|
პოლიციელს შესაძლოა, გამოსახლების უფლება შეეზღუდოს. შესაბამისი ცვლილება “სამოქალაქო კოდექსსა” და “პოლიციის შესახებ” კანონში შედის, რომლის ინიციატორი ფრაქცია “ქართული ოცნება _ მრეწველების” წევრი პაატა კიკნაველიძეა. კონკრეტულად რამ განაპირობა ცვლილება და როდის შევა ინიციატივა კანონიერ ძალაში? “პრემიერს” კანონპროექტის ავტორი პაატა კიკნაველიძე ესაუბრა.
_ ბატონო პაატა, უფრო დეტალურად რას ითვალისწინებს თქვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი?
_ შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს “სამოქალაქო კოდექსში” და “პოლიციის შესახებ” კანონში. თითოეულ მათგანში თითო-თითო ნორმა უქმდება, რომელიც პოლიციელისთვის გამოსახლების უფლებამოსილებას ითვალისწინებს. ამგვარი აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ მოქმედი ნორმა არც ერთ ქვეყანაში არც ერთ პოლიციელს არ გააჩნია და არც უნდა ჰქონდეს. სამოქალაქო ურთიერთობა იმიტომ არის სამოქალაქო ურთიერთობა, რომ ამ ფორმატში წარმოქმნილ დავებს სამოქალაქო სასამართლო იხილავს და არა პოლიციელი, პროკურორი. პოლიციელს გამოსახლების უფლება მიეცა 2007 წლიდან, მანამდე პოლიციელს ამგვარი უფლებამოსილება არ ჰქონია.
_ როგორც ვიცი, პოლიციელი გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს და რას ხედავთ ამაში უკანონოს?
_ მოქმედ კანონმდებლობაში პირდაპირ მითითებულია, რომ პოლიციელს შეუძლია, გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს. ეს გარემოება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან არსებობს, თუ სწორად მახსოვს, მე-20 მუხლი, რომლის მიხედვითაც არავის არ აქვს უფლება, შევიდეს სხვის მფლობელობაში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამიტომ მოქმედი ნორმა ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციასაც.
_ კანონპროექტი კანონად როდის იქცევა და საბოლოოდ როდის მოეხსნება პოლიციელს გამოსახლების უფლება?
_ ახალ წლამდე.
_ საპარლამენტო კომიტეტებში უკვე მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, თუ ჯერ არ დაწყებულა?
_ კი, კანონპროექტი კომიტეტებს უკვე გადაეცა და იურიდიული კომიტეტია წამყვანი რგოლი.
_ დეპუტატებმა თუ გამოთქვეს შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით?
_ ჯერჯერობით, შენიშვნები არ გამოუთქვამთ, თუმცა მათთან, ვისაც აღნიშნული საკითხი მეტ-ნაკლებად შეიძლებოდა შეხებოდა, კონსულტაციები გავიარეთ.
მირანდა ნაბახტეველი, გაზეთი „პრემიერი“, 6-12 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |