

|
«ხალხი ხედავს, რომ ცვლილებების დრო მოვიდა ყველგან»
«პრემიერს» ესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი
_ ბ-ნო ოთარ, კოალიცია «ქართულ ოცნებაში» დაპირისპირებაზე ბევრს საუბრობენ, უარყოფის მიუხედავად, დასტურდება ხოლმე, რომ ეს საუბრები სიმართლესთან ახლოსაა, რაზე ვერ თანხმდებით?
_ კოალიცია ცოცხალი ორგანიზმია, აქ ძირითადად კონცენტრირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები და წარმომადგენლები. ჩვენს კოალიციაში პლურალიზმია, რომელიც ბოლო ორი საუკუნე არ ყოფილა არც ერთ მმართველ ძალაში და ამიტომ უკვირს ყველას. დიახ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველას აზრს და განსხვავებულ თვალთახედვას. მიხარია, რომ ჩვენს კოალიციაში არ არის მონური ფსიქოლოგია, ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო. ჩვენ შიგნით, კოალიციაში ვაღიარებთ ცხოვრების იდეურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის ძირითად პრინციპებს, რომლის ფარგლებშიც დაშვებული, უზრუნველყოფილი და აღიარებულია სხვადასხვა იდეური, სოციალური და პოლიტიკური მიმდინარეობების მრავლობითობა. ის სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიულობისა და ჰუმანურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია.
_ კოალიციაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობის საკითხზეც, თქვენ როგორ ფიქრობთ? შეიძლება კონკრეტულად მითხრათ და არგუმენტიც დამისახელოთ, რატომ _ კი, ან რატომ _ არა?
_ ასე ხელაღებით პასუხი არ შეიძლება იყოს. ჩვენი სპორტსმენები თავისი ქვეყნის სახელით გამოდიან ოლიმპიადაზე, ეს დიდი პატივია, მაგრამ ჩვენ უკვე მიკროსკოპის ქვეშ დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს. თუ დავრწმუნდით, რომ ხდება ოლიმპიადის ზედმეტად პოლიტიზება და მისი გამოყენება ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაშინ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისა და მოქალაქეების ღირსების დასაცავად შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
_ თქვენი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შანსებს როგორ აფასებთ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ექსპერტთა დიდი ნაწილი მეორე ტურს არ გამორიცხავს.
_ გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, ხალხი ხედავს, რომ ცვლილებების დრო მოვიდა ყველგან და ეს ცვლილებების ქარი პრეზიდენტსაც ეხება. ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა გაწონასწორებული, ქვეყნისა და ერის მოსიყვარულე ადამიანი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება და არა მერკანტილური აზროვნების მქონე დაბოღმილი ტიპი. მარგველაშვილის პიროვნებაში ყველა ის დადებითი თვისებაა, რაც ლიდერს, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, გიორგი გაიმარჯვებს და ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება იქნება დამაჯერებელი, ყოველგვარი კითხვის გარეშე.
_ პრემიერმა განაცხადა, რომ კოალიციაში არის რამდენიმე ადამიანი ვინც სიტუაციის აყირავებას ცდილობს. პრემიერზე უკეთ თქვენ გეცოდინებათ, ვის აქვს ამის მცდელობა და, ზოგადად, რა იგულისხმება აყირავებაში?
_ ვისაც ჩვენთან არ უნდა, ჩოხის კალთას ვერ დავაგლეჯთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, აზრთა თანხვედრა იყოს, მაგრამ თუ რამე პრობლემაა, თან გადაულახავი, ალბათ, წავლენ. სიმართლე გითხრათ, პარლამენტში ვარ და მე არ მეგულება ორი კი არა, ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამ ეტაპზე სადმე წამსვლელია, ფრაქციის შექმნაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. სხვათა შორის, მე ვთქვი ფრაქციის თუ უმრავლესობის სხდომაზე, რომ ვისაც წასვლა გინდათ, ნუ აანონსებთ, რომ ბატონი ბიძინას წასვლის შემდეგ წახვალთ კოალიციიდან, ჯობია, ახლავე წავიდეს წამსვლელი. რადგან ჩვენ ბატონი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ უფრო გვჭირდება მონოლითი და ურთიერთთანადგომა, ვიდრე კეკლუცობა ტელეკამერების წინ და პოზირებით გასვლა კოალიციიდან. ვინც წასასვლელია, ახლავე წავიდეს, ნუ უცდის ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას. მართლა გეუბნებით, ვერ ვხედავ მასეთს ვერავის, ან რატომ უნდა წავიდეს? აი, ეს საკითხი არ მასვენებს კიდევ _ ვინმეს აზრის გამოხატვას უშლიან? ზოგს შეიძლება საგანელიძე არ მოსწონს, მაგრამ ჩრდილელი მოსწონს, ან ჩრდილელიც არ მოსწონს, იმერლიშვილი მოსწონს და ა.შ. ეგრე სადაა, დააბერტყო რაღაც, დაიხურო «კენგოლის» ქუდი და წახვიდე. თუ წახვალ, საზოგადოებას გარკვევით და მკაფიოდ უნდა აუხსნა, რატომ მიდიხარ და აქამდე რატომ არ მიდიოდი. მე ხაზგასმით ვამბობ, ამ ეტაპზე არაა ეგ საკითხი აქტუალური და პრემიერის წასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, ვიღაც გავა და ვიღაც შემოვა. ნოსტრადამუსი არა ვარ, რომ გავიგო, ვის თავში რა იხარშება და არც მიშა სააკაშვილი ვარ, რომ გაუაზრებელი ფრაზები ვისროლო.
_ სამართლიანობის აღდგენის დაგვიანებამ ახალი ხელისუფლების მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუმცა ძირითადი ბრალდებები ისმის პროკურატურის მისამართით. აღიარებთ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში პროკურატურა სუსტი რგოლია?
_ ვერ ვხვდები, რატომ კიდებენ ყველა ცოდვას პროკურატურას, მათ ნამდვილად არ სჭირდებათ ჩემი ადვოკატობა. გადახედეთ, ათიათასობით საქმეზეა შესული საჩივარი პროკურატურაში. დღე და ღამ მუშაობენ, როგორც ჩვეულებრივ, ასევე გახმაურებულ საქმეებზე, პროკურატურის ადამიანური რესურსიც გასათვალისწინებელია. მე მართლა მესმის საზოგადოების ნაწილის, რომელსაც კონკრეტულად საკუთარი საქმე აინტერესებს და უნდა კონკრეტული ვადა, მაგრამ მერწმუნეთ, ამას უნდა თავგადაკლული შრომა. დღეს აღარ არის ის პროკურატურა, რომელიც Fასტ-ჩოპყ-ით შავით თეთრზე «კერავდა» საქმეებს. გახსოვთ, ალბათ, დილით ადამიანს დაიჭერდნენ და შუადღისას განაჩენი გამოტანილი ჰქონდა უკვე და საღამოს მყარად იჯდა ციხეში. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ არსებობს ვადები, რაშიც უნდა ჩაეტიოს გამოძიება, სულსწრაფმა გამოძიებულმა საქმეებმა რა ხეირიც დაგვაყარა, კარგად ჩანს ამ ათი წლის მანძილზე. ოცდამეერთე საუკუნეში ჩვენ ვერც ხამურაბის კანონებით ვიხელმძღვანელებთ და ვერც იუსტინიანე პირველის სამოქალაქო კანონმდებლობის კრებულით, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ არსებული კანონმდებლობა და ყოველგვარი კითხვის ნიშანი მოვსპოთ, ამას კი დრო სჭირდება.…
ლაშა ნოდია, გაზეთი ”პრემიერი”, 16-22 ოქტომბერი, #7
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |