|
“ქართული ოცნების” მთავრობა პირველ ეკონომიკურ ამნისტიას აცხადებს. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება 1-ლი ოქტომბრის შემდეგ დაჟინებით იმეორებდა, რომ საგადასახადო კუთხით ამნისტია არ იქნებოდა და განმარტავდა, რომ “ამნისტიის აქტი” გასული ხელისუფლების პირობებში შერჩევით ხდებოდა, თავადაც ამ მიმართულებით წავიდა და საკუთარი გადაწყვეტილებით უზურფრუქტარები შეღავათიან რეჟიმში გადაჰყავს. ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება, კონკრეტულად ვისთვის გამოიცემა ამნისტია (წინა ხელისუფლების დროს ზედაპირულად თუ გავიხსენებთ, საშეღავათო პირობებში მუდმივად გვხვდებოდნენ ნაციონალური ტელეარხები), თუმცა აღიარებენ, რომ მილიონებზეა საუბარი.
დროთა განმავლობაში ნამდვილად გაირკვევა, ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი, ისიც კი, ვინ იყო ლობისტი, მაგრამ ცხადია, რომ მიზნობრივ ამნისტიას აუცილებლად ეყოლება რამდენიმე სამიზნე _ დაინტერესებული ჯგუფი. ასე რომ არ იყოს, ახალი ხელისუფლება დატანჯულ და გაუბედურებულ ქართულ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ერთი ხელის მოსმით _ კეთილი ნებით გამოუცხადებდა საგადასახადო ამნისტიას და მათ “ადამიანურად” ეტყოდა _ დაიწყეთ საქმიანობა სუფთა ფურცლიდან.
ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯის გადაუდგმელობა “ოცნების” ხელისუფლებას “ნაციონალ” კუდიანებზე დევნისთვის და მათი “კუდით დასაჭერად” სჭირდება. თუმცა ეს მაინც პოლიტიკური ნებელობის საკითხია და ამის გამო ხელისუფლებას ვერც შეედავები.
თუმცა ფაქტია ისიც, რომ ნებისმიერ ამნისტიას ახლავს პოზიტიური და ნეგატიური შედეგები. თუ ნეგატიურს განვიხილავთ, ეს უპირველესად ბიუჯეტისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზარალია და ასევე, როგორც აღინიშნა, ის ინტერესჯგუფები, რომლისთვისაც ხორციელდება ამნისტია.
რაც შეხება პოზიტიურს, ზედმეტი საფინანსო ტვირთის მოშორებამ ნებისმიერ ბიზნესს უნდა შეუწყოს ხელი, რათა ის ეფექტურად განვითარდეს. თუმცა ისიც ცხადია, რომ უზურფრუქტარების შემთხვევაში საუბარია დაგროვილ ვალებზე, რომლის გადახდასაც, როგორც ჩანს, ეს სუბიექტები ისედაც არ ან ვერ აპირებდნენ.
ირკვევა, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმილ საშემოსავლო ნაწილზე შემცირების თვალსაზრისით, პირგასამტეხლოს თანხების გადახდის ვალდებულების წარმოშობის გაუთვალისწინებელი ხასიათის გამო. ამასთანავე, შესაძლებელია, დადებითი გავლენა იქონიოს კანონპროექტით გათვალისწინებული ანაზღაურების თანხების გადახდის ვალდებულების გათვალისწინებით. “თუმცა ამ ეტაპზე ამ გავლენის რაოდენობრივად გამოსახვა შეუძლებელია”, _ აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.
და მაინც, ახალი ამნისტიის აქტით რას გთავაზობს ხელისუფლება _ “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, ქონების მმართველისთვის ინფორმაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის 2014 წლის 1-ელ იანვრამდე დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიებას.
ე.წ. “ამნისტიის აქტის” მიხედვით, სახელმწიფოს უზურფრუქტარებს ეპატიებათ, ასევე, გადაცემული ქონების დაზღვევისა და კომუნალური გადასახადების გადახდის ვადის დარღვევისთვის 2014 წლის 1-ელ იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლო. თუმცა აღსანიშნავია, რომ “ამნისტიის აქტი” არ მოქმედებს იმ პირთა მიმართ, ვისაც შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო გადახდილი ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
“საინტერესო ცვლილება იქნება და ერთგვარი ამნისტია ცხადდება, პირგასამტეხლოებთან და ჯარიმებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც ინფორმაციის წარმოუდგენლობაზეა დიდი ოდენობით ჯარიმები. ასეთი ჯარიმების მოცულობა კი რამდენიმე მილიონს აღწევს. მსგავსი ინფორმაციის წარმოდგენას ასე ადრე არ ითხოვდნენ და მაქსიმალურად დავიწყეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, რადგანაც ხელშეკრულება იყო და მონიტორინგზე იყო ეს ხელშეკრულებები აყვანილი და შესაბამისი ჯარიმებიც დაეგზავნა ამ ხალხს. თუმცა კანონპროექტი ამის ამნისტირებას ითვალისწინებს”, _ განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.
ასევე, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლება, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიმღებ პირთა დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე; ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების შესახებ.
“საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთდაბალანსების მიღწევას ემსახურება ასევე საპრივატიზებო პირობების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ. ეკონომიკური გარემოს ცვალებადობისა და სახელმწიფოს კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს საპრივატიზებო პირობების შეცვლის საკითხიც. ასეთ შემთხვევაში, სათანადო ანაზღაურების გადახდა ერთ-ერთ ალტერნატივად იქნება განხილული. ამდენად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშედარების საფუძველზე შესაძლებელი გახდება სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეიცვალოს საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობა ან საერთოდ გაუქმდეს იგი”, _ ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია, სახელმწიფო ქონების, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, სარგებლობაში გადაცემის პოლიტიკის ახლებურად განსაზღვრა, საპრივატიზებო პირობების შეცვლის ეკონომიკურად ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა და სახელმწიფო ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების დაკონკრეტება, ასევე, განსახილველი კანონის მისადაგება ანტიმონოპოლიურ პრინციპებთან და სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების შესრულების მიღების/დადასტურების მოქნილი პროცედურის შექმნა.
მართალია, კანონპროექტში არსად არაა დეკლარირებული, რომ მთავრობა “მიხვდა” ინვესტორებისადმი დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას, მაგრამ კანონში შესატანი მთელი რიგი ცვლილებები აშკარად მიუთითებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე ინვესტორებს “კომფორტი” შეუქმნას.
“სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში ცვლილება შედის შემდეგი კუთხით, აქამდე სასოფლო-სამეურნეო მიწების სარგებლობის უფლებით გაცემა არ შეიძლებოდა. ანუ გინდოდა თუ არ გინდოდა, უნდა გაგეყიდა, სხვა გზა არ იყო. კანონპროექტით კი ამის საშუალება ჩნდება. იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიწებზე მორატორიუმია გამოცხადებული და საშუალება რომ იყოს, ინვესტორები დავაინტერესოთ, მოხდება გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება მათთან”, _ განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
პრინციპში, ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს, მისასალმებელია. თუმცა იმედია, რომ მიწაზე დაწესებული მორატორიუმისა და მერე ირიბად აღიარებული “შეცდომის” დარად არც პირველი ეკონომიკურ-ფინანსური “ამნისტიის აქტი” და არც კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები, მთავრობას შემდგომ ისევ არ გაუხდება სანანებელი.
მაია არაბიძე, გაზეთი „პრემიერი“, 23-29 ოქტომბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |