

|
საზოგადოებაში 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა - “მშვიდი არჩევნები”. ამავე დროს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თანხმდება, რომ 27-მა ოქტომბერმა მსოფლიო საზოგადოებას დაანახა, რომ საქართველო რჩება თავისუფალი სამყაროს წევრობის მსურველ სახელმწიფოდ. 27 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს კულტურის ექსმინისტრმა ნიკა რურუამ “პრემიერთან” საუბარში ქვეყნის პოლიტიკური მრწამსის თაობაზე მოწყობილი რეფერენდუმი უწოდა.
_ ბატონო ნიკა, პირადად თქვენთვის რით იყო გამორჩეული 27 ოქტომბრის არჩევნები?
_ 27 ოქტომბრის არჩევნები გამორჩეული, ალბათ, სიმშვიდით იყო.
_ თითოეული არჩევნები არის ერთგვარი გზავნილი არა მხოლოდ ისტორიულ მომავალში, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მარგველაშვილის არჩევით რა გზავნილი გაახმოვანა ქართველმა ამომრჩეველმა?
_ მარგველაშვილის გამარჯვებამ და მეორე ადგილზე ბაქრაძის გასვლამ დაადასტურა, რომ საქართველოს ამომრჩეველთა უდიდეს უმრავლესობას დასავლური კურსის შენარჩუნება უპირველეს პრიორიტეტად მიაჩნია. ეს ერთგვარი რეფერენდუმიც იყო ქვეყნის პოლიტიკური მრწამსის თაობაზე და საქართველო რჩება თავისუფალი სამყაროს წევრობის მსურველი.
_ “ნაციონალური მოძრაობისთვის” საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარი ტესტი იყო. რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით?
_ ახლა უკვე ოპოზიციაში გადასული “ნაციონალური მოძრაობა” ჯერჯერობით საქართველოში მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირდა.
_ მართალია, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად მცირდება, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს მარგველაშვილი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე?
_ შეიძლება ახალი კონსტიტუციის მიხედვით შეზღუდულია პრეზიდენტის პირდაპირი უფლება-მოვალეობები, მას, როგორც პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, აქვს დიდი ლეგიტიმურობა და მასზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი იქნება მისი წვლილი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. სხვა სიტყვებით, აქ პრეზიდენტის პიროვნულ თვისებებს ექნება გადამწყვეტი როლი _ თუ ახალი პრეზიდენტი პროაქტიური და მომთხოვნი იქნება, მაშინ მისი გავლენა მნიშვნელოვანი იქნება. თუ ის პასიური და დამყოლი იქნება, მაშინ მისი გავლენა მცირე იქნება, რასაც არ ვისურვებდი.
_ ქართული ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებზე არ მივიდა. რამ განაპირობა ეს გარემოება?
_ დაბალი აქტივობა, ალბათ, შედარებით დაბალი ემოციური ფონით აიხსნება, რაც შეიძლება ცუდიც არ იყოს, რადგანაც ეს სიძულვილისა და რადიკალიზმის მუხტს ასუსტებს, რაც საჭიროა დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტის _ კომპრომისის ხელოვნების ტრადიციის ჩამოყალიბებისთვის.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“ 30 ოქტომბერი -5 ნოემბერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |