|
სიყვარულის ისტორია ეგოიზმის ერთ ნაღვლიან ზღაპრად გადაიქცა
ცნობილი ადამიანების ვიწრო წრეში ისინი ერთმანეთისგან შორს იდგნენ _ თავქარიანი ქერათმიანი და ღირსეული ინტელექტუალი. მას შემდეგ, რაც მერლინმა და არტურმა ერთმანეთი შეამჩნიეს, მშობლიურები გახდნენ, მაგრამ ერთმანეთის სულში ღრმად ჩახედვა მაინც ვერ შეძლეს.
ამაღელვებელი კადრი: არტურ მილერი იძლევა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს. მონროსთან სასიყვარულო ისტორია 40-წლიანი სიძველისაა, მაგრამ ხანდაზმულ მამაკაცს თითები შესამჩნევად უკანკალებს.
`ჩვენ ორი სხვადასხვა ნაწილი ვიყავით, საზოგადოების კონტრასტები. მაშინვე ვერ გავიგე, რომ გვერდით არ მყავდა მხოლოდ მგრძნობიარე, სიცოცხლეზე შეყვარებული ქალი. მასში იყო იდუმალება, რომლის შესახებაც ვერც კი ვეჭვობდი. მაგრამ მე ის მიყვარდა. მეგონა, რომ საკმარისია, იყო მის გვერდით, რათა მისცე იმედები~, _ ამბობდა არტური, მაგრამ ცდებოდა.
ის იხსენებს, რომ მონრო პირველად ერთ-ერთ ცნობილ კოქტეილის საღამოზე დაინახა. მას ღია, გამჭვირვალე კაბა ეცვა, სვამდა ტკბილ ღვინოს და ბევრს იცინოდა. მსახიობის ირგვლივ მამაკაცები, როგორც ცეცხლის გარშემო პეპლების გუნდი, ისე იწვოდნენ. ის ყველას ახარებდა თავისი ღიმილით, თუმცა მეტს არაფერს ჰპირდებოდა. მის გვერდით ყოველთვის იმყოფებოდა მისი ქმარი ყოფილი ბეისბოლისტი ჯო დიმაჯიო. შუბლზე გაჩენილი ხაზებისა და მოკუმული ტუჩების დანახვაზე მხოლოდ სულელი ვერ მიხვდებოდა, რომ ის ეჭვიანობით იყო დაღლილი.
თავდაპირველად მილერი მერლინს ცნობისმოყვარეობით უყურებდა. შესაძლოა, ის მასში ერთ-ერთი პიესის გმირის პროტოტიპს ეძებდა.
მონრო იყო ქალი, რომელიც ყველა თაყვანისმცემელს სითბოსა და მცირე სიყვარულის იმედს აძლევდა. ქალი, რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე და საჩუქრებად სიხარულს არიგებდა. საოცარი სახეა. იმ საღამოს მათ ერთმანეთში უმნიშვნელო ფრაზები გაცვალეს.
დიმაჯიოსთან მტკივნეული განშორებისა და პირველი ნერვული სტრესის შემდეგ მერლინი სტრასბურგის სკოლაში მიდის. იქ მსახიობებს ჟესტებით საუბარს ასწავლიან. მერლინი ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკის სტუდიაში გადადის.
იქ კვლავ არტურ მილერს ხვდება. ინტელექტუალთა შორის მერლინი თავს არაკომფორტულად გრძნობს, მერლინს სურს მათი თითოეული სიტყვა შეისრუტოს, მაგრამ გრძნობს, რომ მათ წრეს არ ეკუთვნის, ის გაუნათლებელი გოგონა იყო, რომელიც მილერს ქვემოდან ზევით ალერსიანად და აღტაცებით უყურებდა. მერლინმა იცის, რომ ის დაქორწინებულია წესიერ ქალიშვილზე, წესიერი ებრაული ოჯახიდან, იცის, რომ მილერს ჰყავს შვილები და ამიტომ თანხმდება მას, მალულად შეხვდეს.
მილერი მასში იმ პოტენციალს ხედავს, რის შესახებაც მერლინს მანამდე არავინ უყვებოდა. მილერი ხედავს მის სწრაფვას სრულყოფილებისკენ. მას სჯერა, რომ ოდესღაც ეს ლამაზი ქალი კომედიური მსახიობის ამპლუას გადააბიჯებს და დრამატული ჟანრის ოსტატი გახდება. რამდენიმე კაფეში მათთვის დაჯავშნილია მაგიდები, სადაც ისინი პაპარაცებს ემალებიან. ისინი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან. მილერს დრო სჭირდება, რათა ცოლს გაშორდეს. დიახ, მას სურს ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მონროს გვერდით ისწავლა ღიმილი, ხალისიანი ცხოვრება და სიცოცხლით ტკბობა.
1956 წლის ივნისში მონრო მილერის კანონიერი ცოლი ხდება. არტურმა ის დაითანხმა, ქორწინება იუდეის კანონების სრული დაცვით აღესრულებინათ. მონრო მის გვერდით, ბოლოს და ბოლოს, ჭკვიან ქალს დაემსგავსა. იზიდავს ხელოვნება, კითხულობს პიესებს, ყველა ჟურნალისტს ეუბნება, რომ სურს იყოს დიდი მსახიობი და არა ცანცარა, კაბაში გახვეული სულელი ქალი.
თითქოს მათს სხვადასხვა თვისებებს ერთმანეთი უნდა შეევსო, მაგრამ არტური ხვდება, რომ მერლინთან ცხოვრება შეუძლებელი ხდება. ყოფითი სიმსუბუქე უსასრულო ისტერიკებში გადაიზარდა, დილით ის თვით მომხიბვლელობაა, საღამოს კი _ კოშმარი. ის დასაძინებელ აბებს სვამს. პრესაში ჩნდება ირონიული სვეტები _ `ცნობილი დრამატურგი ქერათმიანი სულელი ქალის ქუსლიანი ფეხსაცმლის ქვეშ აღმოჩნდა და ახლა არც ერთი ბწკარის დაწერა აღარ შეუძლია~, _ წერენ მიმომხილველები.
მილერი წერს პიესას, რომლის მიხედვითაც ფილმის გადაღებას გეგმავს. რეალურ ცხოვრებაში ნამდვილი ტრაგედია ვითარდება: მონროს მუცელი მოეშლება. 1960 წლის შუა ხანს მილერის სცენარის მიხედვით ფილმს იღებენ. ისინი ერთმანეთს ძალდატანებით უღიმიან. მონრო პირველად თამაშობს როლს, რომელიც მისგან დიდ ემოციურ მარაგს მოითხოვს.
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მონრომ როლს თავი ვერ გაართვა.
1961 წლის დასაწყისში მილერისა და მონროს განქორწინებაზე განცხადება შეაქვთ. მერლინისთვის ეს ქორწინება ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, მათ ერთად ოთხი წელი იცხოვრეს. თავისუფლების მიღების შემდეგ არტურმა ამოისუნთქა. მალე მის გვერდით აღმოჩნდება ინგებორგა მორატი _ ფოტოსააგენტო `მაგნუმის~ ნიჭიერი ავტორი. მორატი ბოლომდე იზიარებდა მილერის გატაცებებს და მას არასდროს შორდებოდა.
მონრო ამბობდა, რომ `არჩევანი მარტივია, როდესაც ყველა მამაკაცი ერთნაირი ხდება~. არტური მას ხშირად უწოდებდა `ყველაზე სევდიან გოგოს~. დიმაჯიოს ყოველ კვირას მის საფლავზე ყვავილები მიჰქონდა. კენედების ოჯახი დღემდე უპასუხოდ ტოვებს მისი სიკვდილის დეტალების შესახებ გაჩენილ კითხვებს.
`მამაკაცების შეცდომა ის იყო, რომ ღამით ისინი ეხვეოდნენ მერლინს და არ იცოდნენ, რომ დილას ნორმა ჯინთან გაატარებდნენ~, _ ეს ან მორიგმა ფანტაზიორმა ბიოგრაფმა მოიგონა, ან მონროს ნამდვილად უნებლიეთ წამოსცდა. ქედმაღალმა მწერალმა ვერ შეძლო თავქარიანი და მომღიმარი ქერათმიანი ქალის ნიღბის ქვეშ რთული ხასიათისა და სულიერი ტკივილის დანახვა.
სიყვარულის ეს დიდებული ისტორია კი ეგოიზმის ერთ ნაღვლიან ზღაპრად გადაიქცა.
მოამზადა მაკა სვიმონიშვილმა, გაზეთი „პრემიერი“, 23-29 ოქტომბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |