|
“როცა მოსახლეობა იმედს დაკარგავს, რომ რომელიმე ერთი პიროვნება გადაარჩენს, იმედდაკარგულობის შედეგად უფრო აქტიური, ჯანსაღი და პასუხისმგებლობით სავსე გახდება”
“პრემიერი” ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა:
_ მოგესალმებით, ბოლო ორი ათეული წელია, საქართველოში პოლიტიკურად და საზოგადოებრივად “განათლებულთა” რაოდენობა ლამის მოსახლეობის რაოდენობას გაუტოლდა. ყველამ ყველაფერი იცის, ყველა მზადაა, ლამის ქვეყანასაც ჩაუდგეს სათავეში. ამ დროს ქვეყნის უახლესი ისტორია თვალნათლივ მეტყველებს, რომ ემოციური აღტყინებები, ასევე ემოციური “ქარტეხილებით” სრულდება. თითქოს უკვე ეროვნულ თავისებურებად გვექცა, ვაღიაროთ და შემდეგ უარვყოთ. რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა განაპირობებს ამ “ავადობას”?
_ ცოტა ბუნდოვანი კითხვაა და თუ სწორად გავიგე, ეხება იმას, რომ ქართველები უფრო ემოციებს აყოლილები ვართ, ვიდრე ანალიზის უნარის მქონეები. შეიძლება გარკვეულწილად ასეც იყოს. ემოციურად მისცა გამსახურდიას ხმა თითქმის ასმა პროცენტმა ამომრჩევლებისა, იმდენად ყელში ჰქონდა ყველას ამოსული საბჭოთა კავშირი და კომუნისტური იდეოლოგია. მაგრამ იქვე გაწბილება: ავტოკრატია, ეროვნული შოვინიზმი და სხვა მსგავსი “დრაკონები” დაიბადა და მოსახლეობის, ვფიქრობ, უმრავლესობამ მოიძულა გამსახურდიას რეჟიმი. სხვა საკითხია, რომ იარაღის ძალითა და სამოქალაქო ომით ამ რეჟიმის შეცვლა დიდი შეცდომა, ბოროტება და ტრაგედია იყო, რასაც უამრავი სხვა უბედურება, მათ შორის აფხაზეთის დაკარგვაც მოჰყვა. აღიარებასა და უარყოფაში ცუდი არაფერია, ეს ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა. ცუდია, რომ არ ხდება ეროვნულ ხსოვნაში ამ მოვლენის კრისტალიზაცია, თეორიული გააზრება, რაც შექმნიდა მექანიზმს, მომავალში გაუაზრებელი და ეიფორიული აღტყინებებისგან თავშესაკავებლად. გამოჩნდა, რომ ამგვარი თავშეკავების დიდი დეფიციტია. “ვარდების რევოლუციასაც” აღტყინებით შეხვდა ხალხი და იმდენად აღტყინებით, რომ უპრობლემოდ გაატარა პოლიტიკური წყობის რადიკალური ცვლილებები. კერძოდ, პრეზიდენტის ძალაუფლების უპრეცედენტო გაზრდა პარლამენტის შესუსტების ხარჯზე, ასევე სასამართლო რეფორმა, როდესაც მოსამართლის ასაკი 35-დან 28-მდე დაადაბლეს, როგორც ჩანს, საკუთარი, მთავრობის მორჩილი კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნის მიზნით. ეს ყველაფერი უპრობლემოდ, უკრიტიკოდ გატარდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ, იმიტომ რომ რევოლუციური ხელისუფლების მიმართ ნდობა იყო ლამის და უპირობო. ამან რა შედეგიც გამოიღო, ყველასთვის ცხადია _ ახალი ავტოკრატია, რომლის დროსაც საზოგადოებაში ისეთმა შიშებმა დაისადგურა, რომლებმაც საბჭოეთის ხანის უმძიმესი წლები გაგვახსენა. მსგავსი ხიფათები, ემოციურ ტალღაზე გადაწყვეტილებების მიღება, ინერტული იმედების დამყარება და შემდეგ გაწბილება ახლაც არსებობს, ამიტომ ყველას დიდი გაფაციცება, ყურადღება და ზნეობრივი თუ აზროვნებითი დაძაბვა გვმართებს. ვფიქრობ, პრემიერის გადაწყვეტილება _ მოსცილდეს პოლიტიკას, ამ მიზეზით არის განპირობებული: მას არ სურს, გახდეს ახალი ავტოკრატი. შეიძლება ის არპასუხობს ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას, მაგრამ, შესაძლოა, ძალიანაც კარგია, რომ არპასუხობს, რადგან, როცა მოსახლეობა იმედს დაკარგავს, რომ რომელიმე ერთი პიროვნება გადაარჩენს, სამშვიდობოს გაიყვანს, კეთილდღეობას მოუტანს ა.შ. ამ იმედ დაკარგულობის შედეგად უფრო აქტიური, ჯანსაღი და პასუხისმგებლობით სავსე გახდება, თავისუფლების კუნთებს გაავარჯიშებს.
_ 1980-იანი წლების ბოლოს ქვეყანას ჰყავდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ავტორიტეტები. თუნდაც ბატონი აკაკი ბაქრაძის წვლილი უდიდესია ჩვენი თაობისთვის. შემდეგ ეს ავტორიტეტები საკუთარი გავლენით კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ჩაანაცვლეს. და მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც საზოგადოება უკვე არც აღიარებს ავტორიტეტებს. ინტელექტუალებმა დაკარგეს საზოგადოების თანაგრძნობა, თუ ეს არის ერთგვარი პროტესტი, როდესაც ინტელექტი დანარჩენ საზოგადოებას “ბრბოს” ფსიქოლოგიას არ პატიობს?
_ არა მგონია, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ავტორიტეტები კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ჩაანაცვლეს. კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ავტორიტეტები თავის ვიწრო სამყაროში, დუმბაძის “თეთრი ბაირაღებისა” არ იყოს, “ციხე ქურდებისააო”, მაგრამ არასდროს არ ყოფილან ისინი ავტორიტეტები საზოგადოებისთვის, აქაოდა აკაკი ბაქრაძე წავიდა და ვინმე რამკიანმა ქურდმა დაიკავა მისი ადგილი საზოგადოებისთვის. პირიქით, ჯაბა იოსელიანიც კი, როდესაც თავგამოდებით ცდილობდა საზოგადოებრივ ავტორიტეტად გამოჩენილიყო, ხაზგასმითა და სიამაყით აღნიშნავდა პრესიდან, ტელევიზიიდან, რომ ის ახლა უკვე იყო პროფესორი, მწერალი, თეატრმცოდნე და ქურდულ სამყაროსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა. ანუ, ქურდული წარსული მისთვისაც ძალიან სათაკილო რამ იყო და ამას ახალგაზრდული, გაუაზრებელი რომანტიზმით ამართლებდა. ინტელექტუალებმა დაკარგეს საზოგადოების თანაგრძნობა? არ ვიცი, ესეც არ არის ასე ცალსახად. შეიძლება ზოგმა ინტელექტუალმა ეს თანაგრძნობა დაკარგა ქედმაღალი სნობიზმის გამო, რაც თავისთავად, ვფიქრობ, მჩატე ნატურებისთვის და ზედაპირული განათლებისთვისაა დამახასიათებელი. მაგრამ არიან და იქნებიან ის ინტელექტუალები, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ. სხვაა, რომ ისინი არ კაშკაშებენ ისე, როგორც აკაკი ბაქრაძე, რომლის ლექციებზეც ასე დანატრებით გავრბოდით. ამის მიზეზი ისაა, რომ ახლა უფრო ღია საზოგადოებრივი სივრცეა: ინტერნეტი, “ფეისბუკი”, თავისუფალი პრესა... სიტყვის მეტი თავისუფლებაა, ყველა ყველაფერს ამბობს შეუზღუდავად, ამიტომ წონიანი სიტყვა გაარჩიო ფუყე და ფუქსავატურისგან _ უფრო შრომატევადი საქმე ხდება. ეს კარგიცაა, რადგან მძებნელ ადამიანებს დამოუკიდებელი აზროვნებისკენ მიმართავს. სჯობს, საზოგადოების მოთხოვნა ჭეშმარიტებაზე იყოს და არა ავტორიტეტებზე.
_ ჩვენი უახლესი წარსულიდან ორ ფაქტს გაგახსენებთ _ მამარდაშვილის “გაძევებას” და მისთვის ძეგლის დადგმას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მხოლოდ უკიდურესობებით შეგვიძლია ცხოვრება. ეს არის ჩვენი ცხოვრების კოდი, ამის მიზეზია გაუნათლებლობა თუ ამას აქვს სხვა საფუძველი?
_ მერაბ მამარდაშვილი, მართალია, გარკვეულ იდეოლოგიურ სქემებს ემსხვერპლა, მაგრამ თვითონ ჭეშმარიტებას იდეოლოგიებზე, მათ შორის ეროვნული ნიშნით შექმნილ იდეოლოგიებზე მაღლა აყენებდა. ისინი, ვინც მას უპირისპირდებოდნენ, ალბათ, უფრო პასუხობდნენ ქართველების უმეტესობის სურვილს: ჩახუტებოდნენ ახალ იდეოლოგიას, რომელიც მხოლოდ ჩაანაცვლებდა კომუნისტურს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამით მსგავსი იქნებოდა; კერძოდ იმით, რომ მიაწვდიდა მოსახლეობას რეალობის აღქმის მარტივ, კომფორტულ სქემას. მამარდაშვილს მიაჩნდა, რომ ვინაიდან რეალობა ძალიან რთულია, ის ითხოვს ადამიანისგან ასეთსავე გართულებას, რაც გულისხმობს შემოქმედებით და რთულ აზროვნებას, უკიდურეს ზნეობრივ დაძაბულობას, თავისუფლებაში დგომის გამოცდილებას. მართალია, ძეგლის დადგმას სჯობს, ეს ყველაფერი შინაგან რეალობად აქციო. მაგრამ ძეგლიც არ არის ცუდი, თუ ფარისევლურად არ მიუდექი: ვითომდა პატივს ვცემ, სინამდვილეში კი ძეგლის აგებით ვასამარებ ყველაფერ იმას, რასაც ეს კაცი ემსახურებოდა. ძალიან კარგი ძეგლი უდგას მერაბ მამარდაშვილს: ერნსტ ნეიზვესტნის “მერაბ მამარდაშვილი უსმენს სამყაროს”: მასზეა ფილოსოფოსის ფიქრში წასული სახე, სახის ზემოთ კი რაღაც რთული კონსტრუქცია, რომელიც შესაძლოა, გამოხატავს რეალობის სირთულეს, რომელიც ყოველთვის გართმევს საშუალებას, მიეცე კმაყოფილებას, არამედ აზროვნებისკენ მოგიწოდებს, ან ეს გაუგებარი კონსტრუქცია, იქნებ გამოხატავს ქიმერებს, ჩვენში დაბადებულ “დრაკონებს”, მაცდურ იდეოლოგიურ სიცხადეებს, რომლებსაც მამარდაშვილი ებრძოდა.
_ ერთ-ერთ ნაშრომს, რომელიც მართალია, სხვა თემას ეხება, თქვენ ასე იწყებთ _ “ვეფხისტყაოსნის” ლაიტმოტივი სიყვარულია, როგორც მიჯნურობის, ისე მეგობრობის ფორმით. გავაგრძელებ, რომ იგივე მართლმადიდებლური რელიგიაც ძირითადად სიყვარულზეა ორიენტირებული. ერი, რომელსაც, ფაქტობრივად, აქვს ორი ბიბლია _ საერო და სასულიერო, ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ერთმანეთის სიძულვილის დემონსტრირებას ახდენს. რატომ ვძალადობთ ერთმანეთზე და რა არის ამ აგრესიის მიზეზი?
“მართლმადიდებლური რელიგია” არაზუსტი გამოთქმა მგონია. “მართლმადიდებლური” ზედსართავია და ის არსებითი სახელი რისი ზედსართავიცაა, “მართლმადიდებლური” არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა, კი, მართალია, არა მარტო “ძირითადად სიყვარულზეა ორიენტირებული”, არამედ სიყვარულზეა დაფუძნებული: “ისე შეიყვარა ღმერთმა სამყარო, რომ თავისი ერთადერთი ძე არ დაზოგა მისი ხსნისთვის” (იოანე 3:16). ანუ კითხვა ისმის, რატომ ვართ ცუდი ქრისტიანები და არ ვასრულებთ სახარების მცნებებს? ან არ ვაჩვენებთ თავგანწირული სიყვარულის ისეთ მაგალითებს, როგორსაც ასმათი, ავთანდილი და ტარიელი? და რომელ ეპოქაში ვიყავით ისეთები, რომ მსგავსი კრიტიკა უადგილო ყოფილიყო? ეს გლობალური და ზოგადსაკაცობრიო საკითხია, უამრავი მიზეზით და გამიჭირდება ახლა კონკრეტული მიზეზების დასახელება და მათზე მსჯელობა _ ეს ამ ინტერვიუს ფორმატს ძალიან სცილდება.
_ მერაბ მამარდაშვილზე საუბრისას თქვენ აცხადებთ, რომ ის “მოუწოდებდა ოპონენტებს, რომ საჭიროა გავთავისუფლდეთ რადიკალური სტერეოტიპებისგან, ინერციისგან, ცრურწმენისგან, საჭიროა ანალიზი, საჭიროა ობიექტურობა”. მამარდაშვილისეული მოთხოვნების კონტექსტში რა შეიცვალა საქართველოში 80-იანი წლებიდან მოყოლებული, გავიზარდეთ კი?
_ გავიზარდეთ, მაგრამ არა საჭირო ტემპებით. არ შეიძლება, არ გავზრდილიყავით. ამდენმა გაწბილებამ თავისი ნაყოფი გამოიღო და ახლა მოსახლეობა აღარ აყვება ძველებურად ინფანტილურად პოლიტიკოსების ქარიზმასა თუ ლამაზ-ლამაზ დაპირებებს. მაგრამ გაწბილება შეიძლება საფუძვლად დაედოს როგორც დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის ხარისხის გაზრდას და საზოგადოების გამოფხიზლებას, ისე “განბრძნობილ” სასოწარკვეთასა და აპათიას. ახლა ის არის მნიშვნელოვანი, რომ პირველი მოხდეს და არა მეორე.
_ წინასაარჩევნოდ გაგვიჭირდება პოლიტიკისთვის გვერდის ავლა. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ ემოციის შეფასება, რითაც ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს აკეთებს. ქართველი ამომრჩევლის შემთხვევაში ეს არაა ღირებულებითი არჩევანი. რა ჰქვია ამ მდგომარეობას, რითაც უმრავლესობა ხელმძღვანელობს და საკუთარი არჩევანით ქვეყნის ბედს ისეთ ადამიანებს უგდებს ხელში, რომელთათვისაც ქვეყანა ხშირად არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს?
_ რა ჰქვია იმ მდგომარეობას, როდესაც ამომრჩეველი არა პრინციპების (პირველ რიგში, ზნეობრივი) მიხედვით, არამედ ვნებებით და ვიწროპირადული ინტერესებით აკეთებს არჩევანს? ამ მდგომარეობას ჰქვია: “აქ არავის, დიდსა თუ პატარასა, ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული”. ქვეყნის ტკივილი კი არის სამართლიანობის დეფიციტი, დემოკრატიის სიმყიფე (თუმცა აქ რადიკალურად უკეთესობისკენ არის ძვრა წინა “ვარდების” წლებთან შედარებით, მარტო ის რად ღირს, რომ კვირა არ გავა, უკმაყოფილო მუშები არ გაიფიცონ, პროტესტი არ გამოთქვან, რაც საერთოდ არ ხდებოდა “ვარდების” წლებში დაშინების გამო), უხარისხო სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ეკონომიკური სიდუხჭირე და დაუსაქმებლობა. ხმა იმ კანდიდატს უნდა მისცე, ვინც, შენი სინდისის შუქზე, ყველაზე ნაკლებად შეუშლის ხელს ამ პრობლემების მოგვარებას.
_ და მაინც, რადგან ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას! რა არის ის ჭეშმარიტება, რომელმაც საქართველოში პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდებისა და საზოგადოების სიჭარბე უნდა გააჩინოს, რომელმაც შედეგად პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს _ მოხელის, მოღვაწის, მოქალაქის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი?
_ “ის ჭეშმარიტება”, ვფიქრობ, არაზუსტი ფორმულირებაა, ტერმინოლოგიური შეუთავსებლობა, რადგან ჭეშმარიტება აბსოლუტური, უპირობო რამაა, როგორც კითხვაშიც ამბობთ, “ყველაფერზე მაღლა დგას”. ასე რომ, “ის”-ის დამატება მას არელატიურებს, პირობითობას ანიჭებს. ჭეშმარიტება ისეთი მარადიული რეალიაა, რაც ჩვენში კვებავს და აცოცხლებს იმას, რაც შეიძლება გახდეს მარადიული. ადამიანი ხელმეორედ უნდა დაიბადოს ჭეშმარიტებაში. თუ ეს არ მოხდა, არც საქართველოს არსებობას აქვს რაიმე საზრისი.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“, 23-29 ოქტომბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |