|
ახალაია с вещами!
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ანუ 17 ნოემბრამდე მიხეილ სააკაშვილი ბაჩო ახალაიას შეწყალებას გეგმავს. «ახალაია с вещами», _ ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ბოლო აქტი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას. ჩანაფიქრი ასეთია. ახლა მთავარია, ახალაიას ყველა სასამართლო პროცესის დროულად ჩატარება და განაჩენის გამოცხადება, მერე უკვე ყველაფერი ტექნიკის საქმეა. თუმცა არც მთავარი პროკურორის განცხადება უნდა დაგვავიწყდეს, რომელმაც ჩვეული «მოწიფულობით» განაცხადა: «მე ვერ გავუკეთებ პროგნოზირებას იმას, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მას მივიღებთ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, სასიამოვნოზე არ არის საუბარი, ის ჩვენ უნდა მივიღოთ, როგორც დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი...» სავარაუდოდ, ეს იყო ერთგვარი ტესტი საზოგადოების რეაქციის შესამოწმებლად, ან არადა, ნების მიუხედავად, მისთვის ფინალი ცნობილი იყო.
როგორც «პრემიერს» ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, 31 ოქტომბერს, ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულ პირებს «სამხედროების საქმეზე» სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოუტანს. იმავე დღეს თუ არა, მეორე დილისთვის მაინც ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე 3 წლითა და 9 თვით დაპატიმრებულ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ჯერ კიდევ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალებს.
ახალაია ციხიდან, ფაქტობრივად, გმირად გამოვა. რეალურად თუ გავიაზრებთ, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ის დამნაშავე სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანია. დაზარალებულები საქმეში ძირითადად კრიმინალური ავტორიტეტები და მათთან დაახლოებული _ იმ პერიოდისთვის დანაშაულდამტკიცებული პირები არიან. პრინციპში, რამდენიც არ უნდა იძახონ, ციხეში უდანაშაულოდ სხედანო, კონკრეტული პატიმრის პირისპირ დაზარალებული პირი დგას. შესაბამისად, საზოგადოებრივი სიბრალულის არეალი ასეთი პირების მიმართ არც ისე დიდია და ის ახლო ნათესავებით შემოიფარგლება. სხვებისთვის ისინი დამნაშავეები არიან.
ამ დროისთვის არსებული ვითარებით, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, იგივე სასჯელი შეეფარდათ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულ რევაზ ჭარბაძეს, დავით ჭაკუასა და მეგის ქარდავას, რომლებიც ამ დრომდე ძებნილებად ითვლებიან.
თავდაპირველად მოსამართლემ ახალაიას სასჯელის სახით 5 წელი შეუფარდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების შეფასების შედეგად, ბრალდებულები ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; სასამართლომ ასევე, ყველა ბრალდებულს მოუხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» და «გ» ქ/პუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. 2012 წლის 28 დეკემბრის «ამნისტიის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და საბოლოოდ ყველა ბრალდებულს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლითა და 9(ცხრა) თვის ვადით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2(ორი) წლის და 3(სამი) თვის ვადით; ასევე, ბაჩანა ახალაიას დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს _ ჯარიმა 3.000(სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რაც შეეხება 7 სამხედრო მოსამსახურის «წამების» საქმეს, განაჩენს სასამართლო თუ რამე არსებითად არ შეიცვალა, 31 ოქტომბერს გამოიტანს. სხვა რომ არაფერი, პრეზიდენტისთვის უხერხული იქნებოდა წამებაში ბრალდებულის შეწყალება. შესაბამისად, როგორც იმავე წყარომ «პრემიერს» განუცხადა, გამამართლებელ განაჩენს სასამართლო დაადგენს.
თემიდას მსახურნი ალალად იტყვიან, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი მტკიცებულებები, თორემ, «თუ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე შეგვეძლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ამ საქმეზეც გამოვიტანდითო».
პროკურატურა კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ის «წვრთნა» სულაც არ იყო «წვრთნა» და სამხედრო მოსამსახურეებს კი არ ავარჯიშებდნენ, არამედ აწამებდნენ. დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთრებით ძნელია ნეიტრალური ადამიანისთვის იმ ემოციების განცდა _ ვარჯიშობდნენ თუ არა მართლა «ის» სამხედრო მოსამსახურეები. რამდენად ძნელი იყო მათთვის თუნდაც ორით მეტი მიზიდვის გაკეთება, ან თუნდაც ერთი კილომეტრით მეტი სირბილი. რა ტკივილი და ემოციური სტრესი ახლდა ყოველივეს, ხდებოდა ეს ყველაფერი კონკრეტული პერსონებისთვის დამამცირებელ გარემოში თუ არა. ახლა უმთავრესი ისაა, რომ, თუ ადამიანს ბრალს ვერ უმტკიცებ, ის უდანაშაულოა. უმთავრესია ახლო წარსულში მოდური ფრაზა _ «пока не пойман, не вор».
მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალაია უეჭველი დატოვებდა ციხეს, ერთ-ერთმა პირველმა მისმა თანამებრძოლმა თეა თუთბერიძემ გააჟღერა.
«ბაჩო ახალაია ციხეს არჩევნების მერე დატოვებს. არჩევნებზე კი «ქართული ოცნება» შეძლებს არ დაკარგოს ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნის იმედით აღსავსე ამომრჩევლების ხმები», _ განუცხადა თეა თუთბერიძემ სააგენტო «ჯი-ეიჩ-ენს».
რის საფუძველზე გააკეთა თუთბერიძემ ეს განცხადება, მოდით, გვერდზე გადავდოთ და ისევ «პრემიერის» წყაროს დავუბრუნდეთ, რომელიც აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის ინტერესში არ შედის ახალაიას გამამართლებელი განაჩენი და მისი უწყებისკენ ხელის გაშვერა, რომ მას ბრალი ვერ დაუმტკიცეს, თუმცა მას სხვა გზა არ აქვს, ეს პოლიტიკური პროცესია.
ანუ, როგორც იტყვიან, ადამიანს თავი იმისთვის კი არ ადგას, რომ სხეულს არ ჩააწვიმოს და ჩვენც ჩვენით უნდა მივხვდეთ რაღაცებს, ისევე როგორც ამ საქმეზე ზეწოლის ქვეშ მყოფი გენპროკურორი მიხვდა. რაც არ თქვა არჩილ კბილაშვილმა, იმას, ალბათ, სამომავლოდ მემუარებში ლაშა ნაცვლიშვილი დაწერს, თუ ამისთვის შინაგანი ძალა ეყოფა.
დაველოდოთ 31 ოქტომბერს. ყველაფერი რეალურად იქითკენ მიდის, რომ 17 ნოემბრამდე ბაჩო ახალაია საკუთარ საკანთან ყველა პატიმრისთვის სანუკვარ ფრაზას _ «ახალაია с вещами» მოისმენს...
გეგა სილაგავა, გაზეთი ”პრემიერი” 30 ოქტომბერი-5ნოემბერი, #9
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |