|
სეპარატიზმის წახალისება ხანგრძლივად ვერ იქნება რუსეთის არჩევანი
“პრემიერს” ესაუბრება საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია.
_ ბ-ნო ვალერი, არჩევნები შედგა და საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. არსებობდა მოლოდინები მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა ასე არ მოხდა. პირდაპირ გკითხავთ, რა თქვა ამ არჩევანით საქართველომ.
_ საქართველოს 2013 წლის აქტიურმა ელექტორატმა მხარი ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა, თქვა ის, რომ საზოგადოება განთავისუფლდა ნაციონალური წნეხისგან, თქვა ისიც, რომ განვითარების ვექტორი არსებითად დასავლურია, თქვა ისიც, რომ ქართველები არ არიან შურისმაძიებელი ხალხი და ადვილად ითვისებენ თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას. მოკლედ სიმშვიდე გვირჩევნია, გაუმარჯოს სიმშვიდეს. მე ეს გზავნილი უფრო დავინახე.
_ სიმშვიდე რომ უნდოდეთ ადამიანებს, ამაში, მგონი, ცუდი არაფერია?
_ რა თქმა უნდა.
_ მართალია, ჯერ მთავრობის ახალი შემადგენლობა უცნობია, მაგრამ როგორ ხედავთ ამ მმართველი ძალით საქართველოს უახლოეს მომავალს?
_ მთავრობის ახალი შემადგენლობა, ფაქტობრივად, იგივე დარჩება, შეიცვლება ერთი, მაქსიმუმ ორი კარგი მინისტრი, დანარჩენები ხომ უფრო კარგები არიან. მე ვფიქრობ, რაც მთავარია, არ იქნება არსებითი გაუარესება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ არც რადიკალურ გაუმჯობესებას ველოდები.
_ ნინო ბურჯანაძე შედეგებით უკმაყოფილოა და ქუჩაში გასვლას გეგმავს...
_ ბურჯანაძეს ჰქონდა მეტის მოლოდინი. მართალი გითხრათ, მას აქტიური ელექტორატი ჰყავს და ასეთი მოლოდინიც ამან განაპირობა. რასაც აპირებს, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, ამან შეიძლება შეინარჩუნოს მისი აქტივობით მზარდი რეიტინგი, მაგრამ არჩევნებთან მიმართებაში ვერაფერს შეცვლის, მე არც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ველოდები ამ ეტაპზე, თუ რაიმე სხვა კრიზისული მოვლენა არ მოხდა.
_ “ქვეყანას ვულოცავ მშვიდობიან არჩევნებს, ევრაზიული ვექტორი, როგორც ვვარაუდობდი, 20-25%-ია, ბურჯანაძეს პლუს ერთი ამდენი და ცოტა მეტი, ვინც არ მივიდა. ეს 2013 წლისთვის ნორმალურია”, _ ეს თქვენი განცხადებაა “ფეისბუკიდან”. რას გულისხმობთ?
_ ეს ჩვენი საარჩევნო გათვლაა. ნინო ბურჯანაძეს ხმა მისცა სამართლიანობის არაღდგენით განაწყენებულმა ელექტორატმა, რომელიც რუსეთზეა ორიენტირებული. ეს 10%, ამას უნდა დავუმატოთ არჩევნებზე არმოსული 52%-დან 12-15%, რომელმაც ამ არჩევნებში ევრაზიული ვექტორის, გნებავთ პრორუსული უწოდეთ, პერსპექტივა ვერ დაინახა. ამ ელექტორატს თუ რეალურ პერსპექტივას დავანახვებთ, ის მომავალში არჩევნებზე მოვა. ამიტომაც სწორი მუშაობითა და კანონიერი სახსრებით 2016 წლის არჩევნებში ამ ვექტორის გაერთიანებულ ძალებს მინიმუმ 20-25% ექნება, თან ამ დროისთვის დასავლური გზის უპერსპექტივობა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება. ესაა ჩვენი გათვლები და მოვლენათა თანხვედრის პირობებში ის სავსებით რეალურია.
_ ბურჯანაძის მესამე ადგილი განაცხადია, რომ საქართველოში პრორუსული ძალების მიმართ დამოკიდებულება უარყოფითია.
_ ვერ დაგეთანხმებით, იმ ფონის შემდეგ, რაც იყო წინა ხელისუფლების მერე, ეს მზარდი და სწორად მზარდი ტრენდია.
_ ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში შეიძლება ვიხილოთ პრორუსული ხელისუფლება?
_ რამდენად იქნება ეს მშვენიერი სხვებისთვის, ვერ გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ 10 წელიწადში დადგება დასავლური გზით საბოლოო იმედგაცრუება, მაგრამ ამ დროისთვის ევრაზიული გზაც არ იქნება ადვილი.
_ და იმედგაცრუების არგუმენტი რა გაქვთ?
_ განვლილი 20 წელი, თურქეთის მაგალითი, გადაუწყვეტელი კონფლიქტები, დასავლეთის ეკონომიკური გულგრილობა, ერთი დოლარი და ევრო არ ჩადებულა ქართულ ეკონომიკაში. ვფიქრობ, საკმარისია.
_ “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ადგილზე გავიდა, და რეალურად მთავარი ოპოზიციური ძალა გახდა. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?
_ “ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის არჩევნებზე 10%-ს აიღებს და მომდევნოზე აღარ იქნება. თუ ფულის მობილიზება შეძლეს, შესაძლოა, ბოკერიას დაჯგუფებამ შეინარჩუნოს პოლიტიკური სიცოცხლე.
_ ვინ არის ბოკერიას დაჯგუფება?
_ ბოკერიას დაჯგუფების დიდი ნაწილი პარლამენტსგარეთაა, უშიშროების საბჭოს აპარატში ან სხვადასხვა არასამთავრობოებში, პარლამენტში ახალი სახეები, რომლებიც პირდაპირ და უშუალოდ არ ასოცირდებიან დანაშაულებრივ სისტემასთან.
_ 2000 წლიდან მოყოლებული ნათელია, რომ ქართველმა პოლიტიკურმა ძალებმა რუსეთს ვერ გაუმართლეს. ასეთ ვითარებაში თუნდაც იმავე 2016 წლისთვის კრემლმა რატომ უნდა გააკეთოს ფსონი რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე?
_ კრემლის ფსონებს არავინაც არ უნდა ელოდოს, პირიქით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფსონი რუსეთის საქართველოსკენ შემობრუნებაზე, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე და არა პირიქით, ამ სივრცის უსაფრთხოების ელემენტად უნდა ვიქცეთ და სამაგიეროდ ვისარგებლოთ მისი საბაზრო და ბუნებრივი სიმდიდრეებით.
_ ვთქვათ, ერთ დღეს საქართველოს მოსახლობა მართლაც გადაირია და ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ მას სურს ევრაზიული კავშირი, ანუ რეალურად რუსეთი. ხომ ცხადია, რომ ასეთ შემთხვევაშიც ჩვენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე განგვიხილავენ. მაშინ რა სარგებელია რუსეთისკენ ასეთი მისწრაფება? მხოლოდ სავაჭრო ადგილები მოსკოვის დახლებზე?
_ კი არ გადაირია, პირიქით, გადმოირია. თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ჩვენი პრიორიტეტი, უნდა გადმოვირიოთ, თუ არა და სხვა შანსი არ ჩანს. თუ ევრაზიული სივრცე მიგვიღებს და არც ისე ადვილადაა საქმე, თქვენ რომ ხატავთ, არიქა შემოდითო, მაშინ დაიწყება რეალური ზეწოლა სეპარატულ რეგიონებზე, ისინი ვერანაირად ვერ დარჩებიან კონტექსტიდან, რეგიონიდან ამოვარდნილები, რუსეთი ყოველდღე შეეჯახება საქართველოს მოთხოვნას ამ რეგიონებთან მიმართებაში. ასე “უპატრონოდ” ეს რეგიონებიც ვერ იარსებებენ. რუსეთის ინტერესებშია, ისინი პატრონს ჩააბაროს, მით უმეტეს სეპარატიზმის წახალისება ხანგრძლივად ვერ იქნება რუსეთის არჩევანი. ამ და სხვა მრავალი თანამდევი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოხდეს სეპარატისტული რეგიონების საქართველოსთან ასოცირებულად, ვთქვათ, ფედერაციული ან თუნდაც კონფედერაციული ფორმით ევრაზიულ სივრცეში ინტეგრირება, მსგავსი ფორმით უნდა გადაწყდეს მთიანი ყარაბახის პრობლემაც, შეიძლება ერთიან ევრაზიულ სივრცეში ამიერკავკასიის რეგიონალურ კავშირზეც ლაპარაკი. ძნელია საგაზეთო ინტერვიუს ფორმატში ამ თემის გაშლა, ჩვენ მონახაზები გვაქვს, მაგრამ ჩვენი სქემები არაფერია, თუ სათანადო რეალობა არ შეიქმნა. აი, ევროსტრუქტურები კი ვერავითარ სათანადო რეალობას ვერ შექმნიან. ერთადერთი ასეთი რეალობა ისევ რუსეთს უკავშირდება და ეს რუსეთის დაშლაა, რაც სრულიად არამოსალოდნელია და უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში სრულიად მიუღებელი საქართველოსთვის, რადგან ეს კავკასიური ომია, ფაქტობრივად, გარანტირებულად. ჯერ თანამედროვე ომში გამარჯვებული რაა, მით უმეტეს, რომ ამ ომში გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს საქართველოს.
_ თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ საარჩევნო პერიოდში რუსეთი შეწყვეტდა მავთულხლართების გაბმას და რეალურად ეს პროცესი ცოტა ხნით მართლაც გაჩერდა. ახლა რას უნდა ველოდოთ?
_ ახლა რუსეთი ელოდება საქართველოს ნაბიჯებს, ბაზარზე შესვლა და ოლიმპიადაზე წასვლა ცივ ომში ზავის წინაპირობაა და მეტი არაფერი. მე არ ვიცი, რას გულისხმობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, ამიტომაც ვერ ვიტყვი, რა იქნება. ვნახოთ, ამას საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები განსაზღვრავს და არა რუსეთის.
_ თქვენ არაერთხელ დააანონსეთ, რომ პოლიტიკაში შემოსვლას აპირებთ, იყო საუბარი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ და ა.შ. შემდეგი ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებია, თქვენ ჩაერთვებით ამ არჩევნებში?
_ ადგილობრივ არჩევნებში ჩართვას ვერ ვასწრებ, არჩევნები საქართველოში ძალიან ძვირი “სიამოვნებაა” და კიდევ უფრო გაძვირდა. სანამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოვიპოვებ საარჩევნო სახსრებს, მანამდე არჩევნებში არ და ვერ ჩავერთვები, ვმუშაობ რუსეთის ქართულ დიასპორასთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეცაა, ჩვენ კანონს არ დავარღვევთ და უკანონო სახსრებს არჩევნებში არ მოვიტანთ, მერე მათ რაიმე ვალდებულებები რომ არ მოჰყვეს.
ლაშა ნოდია, გაზეთი „პრემიერი“ 30 ოქტომბერი -5 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |