|
«პრემიერს» ესაუბრება მომღერალი ანი სირაძე:
_ ანი, ზაფხულში ხალხი ისვენებს, შენ კი მთელი ზაფხული შრომაში გაატარე...
_ (იცინის) კი, ნამდვილად ასეა, ზაფხულის ცხელი დღეები, როგორც იტყვიან, შრომაში გავატარე. მქონდა ტურნე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და სულ ორიოდე დღეა, რაც ბათუმიდან ჩამოვედი. ამჯერად, დამსვენებლების აქტიური გართობისთვის ვიშრომე...
_ ახალი კლიპის გადაღებაც მოასწარი, რომლის რეჟისორიც ანრი ჯოხაძეა. როდის და სად გეგმავ პრემიერას?
_ დიახ, კლიპი ნამდვილად გადავიღე. პრემიერა კი, სავარაუდოდ, გადაცემა «პროფილში» შედგება. კლიპი მონტაჟის პროცესშია და მალე მზად იქნება.
_ ისე, თუ საიდუმლო არ არის, რატომ ანრი ჯოხაძის რეჟისორობით? და ვინ არის მუსიკისა და ტექსტის ავტორი?
_ ანრი ჯოხაძის რეჟისორობით იმიტომ რომ, პირველ რიგში, ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ჩვენ არაერთხელ გვიმუშავია ერთად და მას 100 პროცენტით ვენდობი. მასთან მუშაობა პირადად მე ძალიან მიადვილდება და ალბათ, ამიტომაც არაერთ პროექტზე გვიმუშავია ერთად. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით ანრი ჯოხაძეს დიდ მადლობას ვეტყვი.
სიმღერის ავტორი გახლავთ მართლაც რომ გამორჩეულად ნიჭიერი კომპოზიტორი, ბატონი გია მაჭარაშვილი, ხოლო ლექსის ავტორია ლალი სხირტლაძე. რაც შეეხება კლიპს, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან მაღალი ხარისხით გადაღებული, ესთეტიკურად ძალიან ლამაზი კლიპი. ვმღერი ძველ სიყვარულზე. დანარჩენი, ალბათ, უმჯობესია, კლიპის მაყურებელმა თავად ნახოს.
_ შენ წარმატებული ადამიანი ხარ _ პოპულარული. ძნელი იყო ის გზა, რომელიც ამ წარმატებამდე გაიარე?
_ 3 წლიდან სცენაზე ვდგავარ. ძალიან დიდი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ იყო წარმატებული. მაგრამ ეს ყველაფერი არასაკმარისად მიმაჩნია. ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, იმისთვის რომ მართლაც წარმატებული ვიყო. თან არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, წარმატების გზაზე რომ იარო, მხოლოდ ერთი რამ არაა საკმარისი, უნდა გქონდეს, რაც მთავარია _ ნიჭი, მონდომება, უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც ემსახურები. საკმაოდ მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებებიც, არასოდეს არ უნდა დანებდე. ამ გზას ხომ, ყველაფერთან ერთად, სირთულეები ახლავს და უნდა შეგეძლოს მათი გადალახვა.
_ სირთულეები ახსენე და გქონია ისეთი მომენტი, როდესაც გითქვამს, _ მეტი აღარ შემიძლია, დავიღალე, ან სულაც მოგდომებია, ამ ყველაფრისთვის თავი დაგენებებინა?
_ დასამალი არაფერია, პროექტ «ჯეოსტარის» შემდეგ დადგა პერიოდი, როდესაც ვფიქრობდი, გამეგრძელებინა თუ არა ეს გზა... სიმართლე გითხრა, ნამდვილად ვფიქრობდი იმაზეც, რომ სიმღერისთვის თავი დამენებებინა. მაგრამ შემდეგ, ყველაფერი კარგად რომ გავიაზრე, მივხვდი _ სცენაზე უნდა ვმდგარიყავი.
_ ისე, რამდენად თვითკრიტიკული ხარ?
_ საკმაოდ. რაც არ უნდა გავაკეთო, არასოდეს ვარ 100 პროცენტით კმაყოფილი. მეტსაც გეტყვი, ეტყობა, ეს თვითკრიტიკულობა ზედმეტადაც მაქვს, რაც ჩემი მეგობრების მხრიდან გაღიზიანებას იწვევს (იღიმის)...
_ ადამიანი მუდმივად ვერ იქნება კარგ განწყობაზე, შენ რით ახერხებ კარგისკენ «შემობრუნებას»?
_ რა თქმა უნდა, კარგი მუსიკით. კარგი მუსიკა მე კი არა, მგონი, ყველა ადამიანს კარგ განწყობაზე აყენებს.
როდესაც ძალიან ვიღლები, მიყვარს მეგობრებთან ყოფნა და ბევრი, ბევრი ფოტოს გადაღება. ფოტოები ჩემი სუსტი წერტილია.
_ რა ხდება პირად ცხოვრებაში?
_ ამჟამად არავინ არ მყავს.
_ ანი, დადის ხმები, რომ თითქმის ყველა გადაწყვეტილებას დედასთან ერთად იღებ...
_ დედის რჩევებს ადამიანი ყოველთვის უნდა იღებდეს, მით უმეტეს ისეთ ურთიერთობაში, როგორიც მე და დედას გვაქვს. ის ხომ ამ სფეროში საკმაოდ კარგად ჩახედულია, რადგან გაიზარდა ხელოვანთა ოჯახში. რაც შეეხება ჩაცმულობას, რჩევებს უფრო ადრე ვითვალისწინებდი, როცა პატარა ვიყავი. ვთქვათ, სკოლაში რომ დავდიოდი... მაგრამ ახლა, ჩაცმულობას, ვარცხნილობასა და ასე შემდეგ, ყველაფერს ჩემით ვწყვეტ. თუმცა, ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც არა თუ დედის, არამედ მეგობრების კეთილ რჩევებსაც ითვალისწინებს.
_ როგორია ოჯახის გავლენა შენზე?
_ მიმაჩნია, რომ, პირველ რიგში, ოჯახმა ითამაშა მთავარი როლი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ვამაყობ, რომ ვარ ეთერ ჭელიძის შვილიშვილი და ამავდროულად ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ საზოგადოების წინაშე.
_ «ცეკვავენ ვარსკვლავებში» უნდა მიგეღო მონაწილეობა, თუმცა გაირკვა, რომ ამ სეზონზე პროექტში არ იქნები...
_ ეს იყო ჭორი. შემოთავაზება არ ყოფილა და სიმართლე გითხრა, არც მიფიქრია ამ პროექტზე.
_ შენი კოლეგების მსგავსად, ტელეწამყვანობაზე ხომ არ გიფიქრია?
_ (ეღიმება) რაღა დაგიმალო და თუ რამეს გავაკეთებდი დიდი სიამოვნებით, სიმღერის გარდა, ეს ნამდვილად ტელე ან რადიოწამყვანობა იქნებოდა. ისე, რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, თუმცა, რიგი მიზეზების გამო, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
_ სამომავლო გეგმებზეც გვითხარი მოკლედ.
_ ვაპირებ ახალი სიმღერის ჩაწერას და 2 სოლო კონცერტი მაქვს დაგეგმილი კახეთში, ბექა ხალათაშვილის პროდიუსერობით. ასევე, ექსკლუზიურად თქვენს გაზეთის გავუმხელ იმას, რაც ჯერ არსად მითქვამს _ ოქტომბრის ბოლოს ლონდონში ვაპირებ სოლო კონცერტის ჩატარებას.
ირაკლი ყურაშვილი, გაზეთი ”პრემიერი” 25 სექტემბერი-1-ლი ოქტომბერი, #4
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |