![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“პრემიერი” ექსპერტ სოსო ცინცაძეს ესაუბრა:
_ ბატონო სოსო, დამთავრდა სააკაშვილის ეპოქა? ანაკლიაში მან თქვა, “კი არ დამთავრდა, ახლა იწყება, რაც იწყებაო”.
_ შეიძლება კიდეც დამთავრდა, თუმცა, ზოგადად, ეპოქის დასასრულზე საუბარი ძნელია, როდესაც საქმე გვაქვს ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოლიტიკოსთან. გარდა ამისა, საქართველოში შიდაპოლიტიკურად არამდგრადი, გაურკვეველი სიტუაციაა – დიდი გამოწვევებით, ძალზე მყიფე და არამდგრადი დემოკრატიით. ამიტომაც არ ვიჩქარებდი, დამესკვნა, რომ სააკაშვილის ეპოქა დამთავრდა. ეტაპი კი დამთავრდა ნამდვილად, თუმცა უახლოეს მომავალში სააკაშვილს, ჩემი აზრით, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, სწრაფად დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ხაზს ვუსვამ: განჭვრეტად მომავალში.
მაგრამ რა მოხდება, ვთქვათ, 10 წლის მერე, როდესაც სააკაშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკისთვის მეტად ახალგაზრდა ადამიანი იქნება, ამას დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის. ბოლოს და ბოლოს, ადენაუერი 73 წლის იყო, კანცლერი რომ გახდა. ამიტომ, სააკაშვილის მომავალზე პროგნოზების კეთება ჯერ ნაადრევია. ჩვენ ხომ ჯერ არ ვიცით, როგორ იმუშავებს ჩვენში საპარლამენტო რესპუბლიკა? ამით ჩვენთვის ძალზე უცხო სივრცეში გადავდივართ. ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან... საპარლამენტო რესპუბლიკა... ყველაფერი ეს ძალიან სერიოზული გამოწვევებია, ამიტომაც თავს შევიკავებდი რადიკალური და ერთმნიშვნელოვანი განცხადებებისგან. ვიმეორებ: სააკაშვილის მოღვაწეობის ეს ეტაპი დამთავრდა. მაგრამ რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ – ამაზე პროგნოზირება სარისკო საქმეა.
_ კი მაგრამ, ბატონო სოსო, ამ ხნის განმავლობაში თუ გაქრა სააკაშვილი, 10-15 წლის შემდეგ ვიღას ემახსოვრება? ანუ 10-15 წლის განმავლობაში ხომ რაღაც უნდა აკეთოს, რათა ხალხს არ დაავიწყდეს, თორემ 15 წლის შემდეგ შეიძლება ვეღარც იცნონ, – “ეს ვინღა არისო?”
_ კი, რაღაც, რასაკვირველია, უნდა აკეთოს – ალბათ, იქნება პოლიტიკაში, იქნება პარტიის ლიდერი... როგორც ჩანს, ეს პარტია არ გაქრება.
თუ მის წინააღმდეგ არ დაიწყო სასამართლო პროცესი, თუ მას ვერ დაუმტკიცდა ბრალდებები, რაც თითქოს უკვე მზადდება, მაშინ სულ სხვა რეალობა იქნება. 10 წელი რა არის? დე გოლი ზუსტად 10 წელი იყო ოპოზიციაში, სანამ ხელახლა დაბრუნდა ხელისუფლებაში. მერე რა, ასეთი რაღაცები პოლიტიკაშიც ხდება ხოლმე.
_ დე გოლი... ათათურქი... მიშას ძალიან უყვარდა მათთან შედარება... რით ჰგავდა ჩვენი პრეზიდენტი ამ მოღვაწეებს?
_ ვერ გეტყვით. ათათურქს სულ სხვა რეალობაში მოუწია ცხოვრება. ისევე, როგორც დე გოლს. დე გოლს ომის გმირის შარავანდედი მოჰყვებოდა თან. ის იყო ერთადერთ ფრანგი პოლიტიკოსი, რომელიც ბოლომდე იბრძოდა ჰიტლერის წინააღმდეგ. ათათურქის პიროვნება ცოტა საკამათოცაა. ათათურქი კომუნისტებმა და ლენინმა აქციეს ეროვნულ გმირად, თორემ ათათურქს დემოკრატიისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებია, რომ აღარაფერი ვთქვათ მეზობლებთან მის დამოკიდებულებაზე. ამიტომ ნუ შევადარებთ...
_ ჩვენ კი არ ვადარებთ, მიშა ედრებოდა ხოლმე, მიშა...
_ კი, ედრებოდა, მაგრამ ასე მეც შეიძლება შევედარო ჰენრი კისინჯერს, მაგრამ ვარ კისინჯერი (იცინის)? ეს უკვე პიროვნულ გემოვნებაზე მეტყველებს. მისი ნებაა – უნდა ათათურქს შეედრება, უნდა ჩინგიზ-ხანს და უნდა კეისარს. ეს ხომ ჩვენ არ გვავალდებულებს არაფერს?
_ წეღან საინტერესო ფრაზა ბრძანეთ: “საქართველო ბოლომდე რომ არ შედგა, როგორც სახელმწიფო, სწორედ ამიტომ, სააკაშვილის ეპოქა არ დამთავრდაო”. უჩვეულო კორელაციაა. ანუ სააკაშვილზე მოთხოვნა შეიძლება სწორედ იმიტომ არსებობდეს, რომ საქართველო ჯერაც “არშემდგარი სახელმწიფოა?”
_ იცით, რა? როგორც სახელმწიფო, საქართველო, რასაკვირველია, ასე თუ ისე შედგა. მე ვგულისხმობდი სტაბილურ, მყარ სახელმწიფოს, რომელსაც შიდა პოლიტიკაში არანაირი ტექტონიკური ძვრები არ ემუქრება. ჩვენ კი წინ დიდი რისკები გველის. კი, ყველა პოლიტიკოსი, ბუნებრივია, ოპტიმისტი უნდა იყოს და საერთოდ, ადამიანი უნდა იყოს ოპტიმისტი, მაგრამ გააჩნია, რა და როგორ მოხდება... თუ, როგორც ივანიშვილი გვპირდება, 2-3 წელიწადში დაეტყობა ცხოვრების დონეს სიახლეები, მაშინ დადასტურდება, რომ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” პერსპექტივა ამ მოლოდინების უკუპროპორციულია. თუ ეკონომიკა აღორძინდა და ხალხმა კარგად დაიწყო ცხოვრება, მაშინ მიშას, რასაკვირველია, ნაკლები შანსი ექნება. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სააკაშვილის “აქტივი” დღეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების “პასივია”.
ივანიშვილი კი ამბობს “ყველა დაპირება შევასრულეო”, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ახსენებენ დაპირებებს “კარტელურ შეთანხმებებთან” დაკავშირებით, ან “ანტიმონოპოლიური სამსახურის” დაფუძნების თაობაზე და ასე შემდეგ.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენში ეს პოზიცია-ოპოზიცია სულ სხვა “ანატომიაზეა” აგებული, ვიდრე დემოკრატიულ ქვეყნებში. “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება” არ მხოლოდ კონკურენტები არიან, არამედ მტრებიც. ხოლო მტერს მტრის ცუდი უხარია. არადა “იმის” ცუდი ქვეყნის ცუდია, ჩვენი გასაჭირია.
ამიტომაც ვამბობ, რომ ეტაპი დამთავრდა. ჩვენ ხომ უცბად გვავიწყდება კარგიც და ცუდიც. ხალხი ცუდსაც იოლად დაივიწყებს. 5-10 წლის შემდეგ არა მგონია, ვინმეს ახსოვდეს, რაც ცუდი ხდებოდა სააკაშვილის დროს. ჩვენ ხომ არ ვიცით, დაიკითხება თუ არა სააკაშვილი ჟვანიას მკვლელობის გამო. ამიტომაც ვერიდები პროგნოზებს.
_ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილი შეიძლება დაიჭირონ სწორედ იმის გამო, რომ ის არ დამთავრდა, როგორც პოლიტიკოსი, 27 ოქტომბერს?
_ თუ ძიებით დამტკიცდა მისი დანაშაული, დანაშაული სასჯელის გარეშე არ არსებობს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა სამხილები არსებობს მის წინააღმდეგ? პროკურატურა ერთი წელია გვეუბნება, რომ ჟვანიას საქმეში რაღაც გამოიკვეთა, მიგვანიშნებენ, რომ რაღაც ახალი ვერსიები შეძლება დაიდოს.
თუ მკვლელობის თაობაზე დაიწყო ძიება, რასაკვირველია, გამოძიება სააკაშვილს გვერდს ვერ აუვლის – თუ მართლა არის რაიმე სამხილი.
_ თქვენ ბრძანეთ, რომ ეკონომიკაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ანუ თუ ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური პროექტები წარმატებული არ აღმოჩნდა, მაშინ ხალხი ისევ მიშას მოითხოვს?
_ ხალხი მოითხოვს ალტერნატივას. როგორც კი ალტერნატივაზე მოთხოვნა გაჩნდება, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილმა ახალი შანსი მოიპოვოს.
_ საერთაშორისო მოთამაშეები როგორ აღიქვამენ იმ კატაკლიზმს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება?
_ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ აწყობთ ორპარტიულობა: “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”.
ის, რომ “ნაციონალების” მიმართ ამერიკაშიც და ევროპაშიც კვლავაც გამოხატავენ სიმპათიას, ის, რომ ყველანაირად აჩვენებენ: ბაქრაძე ურჩევნიათ ბურჯანაძეს, ძალიან ნიშანდობლივია. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე პოლიტიკური ძალა ფანატიკურად პროდასავლურია.
_ “ფანატიკურად პროდასავლური”, ანუ ბურჯანაძე არ ითვლება?
_ მეორე ტური რომ ყოფილიყო და ბურჯანაძე გასულიყო, დასავლეთი იძულებული იქნებოდა, ანგარიში გაეწია ამ ფაქტისთვის. ბოლოს და ბოლოს, დასავლეთს არავისზე არა აქვს “ჯვარი დაწერილი”, მაგრამ რომ ვერ გავიდა მეორეზე?
ესაუბრა ლევან ჯიშკარიანი, გაზეთი „პრემიერი“ 30 ოქტომბერი -5 ნოემბერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |