|
«მე ვარ იმედიანი ადამიანი და ყოველი ჩემი ახალი დღე ახალი ეტაპია კარგისა და წარმატებისკენ»
«პრემიერს» ესაუბრება მომღერალი ნინი წიკლაური:
_ მოგესალმები, ნინი. მადლობა, რომ დრო გამონახე და ინტერვიუზე დაგვთანხმდი. როგორ და სად გაატარე არცთუ ცხელი, მაგრამ სასიამოვნო ზაფხული?
_ სამწუხაროდ, წელს ვერსად ვერ დავისვენე, რადგან მთელი ზაფხული მუშაობასა და საქმეებში ვიყავი ჩართული. ჩავწერე ახალი სიმღერა და ახლა შემდეგ სიმღერაზე ვმუშაობ, ასევე სტუდიებში აქტიურად ვახმოვანებდი რეკლამებს, ვემზადებოდი «ანა-ბანას» სტუდიაში სწავლის დაწყებისთვის, რადგან წელს «ანა-ბანას» სტუდიის ყველაზე პატარა წევრები მივიღეთ, რომელთა პედაგოგიც გავხდი და ამის გამო ვერ მოვახერხე, მაგრამ ნოემბერში დიდი და გრანდიოზული დასვენება მელის.
_ მოდი, დავიწყოთ სულ თავიდან, ნინი წიკლაურის პირველი ნაბიჯები პროფესიულ სცენაზე _ გაგიჭირდა წარმატების მიღწევა?
_ მე ვარ ადამიანი, რომელიც დაბადებულია შრომისთვის და ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ჩემი პირველი ნაბიჯები პიონერთა სასახლეში (რომელსაც ახლა უკვე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ჰქვია) დაიწყო, ძალიან ადრეული ასაკიდან, სადაც გავიზარდე და ვეზიარე უნიკალურ ნაწარმოებებს. ჩემი პედაგოგები იყვნენ პროფესორი ციცინო ციცქიშვილი და ეთერ გოგატიშვილი, რომელთაც ძალა არ დაიშურეს, რომ ჩემთვის ესწავლებინათ ყველაფერი, რაც სცენასა და სიმღერას შეეხებოდა. ამის მერე იყო პროექტი «ნუცას სკოლა», რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა, და მერე უკვე «ჯეოსტარი» და «ბრავო», რომლებზეც უამრავი შემიძლია ვისაუბრო. წარმატება კი ამ ყველაფრიდან მოვიდა დიდი შრომის შედეგად. დღემდე ვზივარ და დღემდე ვსწავლობ, რომ არ გავანელო ეს წარმატება, რომელიც მერგო. ხალხი ყოველთვის ხედავს და აფასებს ადამიანს, რომელიც შრომობს და შრომით აღწევს ყველაფერს და შესაბამისად, ეს უფრო ფასდება, ვიდრე ქარის მოტანილი. ამიტომ მიმაჩნია, რომ შრომით მიიღწევა ყველაფერი კარგი, თან ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა მღერის და ყველა ერთმანეთზე უკეთესად.
_ და მაინც, შენს ცხოვრებაში რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი?
_ ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველა ეტაპი მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, «ჯეოსტარს» გამოვყოფ და სულ აღვნიშნავ, რომ «ჯეოსტარმა» მომიტანა წარმატება. «ჯეოსტარი» ზუსტად იმ დროს და იმ ეტაპზე იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა და ამის მერე მართლაც სხვა ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება. ზოგადად კი, მე ვარ იმედიანი ადამიანი და ყოველი ჩემი ახალი დღე ახალი ეტაპია კარგისა და წარმატებისკენ.
_ ცხოვრება სირთულეების გარეშე არ არსებობს. როდის გქონდა ყველაზე რთული პერიოდი?
_ რთული პერიოდი ადამიანებს ხშირად აქვთ. ზოგი ამას მეტად განიცდის, ზოგი კი _ ნაკლებად. მე მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც ყველაფერს იმაზე მეტად განიცდიან, ვიდრე არის. ამიტომ ეს პერიოდი მქონია და ხშირად განმიცდია სხვა ადამიანის პრობლემა, რომელსაც დეპრესიაშიც კი ჩავუგდივარ. ამიტომ ჩემნაირი ემოციური ადამიანისთვის ეს ხშირია, თუმცა ყოველთვის ყველა რთული სიტუაციიდან, როგორც წინა პასუხშიც აღვნიშნე, იმედს არ ვკარგავ და სულ მაქვს კარგის იმედი, გამოუვალ სიტუაციაშიც კი. ეს მაცოცხლებს.
_ რამდენადაც ვიცი, შენ ერთი კონკრეტული სამუშაო ადგილი არ გაქვს. ბევრგან მუშაობს. ეს არ არის დამღლელი? არ გეზარება?
_ მართლაც, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ. ჩემი ძირითადი სამსახური კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა, სადაც დიდი სიამოვნებით ვმუშაობ. ასევე, ვარ «ანა-ბანას» სტუდიის ერთ-ერთი პედაგოგი. ვმუშაობ სტუდიებში, ვახმოვანებ რეკლამებს და ასევე, საღამოობით ვმღერი რამდენიმე ბარში, სადაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ. როგორც ვთქვი, ძალიან შრომისმოყვარე ვარ და მუშაობა არასოდეს მეზარება. აქედან გამომდინარე, ვმუშაობ რამდენიმე ადგილას და ეს, მართალია, ზოგჯერ დამღლელიცაა, მაგრამ ამ ყველაფრიდან მიღებული სიამოვნება და დადებითი ემოცია ყველაფერს აქარწყლებს.
_ პირად ცხოვრებასაც შევეხოთ... დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება...
_ ეს ის თემაა, რომელსაც არასოდეს ვეხები საუბრებში, რადგან ამ ეტაპზე ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები არიან და არც ერთ ქალს არ ვუსურვებ თაყვანისმცემლის გარეშე ცხოვრებას.
_ პირადად შენ თუ ფიქრობთ ვინმეზე სერიოზულად?
_ რა გითხრა, იმდენად მეშინია გასერიოზულების, რომ, ალბათ, ამიტომ ვიკავებ ჯერ თავს. სავარაუდოდ, ძალიან მალე ყურადღებას შევაჩერებ და პირველი იქნები, ვისაც ამას გავუმხელ. ინტერნეტსივრცეში ათას უაზრო და არაფრისმომცემ ინფორმაციას წააწყდები პირადთან დაკავშირებით ამა-თუ იმ ცნობილ ადამიანზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და ასე არიან დეზინფორმირებულები, მაგრამ პირობას გაძლევ, პირველი იქნები, ვისაც ამას გავუმხელ.
_ როგორი მამაკაცები იპყრობენ შენს ყურადღებას?
_ პირველ რიგში, მამაკაცი რომ ჰქვია, მაგ სახელს უნდა ამართლებდეს ყველანაირი გაგებით. იმის მიუხედავად, რომ აზიატი არ ვარ, მაინც მაქვს ჩემი კრიტერიუმები, სადაც სჭარბობს მამაკაცურობა, რომელიც დღეს ბევრს აკლია. თუნდაც ის, რომ ქალს დაფასება და პატივისცემა უნდა.
_ შენი აზრით, წარმატების რა ეტაპზე ხარ ახლა?
_ ჩემი აზრით, აღმავლობის გზაა ის, რასაც გავდივარ და სადაც ვარ ეხლა. თუ შრომას გავაგრძელებ, უფრო მეტს მივაღწევ _ ამ დევიზით მივიწევ წინ, მართალია ნელა, მაგრამ საფუძვლიანად და ხარისხიანად.
_ ნინი, შენმა კოლეგებმა სოციალურ ქსელში განათავსეს მიმართვა ხელისუფლების მიმართ, სადაც ითხოვენ, რომ ქართულ «შოუბიზნესსაც» მიაქციონ ყურადღება, უერთდები მათ?
_ რა თქმა უნდა, ვუერთდები ჩემს მეგობრებს და ამხანაგებს, მაგრამ ეს დროებითია, ალბათ, დასვენება სჭირდება სიტუაციას, ეს დრო კი კარგად უნდა გამოიყენოს ყველა მომღერალმა _ აკეთოს და შექმნას. როცა ყველაფერი ამოძრავდება, იქნება სიახლეებით დაბრუნების შანსიც. მე ასე ვარ... მარტო იმის ძახილი, რომ არაფერი არ ხდება და რა გავაკეთო _ მცდარია, რადგან იმის მიუხედავად, რომ გამორჩეულად არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, მაინც ვზივარ და ვმუშაობ. შეიძლება დიდ განსაკუთრებულს არაფერს ვქმნიდე, მაგრამ ჩემსას ვქმნი და ეს უკვე კარგია.
_ დაბოლოს, გვითხარი შენი სამომავლო გეგმების შესახებ მუსიკალურ კარიერაში.
_ იმდენი ვისაუბრე ჩემს მუსიკალურ კარიერაზე, რომ იგივეს გამეორება მომიწევს. გეგმები ასეთია, რომ ნოემბერში მივემგზავრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კარგად დასვენებას ვაპირებ. იქიდან ჩამოსულს, ალბათ, ამაღლებული განწყობით მომიწევს ჩემი საქმის კეთება და ეს მიხარია. ვწერ რამდენიმე ახალ სიმღერას, რაც სამომავლოდ იხილავს დღის სინათლეს და იმედია, სხვა ჩემი სიმღერებივით ბევრისთვის საყვარელი გახდება. მე ხომ ყველა სიმღერას დადებითი განწყობისთვის ვქმნი. მადლობა და დროებით.
_ წარმატებებს გისურვებ.
ირაკლი ყურაშვილი, გაზეთი ”პრემიერი” 18-24 სექტემბერი, #3
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |