კახი მისი მადლიერი არ იყოს და ასეთი სახის თანადგომა მართლაც რომ კაცურია და მადლობა ქველმოქმედ ივანიშვილს იმისთვის, რომ ბატონი კახი და არაერთი ადამიანი ჩვენ გვერდით საღ-სალამათი და ჯანმრთელი დაიარება. მაგრამ პრივილეგირებულთათვის პრივილეგიების დაწესება არ არის სწორი საქციელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფული მისია და უნდა ქეთოს მისცემს და უნდა კოტეს.
***
ამას წინათ ერთი ცნობილი მეცნიერი შემხვდა. მოვიკითხე დიდი მოწიწებით. რამდენიმე ხნის წინ მეუღლე გარდაცვლოდა და მივუსამძიმრე. მითხრა, რომ დღეში 20 საათი მუშაობს დაკრძალვის ვალების გასასტუმრებლად. ალალად ვკითხე, _ თქვენ არ გეხმარებათ ივანიშვილი?
_ არა, როგორ გეკადრებათ, რა მჭირს სხვისი დასახმარებელი?
_ ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც თქვენისთანა ამაგი ჰქონდეს ქვეყანაზე?
_ გადაჭარბებულია თქვენი შეფასება, _ მიპასუხა და დასძინა, _ ასეც რომ იყოს, ივანიშვილი რა შუაშია, მაშინ ქვეყანამ უნდა დაგაფასოს.
_ ჰო, მაგრამ თუ ქვეყანას უჭირს?
_ თუ ქვეყანას უჭირს, მაშინ მეც ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც მისი ნებისმიერ მოქალაქე და ზოგადად ქვეყანა ცხოვრობს.
ქვის ლოგიკაა, მორალური, ზნეობრივი. მართალია, ვიღაცისთვის, ალბათ, იდეალისტური, მაგრამ სწორედ ასეთი იდეალისტი ადამიანები ქმნიან ერისა თუ ხალხის ღირებულებებს.
***
და მაინც, რას ვერჩი ივანიშვილს?
ბატონო ბიძინა, როგორ ფიქროთ, მილიონების რომ ხარჯავთ წლიდან წლამდე პრივილეგირებულთა პრივილეგიებზე, მაგის მეათედი რომ დაგეხარჯათ ყოველ წელს ქართველი ახალგაზრდების სწავლა-განათლებაზე, მათი იდეებისა და ნოვაციების წახალისებაზე, უშრეტ ენერგიაზე, რომელიც სწორედ რომ ახალ თაობის ექსკლუზიური კუთვნილებაა _ არ გაგიადვილდებოდათ ქვეყნის მართვა? ხომ არ გექნებოდათ სასაყვედურო თქვენი უმრავლესობის უმრავლესობისთვის, რომელთაც დღემდე ვერ გაურკვევით, რატომ სჭირდება კანონპროექტს სამი მოსმენა, სხვა მათ უფლება-მოვალეობებზე რომ არაფერი ვთქვა? ხომ უფრო საინტერესო გახდებოდა საზოგადოებრივ სექტორში მოღვაწეობა, როდესაც გვერდზე გონიერი ადამიანები გეყოლებოდნენ, რომელთათვისაც პრიორიტეტი იდეა იქნებოდა და არა ფული? ისე, რატომ მიგაჩნიათ რეკომენდაციების გაცემა და ანალიზი მოღვაწეობად, გაუგებარია. თუმცა, ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, როგორ შევწვდებით ძლიერთა ფიქრებსა და აზრებს.
ირონია იქით იყოს და მართლაც, ერთი ხელის თითებზე დაეტევა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც მორალური მომენტების გათვალისწინებით უარი თქვეს ბიძინა ივანიშვილის გულწრფელ თანადგომაზე. მაგრამ კარგად გაიხსენონ იმ ადამიანებმა, რომლებიც წლებია, ივანიშვილის პრივილეგიებით სარგებლობენ, დააფასა თუ არა ისინი თავის დროზე ქართველმა ხალხმა, ქართველმა გადასახადის გადამხდელმა და საქართველოს მთავრობამ, იმის მიუხედავად, ვინ და რომელი პარტია მართავდა ამ ქვეყანას? მათ შორისაც თითებზე იქნებიან ჩამოსათვლელნი ისეთი ადამიანები, რომლებსაც შესაბამისი პატივი არ რგებიათ და მაშინ რატომ? რატომ ცდილობს ნებისმიერი “დახმარებული” მილიარდერისთვის ფულის გამოძალვას? ეს ხომ რეალურად გამოძალვაა და ივანიშვილის კეთილი ნება აქ მხოლოდ მის ღირსებაზე საუბრობს და არა “სტიპენდიატთა” მორალურ სტანდარტზე? რომ არ ჰყოლოდა ქვეყანას ივანიშვილისთანა მეცენატი, მაშინ? ა, ჰყავს და რატომაც არა? მაგრამ ივანიშვილის მიერ გაღებული მადლი ანალოგიური მადლით თუ შეუმოსავს “პრემირებულთა” უმეტესობას?
“სად მაქვს ფული, დათა ბატონო...”, გახსოვთ, ბატონო ბიძინა, “დათა თუთაშხიას” ეს ზნედაცემული პერსონაჟი? ჰო, ასეთები ვართ ადამიანები, ვიღაც კლავს, ვიღაც ნამუსს აგირავებს, ვიღაც ღირსებას ყიდის, ვიღაც იფერებს... მაგრამ თქვენიც მესმის, კარგად მესმის... თქვენც კარგად იცით, ვისაც აცმევთ, იმათი უმეტესობა მზად არის, რომ გაგხადოთ თქვენ, ან სხვას... ასე რომ არ მოიქცეთ, არც იმის გარანტია არსებობს, რომ ან თქვენ ან, იმ სხვას მაინც ასცდეს გახდა.
და სწორედ აქ არის ამ ყველაფრის გასაღები _ რადგან ცხოვრება მაინც დილემაა, იქნებ საზოგადოებასაც ისე მოექცეთ, როგორც თქვენს შვილებს. განა მათში არ დებთ ყველაზე მეტ კაპიტალს? ჰოდა, ჩადეთ ეს ფული ახალგაზრდებსა და არა - პრივილეგირებულთა პრივილეგიებში, რომლებიც მაინც უმადურები არიან იმის გამო, რომ პეტრეს უფრო მეტს აძლევთ, ვიდრე პავლეს. კიდევ ერთხელ მოვიხდი ბოდიშს თქვენ მიერ დაფასებული მრავალიდან მხოლოდ ერთეულების წინაშე და ქედსაც მოვუდრეკ მათ, მართლაც რომ ამ ქვეყნის უდიდესი სიყვარულისა და გამოუვალ მდგომარეობაში ხელგაწვდილობისთვის. სხვებს კი როგორც ბონიას ისე, დათას სიტყვებით მივმართავ: “...ზოგს ჰგონია, სიყვარული მარტო ცოლ-შვილის, დედაკაცის, ფულისა და სუკის მწვადის შეიძლება. შენ რომ გიყურებ, ბონია, არც შენი მიცვალებულების სიყვარული გაქვს, არც შენი გოგოების და არც იმ შენი ძაბუნიასი, ძუკნა ძაღლს რომ დაამსგავსე, თვარა კაცის კვლაში ნაშოვნი ფულით არ დააპირებდი შენი მიცვალებულების სამარეზე ქვების დადებას, ცოლისთვის დარაიების ყიდვას, შვილებისთვის მზითვის გაწყობას. როცა სიყვარული არ გაქვს, ვერც კაცს მოკლავ მაშინ; სამშობლო თუ არ უყვარს ადამიანს, მტრად მოსულ კაცს ვერ მოკლავს ის... მაგრამ ეს ამბები შენისთანებისთვის ძნელი მისახვედრია, ბონია”.
დაბოლოს, ვიცი, კარგად ვიცი, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, უბრალოდ არ მჯერა იმ სიკეთისა და მადლის, რაოდენ ბევრი და დიდი არ უნდა იყოს რაოდენობრივად, რომელსაც თან თქვენი მოხელეების მიერ შურისძიების ნიშნად სხვა ადამიანებისთვის წართმეული ლუკმა ადგას შარავანდედად. და მე ნუ მეტყვით, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნითა და შეუთავსებლობით დევნა არ არსებობდა თქვენი პრემიერობის პერიოდში, ბატონო ქველმოქმედო. ეს უგვანობა მე არ მაზარალებს, იმიტომ რომ თქვენს მოხელეებსა და ჩემს შორის განსხვავება ისაა, რომ მე სამშობლო მიყვარს, მათ _ ფული, დიდება და ამისთვის მონობაზეც თანახმანი არიან. ჰოდა, თუ ისინი გირჩევენ პრივილეგირებულთა მეტი პრივილეგიებით დახუნძვლას, მე გირჩევთ _ ახალგაზრდებს მიხედეთ, ახალგაზრდებს!
გოჩა მირცხულავა, გაზეთი „პრემიერი“, 6-12 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |