![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
ეს “გარჩევა” პრემიერ-მინისტრის დის, მაგული ივანიშვილის დაკვეთით მოხდა
საჩხერის რაიონის სოფელ ქორეთში მცხოვრებმა ხვიჩა ლომიძემ “პრემიერთან” საუბარში განაცხადა, რომ მას ადგილობრივი ხელისუფლება პრემიერის დის, მაგული ივანიშვილის დავალებით დევნიდა და ეს ამბავი ახლაც გრძელდება. ლომიძემ ამ ადამიანებს პროკურატურაშიც უჩივლა და მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს სთხოვა, შეესწავლათ ყველაფერი, რაც მის ოჯახს უკვე დამართეს და მტყუან-მართალი სამართალს გაერჩია, მაგრამ ეს დღემდე ვერ მოხერხდაო.
ხვიჩა ლომიძე:
_ არჩილ კბილაშვილს თავად პასუხი არ გაუცია. გავმწარდი და ვთქვი, ავდგები და ნაციონალების მიტინგზე წავალ და ყველაფერს იქ ვიტყვი-მეთქი. მიტინგის დღეს ანონიმური წერილი დაგვხვდა ჭიშკარში, რომელშიც ეწერა, თქვენი ოჯახის ამოწყვეტაა დაგეგმილიო. ამ წერილის ასლს თქვენც გადმოგცემთ. ამ დროს ოფიციალური წერილიც მოგვივიდა მთავარი პროკურატურიდან, ვინმე ნინო ჟღენტი გვწერდა: თქვენი საქმე საჩხერის პროკურატურას გადავეცითო. მერე საჩხერის პროკურორმა ილია გელბახიანმაც მომწერა, რეაგირებას მოვახდენთო. არადა ეს ის ადამიანია, რომელსაც კბილაშვილის წერილში ვუჩიოდი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამით დამთავრდა მათი “რეაგირება” _ არც მამტყუნებენ და არც მამართლებენ. ჩემმა დამ, თამარ ლომიძემაც შეიტანა წერილი პროკურატურაში. ისიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, _ ამდენი ხანია, ოჯახს ატერორებთ, თუ მართლა დამნაშავეები ვართ, დაგვსაჯეთ, არადა ისინი დასაჯეთ, ვისაც ჩვენს წინაშე მიუძღვის ბრალიო, მაგრამ საკუთარ თავს ხომ არ დაისჯიან? უმეტესობა, ვინც ამ საქმეშია გარეული, ისევ თანამდებობაზეა, ან პრემიერ-მინისტრის დას ხომ არ გამოუტანენ გამამტყუნებენ განაჩენს?! მეც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, რატომ არ უნდა იყოს ჩემი უფლებებიც დაცული?! მე და ჩემი ოჯახი დიდი ხანია, პოლიციის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით, თუმცა მათ ამისკენ სხვა ადამიანები უბიძგებდნენ _ ივანიშვილები.
_ რა ხდება იქნებ უკეთესად ამიხსნათ? ან რაში გამოიხატება პოლიციის ზეწოლა?
_ დავიწყებ იმით, რომ უსამართლობის ჩამდენები ახალმა ხელისუფლებამ მთავრობაში დანიშნა. ჩვენს რაიონში პოლიციის უფროსად დაინიშნა რეზო კობახიძე, რომელიც ნაციონალების დროს, პირადად ახორციელებდა ზეწოლას ჩემი ოჯახის მიმართ. ამ ხალხმა, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქორეთის საკრებულოში მე და ჩემს დას სასამართლო მოგვიწყო, რომელსაც მაშინდელი პოლიციის უფროსი გოჩა ბახტურიძე და პროკურორი ილია გელბახიანიც ესწრებოდნენ. როგორც გითხარით, გელბახიანი ახლაც პროკურორია. ეს “გარჩევა” პრემიერ-მინისტრის დის, მაგული ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. მთელი ქორეთის საკრებულო და ადგილობრივი მთავრობა იქ იყო, მაგრამ, როცა ყველაფერი მოვყევით, პოლიციის უფროსმა და პროკურორმა ვეღარაფერი თქვეს და სიტყვიერად გამამართლეს, თუმცა დოკუმენტურად ეს არც ერთს არ დაუწერია. იქ კი თქვეს, ეს კაცი მართალია, ნაკვეთიც და სახლიც მისია, დაუბრუნეთ თავისი ქონებაო, თუმცა მხოლოდ სიტყვებით, არაფერი შეცვლილა და ამის შემდეგ მაინც მბლოკავდნენ. ეს ხდებოდა მანამ, სანამ ივანიშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში. მერე ჩემი ამბავი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივწერე. უკვე მათ შეისწავლეს ეს საქმე და ერთ-ერთი წართმეული ნაკვეთიც დამიბრუნეს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა არ იყო ეს და არც იმ ადამიანებს არ დაუნებებიათ ჩემთვის თავი. ის კაცი, რომელმაც უკანონოდ ხელიმოა წერინა ხალხს ჩემი ქორეთიდან გასახლებაზე, ივანიშვილმა პოლიციის უფროსად დანიშნა. ხომ უნდა გაირკვას, ბოლოს და ბოლოს, რატომ მასახლებდნენ, რა უნდოდათ, მე ხომ ჩემს კუთვნილს ვითხოვდი და სხვას არ ვართმევდი არაფერს?! ისე ხომ არ ვიქცეოდი, როგორც ეგენი მომექცნენ?
_ იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ჯერ ის მომიყვეთ, რას გიშავებდნენ ეს ადამიანები და თქვენს შორის რა მოხდა?
_ 2009 წელს მამაჩემი, ჯაბა ლომიძე გარდაიცვალა. ოჯახს რაც კი გააჩნდა, სახლი, ნაკვეთები, ადგილები, ყველაფერი მამაჩემის სახელზე იყო გაფორმებული. გადავწყვიტეთ ჩვენზე, ცოცხლებზე გადმოგვეფორმებინა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. დღემდე მიცვალებულის სახელზე მოდის გაზისა და დენის გადასახადი. გადაფორმებაში თანხაც გადავიხადეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სოფლის საკრებულოში დაკარგული იყო მნიშვნელოვანი საბუთი, რომელშიც აღრიცხული, დანომრილი და დახაზული იყო ჩვენი მიწები. ეს დოკუმენტი ჰქონდა საკრებულოში მომუშავე იზოლდა ივანიშვილს და პასუხისმგებლობაც მას ეკისრებოდა. სოფლის საარქივო ცნობებიც მას ებარა, მაგრამ არც იქ აღმოჩნდა ეს დოკუმენტი. სწორედ ამ დოკუმენტის გაქრობიდან დაიწყო ჩვენი ტანჯვა-წამება, მაგრამ ამ ქალს პასუხს დღემდე არავინ სთხოვს და ის კვლავ საკრებულოში მუშაობს. რაიონის არქივშიც მოვიძიეთ, მაგრამ იქიდანაც გამქრალი აღმოჩნდა. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ამ ყველაფერს თაოსნობდა საჩხერის მაშინდელი გამგებელი ზურაბ ცერცვაძე. იმ დროს, როცა მე და ჩემი და აქეთ-იქით დავრბოდით და გარდაცვლილი მამის დანატოვარ ქონებას ვერ ვიფორმებდით, ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი ცერცვაძემ თავის ძმაკაცს, ჩემს ბიძაშვილს, გიორგი ლომიძეს შემოაფარგვლინა და გადასცა. ცხადია, გავმწარდი და ცხაური, რომელიც მათ ამ ტერიტორიას შემოაკრეს, შემოვხსენი, მაგრამ აქეთ მიჩივლეს, შემოფარგლული შემოგვიხსნაო. გიორგი ლომიძეც და ზურაბ ცერცვაძეც წინათ ნაციონალები იყვნენ, მაგრამ მერე “ოცნებაში” გადახტნენ და ივანიშვილთან აღმოჩნდნენ. პოლიციის უფროსის მოადგილე ვახტანგ ჟორჟოლაძეც მათი კაცი, გიორგი ლომიძის შვილის ნათლია გახლდათ და ასეთ მდგომარეობაში სამართალს როგორ ვიპოვიდი? სხვა ნაკვეთებიც წამართვეს და ჩემთვის უცხო ადამიანებს მისცეს. აი, ამიტომ “დაიკარგა” ის საბუთი, ამათ მაქინაციებში ხელი რომ არ შეშლოდათ. მერე უკვე ისე გათავხედდნენ, ჩემს ნაკვეთზე გაზის მილიც კი გაიყვანეს უკანონოდ.
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ სიტუაციასთან პრემიერის და, მაგული ივანიშვილი რა შუაშია?!
_ როცა კბილაშვილს წერილი გავუგზავნე, იქ დავუწერე ასეთი რამ: ბატონო პროკურორო, ჟურნალისტების თანდასწრებით, პირდაპირი ეთერით იქნებ მოხდეს დაპირისპირება ჩემსა და ამ ხალხს შორის. ასევე, ივანიშვილის დასთან. ამ ქალბატონმა სახალხოდ გამცეს პასუხი, რატომ გადაემტერა ჩემს ოჯახს-მეთქი?! მაგული ივანიშვილი არსად არ მუშაობს. ნაციონალების დროს სარგებლობდა იმით, რომ მილიარდერის და იყო, ახლა პრემიერის და გახდა და ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. ცხადია, გავლენები დიდი აქვს და რასაც ბრძანებს, მთელი რაიონი იმას აკეთებს. ეს ქალი წყვეტს ყველაფერს საჩხერეში. დეპუტატებიც მისი რეკომენდაციით ინიშნებიან და რაიონის სხვა თანამდებობის პირებიც. ნაციონალების დროსაც თავის დაკრულზე ათამაშებდა მთელ რაიონს. ნაციონალები მაგის დავალებებს რომ ასრულებდნენ, ეგ ჩრდილში იყო და იქიდან რეჟისორობდა, ამიტომ ყველაფერი სხვებს ჰბრალდებოდათ. ახლა ტაქტიკა შეცვალა და ეს უთქვამს კიდეც, ახლა იგივენაირად ვერ მოვიქცევი, რადგან ჩემს ძმას დაჰბრალდებაო. ჩემთან ახლოს ცხოვრობს და ყოველდღე ჩემს სახლთან უწევს გავლა. მისთვის ოჯახის არც ერთ წევრს არაფერი დაგვიშავებია, მაგრამ ამ მაქინატორების საქმეების განხილვა და მათი დასჯა რომ არ ხდება, ამაში დიდი როლი სწორედ მას მიუძღვის. რატომ?! ამასაც მოგახსენებთ.
1999 წელს, ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში რომ ჩამოვიდა, იქაურ მოსახლობას სახლებზე სახურავები გაუკეთა, უფასო საავადმყოფო აუშენათ, გარე განათების ფულს უხდიდათ, თუმცა ეს შეღავათები ყველას არ შეეხო. მაგალითად, ჩემი ოჯახისთვის სახლის სახურავი მას არ გაუკეთებია და არც საავადმყოფოში გაუწევიათ დახმარება უფასოდ, რაზედაც ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. მოკლედ, ხალხი გაგიჟებული იყო ამ ყველაფრით, მე კი სადღაც ვთქვი, ამას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და ამას იმიტომა კეთებს, ხალხმა რომ გაიცნოს. აბა, როგორ უნდა, ფული უნდა დახარჯოს-მეთქი. უბრალოდ, ლოგიკურად ვიწინასწარმეტყველე, რაც ახდა, თუმცა მათ ეს სიმართლე ვერ მაპატიეს. მისი დაც მტრად ამიტომ გადამეკიდა.
ერთხელ ცუდად გავხდი და მათ მიერ აშენებულ საავადმყოფოში მოვხვდი, მაგრამ მიღებაზე უარი განმიცხადეს. 2003 წელს ბიძაშვილი მომიკლეს, მაგ საქმეს დავდევდი და მეც დამჭრეს. მაშინაც მოვხვდი იქ და არც მაშინ გამიწიეს დახმარება. ამის მიზეზს ვერ მეუბნებოდნენ, რადგან არავისთვის არაფერი არ დამიშავებია. მეზობლები ბიძინასთანაც აპირებდნენ მისვლას ამის გამო, მაგრამ ისევ მაგულის უთქვამს, ხვალ დილით საავადმყოფოს კართან დამხვდესო. სიცხიანი წავედი, ველოდე და არ მოვიდა. ამის შემდეგ “ქართუ ბანკში”, მამაცაშვილთან წავედი. ჩემი მდგომარეობა რომ გაიგო, მითხრა, აქ თუ ვერ გიშველეთ, საზღვარგარეთ გაგიშვებთ, მთავარია, საავადმყოფოდან მოწერილობა მოიტანოო. საავადმყოფოშიც დარეკა, მაგრამ იქ მაინც არ მომიწერეს ხელი. ბოლოს პირადად გამომიცხადა მაგული ივანიშვილმა, არც მე და არც ჩემი ძმა არ დაგეხმარებითო. ცხადია, მიზეზი არ უთქვამს, მაგრამ, რაც გითხარით, მიზეზი ეს იყო, სხვა არაფერი. მას შემდეგ ჩაიბოღმნენ ჩემს ოჯახზე. სამი წელი მატარეს პოლიციაში იმის გამო, რომ უკანონოდ წართმეულ ჩემს მიწის ფართზე, სხვების შემოფარგლული ცხაურის ღობე ავშალე. ეს ზეწოლა არ არის?! ან დამნაშავე უნდა დამიძახო და მაგებინო პასუხი, ანდაც გამამართლო და იმათ აგებინო პასუხი, ვინც ამ დღეში ჩაგვაყენა, ასე არ არის?!
_ ასეა, მაგრამ ამით რომ დასრულებულიყო თქვენზე ზეწოლა, ახლა რედაქციაში არ მოხვიდოდით..
_ სიმართლეს ამბობთ, ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. საქმე აღიძრა, მაგრამ ამასობაში “ოცნებამ” გაიმარჯვა და ისე, რომ საერთოდ არავინ დაუკითხავთ, შეაჩერეს ყველაფერი. მანამდე კი, ახალი საჩივარი აქეთ მომიმზადეს. დამაბრალეს, თითქოს ჩემი ნაკვეთის გვერდით, გზაზე მიწა დავბარე და გიორგი ლომიძემ საკუთარ ეზოში შესვლა ვერ შეძლო, რაც სინამდვილე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე, დაპირისპირებულმა მხარემ სრულიად სხვა ნაკვეთის დოკუმენტები წარმოადგინა, სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა მე დამიწესა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ კი ჩემს დას, თამარ ლომიძეს განუცხადა, თქვენ წარმოადგენთ საშიშროებას და უნდა დაგაჯარიმოთო. ჯარიმა ისე დამიწესეს, იმის მტკიცებულება, რომ გზა ნამდვილად დავბარე და სხვას შესასვლელი ჩავუკეტე, სასამართლოზე არ წარმოუდგენიათ. ვითხოვდი ექსპერტიზასაც, რომელიც შეისწავლიდა, ეს ტერიტორია ბოლო ხანებში საერთოდ დაბარული იყო თუ არა, მაგრამ არც ექსპერტიზა დანიშნეს. ახლა თქვენ არ იფიქრებთ, რომ ამას ჩემი დაშინების მიზნით აკეთებდნენ?! დიახაც, რომ ეს არის ზეწოლა!
ვის არ მივმართე დახმარებისთვის _ მაია ფანჯიკიძეს, ზვიად ძიძიგურს, ვიქტორ დოლიძეს... ყველას ვთხოვდი, ივანიშვილთან შევეხვედრებინე, მაგრამ მეუბნებოდნენ, თავად თუ არ მოუნდა ეს შეხვედრა, არ მიგიღებსო და არც მიმიღო. ბიძინას რომ შევხვედროდი, ყველაფერს ავუხსნიდი. მაშინ რაც ვთქვი, ბოროტებით არ მითქვამს და ამის გამო ოჯახიანად რატომ უნდაა მომწყვიტონ?! ვეტყოდი იმასაც, მისი და ამ დამნაშავე ადამიანებთან როგორ იყო და არის გარიგებაში შესული, დასამალი უკვე აღარაფერი მაქვს. ისე ვარ გამწარებული, ამერიკის საელჩოსაც მივწერეთ ჩემი მდგომარეობა.
დასაბრუნებელი სხვა ადგილებიც მაქვს. ჩემს ძმაზე ეწერა სხვა მიწები და ისიც გამქრალია. ამ მაფიოზებმა კიდევ ბევრი მიწა წამართვეს, რაზეც ახლა აღარ ვლაპარაკობ. სხვა ნაკვეთებზეც გვქონდა სერტიფიკატები და აქტები, მაგრამ შევარდნაძის დროს გაცემული დოკუმენტებია და არაფერს წარმოადგენსო. ის მიწებიც სხვისთვის უნდოდათ და ჩვენ დაგვჩაგრეს. პირდაპირ მეუბნებოდნენ, სასამართლო, პროკურატურა, ყველაფერი ჩვენია და მაინც ვერაფერს გააწყობო და დღემდე მართლაც ასეა. სასამართლოს უკანონო ჯარიმას არ ვიხდი და სახლზე ყადაღა დამიდეს. მაგული ივანიშვილთან სამჯერ გავგზავნე ჩემი და. დავაბარე, თავი დაგვანებე-მეთქი. წერილიც გავატანე მის მძღოლს, თუ რაიმე გინდა, პირდაპირ მითხარი და ასეთ დღეში ნუ მაყენებთ-მეთქი, მაგრამ ძველებურად აგრძელებენ ყველაფერს. ჩემი და “რესპუბლიკურ პარტიაში” იყო. ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელად უნდა დაესახელებინათ, მაგრამ მოულოდნელად უარი უთხრეს და მიტინგებზეც აღარ წაიყვანეს.
პრემიერი სულ ამბობს, მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერს ვხედავო და თუ ჩემი ოჯახის მდგომარეობა იცის და მშვიდად უყურებს, მაშინ სათქმელი არაფერი მაქვს. გამოდის, რომ ისღა დამრჩენია იმაზე ვიფიქრო, ამათგან სიცოცხლე როგორ გადავირჩინო. ივანიშვილის მიტინგებზე პირველი დავდიოდი, მათ მიმართ ცუდი განწყობა არ მქონია, ესენი კი ერთი მართალი სიტყვის გამო ასე მსჯიან. სააკაშვილის დროს სახლი მაინც მქონდა და ახლა არაფერი აღარ მაქვს. დაუხურავ სახლზე ყადაღა უდევთ 500-ლარიანი უსამართლო ჯარიმი სგამო. სამსახურზეც ყველგან უარს გვეუბნებიან. ხომ მწერენ კიდევაც იმ ანონიმურწ ერილში, თქვენი ოჯახის ამოწყვეტა-განადგურება აქვთ მიზნად დასახულიო. ყველამ იცის, ამ დღეში რომ ვარ, მთელმა სოფელმა, მაგრამ ისინი როგორ დამეხმარებიან?! ჩემს დას ტელეფონზე ურეკავენ და იცით, რას ეუბნებიან? ეს ამბები არსად ილაპარაკოთ, თორემ მერე ჩვენ ვიცით თქვენიო. გვემუქრებიან და ამის გამო დედაჩემი ცუდად გახდა, მდგომარეობიდან ვერ გამოგვიყვანია.
არ ვიცი, სად წავიდე და დავემალო ამ ხალხს, როგორ გადავირჩინო თავიც და ოჯახი. ლტოლვილზე უარესი გამხადეს ამ ადამიანებმა.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“, 23-29 ოქტომბერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |