|
_ მოგესალმებით, ქეთი, საკმაოდ დიდი ხანია, “გეძებთ”, მოანატრეთ მსმენელს თავი. აქვე მადლობას გიხდით, რომ გადაწყვიტეთ, “პრემიერს” მისცეთ ექსკლუზიური ინტერვიუ.
_ მოგესალმებით, პრინციპში, არც დავკარგულვარ, უბრალოდ, ბოლო წლები სხვა პრიორიტეტებით ვიყავი დაკავებული... მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თეატრალურში ჩავაბარე _ ტელე-რადიოწამყვანის სპეციალობით. შემდეგ ვმუშაობდი რადიო “ფორტუნა პლუსზე”, რადიო “პროგრესში”, ერთ-ერთი ქალაქის კულტურის სამსახურში, ხოლო ამჟამად საპროდიუსერო კომპანიაში ივენთ-მენეჯერის პოზიციაზე ვარ. სიმღერას შედარებით ნაკლებ დროს ვუთმობ, თუმცა პერიოდულად ვმონაწილეობ გასვლით ტურნეებსა და კორპორაციულ ღონისძიებებში.
_ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი... პირველი ნაბიჯები სცენაზე... ეს ბავშვობის სურვილი იყო თუ იმ დროს გაჩნდა, როცა ქართულ შოუბიზნესს შედარებით კარგი დრო ედგა?
_ ერთიც და მეორეც... ბავშვობის სურვილის რეალიზების პერიოდს ჩემს საესტრადო კარიერაში დაემთხვა ზოგადად ქართული საესტრადო შემოქმედების ნაყოფიერი პერიოდი. მახსოვს, დღეში 3 კონცერტი გვქონდა, ვეღარც ვასწრებდით სხვადასხვა ქალაქებში გამართულ ტურნეებში მონაწილეობას. შესაბამისად, ნორმალური იყო ანაზღაურებაც. ჩემი პირველი სინგლი, ვიდეორგოლი და სიმღერები სწრაფადვე გახდა პოპულარული, სწორედ ამან გამოიწვია წარმატებული სტარტი.
_ იმ პერიოდში საკმაოდ რთული იყო, შოუბიზნესში დამკვიდრებულიყავი და თან საზოგადოების სიმპათიები დაგემსახურებინა, ეს ნამდვილად შეძელით. რა იყო ამის მთავარი მიზეზი?
_ მთავარი მიზეზი ზუსტად ის იყო, რაზეც მოგახსენეთ _ მალე აიტაცა მსმენელმა ჩემი სიმღერები, ამას ხელი შეუწყო კლიპმა, წარმატებულმა ფოტოსესიებმა ირმა შარიქაძესთან და სინგლმა, რასაკვირველია. საერთო ჯამში, მრავლად იყო მიწვევები ამა თუ იმ კონცერტზე და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, დროის მოკლე პერიოდში გავხდი პოპულარული.
_ ბოლო დროს თითქოს დიდ აუდიტორიას ემალებით, შეგიძლიათ გვითხრათ ამის მიზეზი?
_ სამწუხაროდ, ეს პრობლემა ქართველი მომღერლების 99%-ს აწუხებს ბოლო წლებში. ამის მიზეზებზე იმდენს საუბრობენ, ამჯერად თავს შევიკავებდი კიდევ ერთხელ ხაზგასმისგან... მომღერლებს სცენა ენატრებათ და ამაზე ყველა ღიად საუბრობს.
_ პრაქტიკულად ყველა ცნობილი მომღერლის პირადი ცხოვრება ყოფილა საზოგადოების განხილვის მთავარი თემა, თქვენ კი მუდმივად ახერხებდით, დაგემალათ, საინტერესოა, როგორ ახერხებდით?
_ პირად ცხოვრებას იმიტომ ჰქვია პირადი, რომ შენთვის შეინახო. ზედმეტი განხილვა არ უხდება. კარგია, როცა მსმენელი უფრო მომღერლის შემოქმედებით ინტერესდება, ვიდრე პირადი ცხოვრების დეტალებით. თან ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერჯერობით არაფერია განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი ჩემს პირად ცხოვრებაში, რომ საზოგადო ინტერესი გამოიწვიოს. როცა იქნება, არ დაგიმალავთ.
_ ამჟამად თუ ხართ შეყვარებული?
_ ამჟამად ჩემი სამსახურებრივი სიახლეებით ვარ დაკავებული.
_ ზოგადად, რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა “მიყვარხარ”, თუ ყოფილხარ ისე შეყვარებული, რომ მზად იყავი, ყველაფერი დაგეთმო?
_ სიტყვა არ ვიცი და გრძნობა შინაგან ძალასა და დადებით ენერგიას ნიშნავს ჩემთვის. ისეთი სიყვარული, რომელიც ყველაფერს დაგათმობინებს, არ მგონია, ჯანსაღი იყოს და არც მივესალმები ასეთ თავგანწირვას. სიყვარული უნდა ავსებდეს და ძალას აძლევდეს ადამიანს, კი არ უნდა გღლიდეს და ძალას გართმევდეს.
_ შეუძლებელია, თქვენთან ინტერვიუს მსვლელობისას არ ვახსენო თქვენი და, თამუნა გომართელი, რომელიც ასევე ძალიან მოენატრა მაყურებელს, რა ხდება თამუნას ცხოვრებაში?
_ თამუნა რამდენიმე წელია, ტელეეთერში აღარ ჩანს, რადგან საკუთარი საპროდიუსერო კომპანიის ხელმძღვანელია. ხშირად მოგზაურობს თავის მეუღლესთან ერთად. ამჯერად პატარკაციშვილების “რიტუალების სასახლის” პიარმენეჯერია.
_ ხომ არ აპირებს, ტელეეთერს დაუბრუნდეს?
_ ეს, ალბათ, კონკრეტულ შემოთავაზებასა და მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ აპირებთ, აქტიურად დაუბრუნდეთ სცენას. შეგიძლიათ, გვითხრათ, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
_ გეგმებში არა მარტო ახალი სიმღერა და კლიპი მოიაზრება, არამედ რამდენიმე გასტროლიც საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობაც.
_ ქეთი გომართელის ახალ კლიპს მალე უნდა ველოდოთ?
_ რა თქმა უნდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.
_ ქეთი, აუცილებლად უნდა შევეხო თქვენს პროფესიას _ კოლეგები ვართ, იყო რადიო “ფორტუნა+”, რადიო “პროგრესი”, სადაც ერთად მიგვყავდა გადაცემა, ამ კუთხით რა ხდება?
_ ამ ეტაპზე ვცდილობ, სწორად დავგეგმო პრიორიტეტები და დროც შესაბამისად გადავანაწილო. ჩემი პროფესიით ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას, როგორც რადიოში, ასევე ტელევიზიაში.
_ სატელევიზიო სივრცეში ხომ არ უნდა ველოდოთ თქვენს გადაცემას?
_ როგორც გითხარით, ამ ეტაპზე სწორედ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის საწყის ეტაპზე ვარ.
_ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ.
_ თქვენც ასევე, წარმატებები და ბევრი მკითხველ-მსმენელ-მაყურებელი.
ირაკლი ყურაშვილი, გაზეთი „პრემიერი“ 30 ოქტომბერი -5 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |