

|
ბიძინა ივანიშვილი მიდის. თანამედროვე პოლიტიკურ განტოლებაში, სადაც უამრავი ცვლადია, ეს ერთადერთ საერთო მნიშვნელად შეიძლება ჩაითვალოს. სად მიდის, რატომ, რა მიზნით, რას აპირებს და როგორ _ უკვე სხვა განტოლებაა. ამჟამინდელი ვითარების ყველაზე საინტერესო კითხვა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მომავალი ბედია. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ სწორედ მის ირგვლივ იქსოვება ინტრიგათა ქსელი და ამ ქსოვაში ერთდროულად რამდენიმე ძალა მონაწილეობს. ძირითადი მიზეზიც იოლი დასადგენია: ირაკლი ალასანია ერთადერთი პოლიტიკური ფიგურაა დღევანდელ მინისტრთა კაბინეტში! თანაც, არა უბრალოდ პოლიტიკური ფიგურა, არამედ საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი. ოღონდ, თავდაცვის მინისტრობაზე მეტად მის ძალას საპარლამენტო ფრაქცია და “შეკრული გუნდი” განაპირობებს.
რაც შეეხება კონკრეტულ გამოვლინებებს, ერთ-ერთი მათგანი იყო ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე დასმული კითხვა ჯარისკაცების მოწამვლასთან დაკავშირებით, რასაც, როგორც უკვე მეტისმეტად ბევრჯერ მომხდარა, მთავრობის თავმჯდომარის აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა. ამ რეაქციის ემოციური საფუძველი გასაგებია: გასაკვირი იქნებოდა, პრემიერს რაიმე სიმპათია ჰქონდეს იმ მინისტრის მიმართ, რომელიც ზურგს უკან “კიტრს” ეძახდა. ეს ისეთი რამაა, რასაც არავინ არასდროს არავის აპატიებს. მით უმეტეს საქართველოში. ბიძინა ივანიშვილს კი ყველაფერი შეიძლება დააბრალო, გარდა იმისა, რომ მენტალობით, აღზრდითა და ფსიქოლოგიით ქართველი არ არის. ამიტომაც გროვდება ეს ფაქტები, რომლებიც ფეთქებად, თუმცა ჯერჯერობით “მოთმენილ ბრაზს” ავლენს.
სინამდვილეში, რასაკვირველია, არანაირი “მასობრივი მოწამვლა” არ მომხდარა, გარდა რამდენიმე თვის წინანდელი ერთი შემთხვევისა და მაშინაც გაზვიადებული იყო. ყველა სხვა ინციდენტი კი აშკარად თავსდება ხორციან საჭმელს მიუჩვეველი იმ საბრალო “გლეხის ბიჭთა” კუჭ-ნაწლავის პრობლემებში, რომლებმაც, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ძღომამდე ჭამისთვის გააფორმეს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან.
რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა თქვა: “მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა მინისტრი შეინარჩუნებს თანამდებობასო”. მერედა, ვინ არის ეს გამონაკლისი? ის ხომ არა, ვისაც ვიცე-პრემიერობა უკვე ჩამოართვა? იქვე ახსენა: “ზოგიერთი მინისტრი თვითრეკლამას ახერხებსო”, თანაც (დავაკვირდეთ) “რატომღაც” კონტრასტით სწორედ ალექსი პეტრიაშვილთან, რომელიც იმავე გუნდის წარმომადგენელია.
გასაგებია, რომ “თვითრეკლამირებაში” იგულისხმება “ჯიჰადის ვიდეოსთან” დაკავშირებული სკანდალი, რომელმაც დაადასტურა, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ერთმანეთს, როგორც მინიმუმ, არ ელაპარაკებოდნენ, ანუ, მოდური ტერმინით, “კომუნიკაცია არ გააჩნდათ”. ალასანიას განცხადებამ ღარიბაშვილი მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა და აიძულა, ის გაეკეთებინა, რისი გაკეთებაც არ უნდოდა, ანუ ღიად გამოეცხადებინა, რომ საქმე გახსნილია, ხოლო დამნაშავე _ დადგენილი და ამით მოესპო შანსი იმ ყირგიზი გაიძვერას დაკავებისა მესამე ქვეყანაში, საიდანაც მისი ექსტრადირება იქნებოდა შესაძლებელი.
ამიერიდან, რამდენჯერაც არ უნდა მივიდეს ალასანია შინაგან საქმეთა სამინისტროში და როგორც არ უნდა გააპიარონ ეს მისვლა (“შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო თავდაცვის მინისტრი”) ლამის “კანოსას წასვლად” ან “უძღები შვილის” დაბრუნებად, ფაქტია, რომ “ჯიჰადის ვიდეოს საქმით” გამოვლინდა ის, რისი გამოვლენაც ღარიბაშვილს არ აწყობდა, ალასანიას კი, როგორც ჩანს, ტაქტიკური მოსაზრებებით სჭირდებოდა.
ახლა კი ვცადოთ მთელი ამ სიტუაციის ექსტრაპოლირება “პოსტბიძინისტურ რეალობაზე”: ივანიშვილი წასულია, ესე იგი პოლიტიკურ განცხადებებს ვეღარ გააკეთებს და თუ გააკეთებს, ირაკლი ალასანიას სრული საფუძველი ექნება, მხრები აიჩეჩოს, ანუ პირდაპირ ან ქარაგმულად თქვას (სხვათა შორის, ქარაგმები ეხერხება), რომ პოლიტიკიდან წასულ მილიარდერს არც კოალიციის საქმეები ეხება და, მით უმეტეს, არც მინისტრთა კაბინეტის წევრთა კონკრეტული გადაწყვეტილებები; საპარლამენტო უმცირესობას არაფორმალურად(!) შეადგენენ “ნაციონალები”, “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები”, როგორც იდენტური ღირებულებების მატარებელი ჯგუფები; ყოფილი “ქართული ოცნება” ფორმალურ ერთიანობას ინარჩუნებს, თუმცა, სინამდვილეში, ეს ერთობა დამთავრებულია და ძნელი არ იქნება რაიმე კონკრეტული საკითხის მოძიება (ვთქვათ, ეკონომიკის სფეროში), როდესაც გამიჯვნა უკვე არა მიშისტობა-ბიძინისტობის, არამედ მემარჯვენეობა-მემარცხენეობის ნიშნით მოხდება. მაშინვე დაფიქსირდება რეალური ერთობა _ ფორმალურის საწინააღმდეგოდ.
ამასობაში, მიშა სააკაშვილი, რომელიც რჩება “ნაციონალური” პარტიის თავმჯდომარედ და ელის რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში ადგილის გამოთავისუფლებას, მკაცრად აკრიტიკებს “უპატრონო”, “უმეცარ”, “რეგვენ”, “კორუმპირებულ”, “უსახო”, “ულიდერო”, “დაბნეულ”, “უმაქნის” მთავრობას და იმავდროულად იმეორებს ადრე ნათქვამს, რომ ერთადერთი, ვისაც ამ მთავრობაში პატივს სცემს _ ირაკლი ალასანიაა, ვითომდაც მისი პროდასავლურობისა და ნატო-ს იდეალთა ერთგულების გამო. ამდენად, “რამე რომ იყოს”, ნაციონალები მის პრემიერ-მინისტრობას მხარს დაუჭერენ და, ხსენებულ ორ მოკავშირესთან ერთად, ხმებიც ეყოფათ.
რა უნდა მოიმოქმედოს ამ სცენარის აღსაკვეთად ახალმა პრემიერმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ხელდამსხმელი ვერ “მოახერხებს” დარეკვას, რაკი საფრანგეთში გადაიხვეწება? რა და, დროულად მოიშოროს “საშიში ფიგურა”, რომელიც სულ რაღაც ერთ წელიწადში უკვე ძნელად მოსაშორებელი იქნება.
გელა კალანდაძე, გაზეთი „პრემიერი“, 23-29 ოქტომბერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |