|
გიგი უგულავას უფასო რჩევა ხელისუფლებას _ “ეს სამარცხვინო ზაქარეიშვილი, უბრალოდ, გადამალონ”
“დარწმუნებული ვარ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაცია არ იქნება”
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე “პრემიერი” თბილისის მერს გიგი უგულავას ესაუბრა.
_ დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე, თუმცა იმედია, იმ კითხვებს, რომლებსაც დავსვამ, არა მხოლოდ პოლიტიკოსი და დედაქალაქის მერი, არამედ საქართველოს მოქალაქე გიგი უგულავა უპასუხებს. დავიწყოთ იმ პოლიტიკური რეალობით, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. სულ რამდენიმე დღეში საპრეზიდენტო არჩევნებია. ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეიცვლება პოლიტიკური რეალობა. როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო ვითარებას?
_ არჩევნების შედეგის პროგნოზირება უმადური საქმეა. რა თქმა უნდა, მოგების ყველაზე დიდი შანსი სახელისუფლებო კანდიდატს აქვს. არა მისი პოლიტიკური კარიერის გამო, არამედ იმიტომ, რომ ის, ასე ვთქვათ, გამარჯვებული სუბიექტის _ ბიძინა ივანიშვილის კალიგულას ცხენივითაა დაყენებული. მას, როგორც პოლიტიკოსს, საზოგადოება არ იცნობს.
_ პრემიერს არც გაუკეთებია მინიშნება იმაზე, რომ ქვეყანას ან პრეზიდენტად, ან პრემიერად პოლიტიკოსი სჭირდება, მან თქვა, რომ კარგი მენეჯერები შეარჩია.
_ არასწორია ჩემი აზრით. საერთოდ, არჩევანს ხალხი უნდა აკეთებდეს და არა რომელიმე კონკრეტული სუბიექტი. ჩემი აზრით, ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც ასეთი ფორმით ხდება ადამიანის არჩ ევა. როდესაც ასეთი ფორმით ხდება პრემიერის დასახელება, როგორც გუშინ შევიტყვეთ _ ახალი პრემიერ-მინისტრის გვარს არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ შევიტყობთ. დიდი ალბათობაა, რომ არჩევნებში დაინიშნოს მერე ტური სახელისუფლებო კანდიდატსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. თუ მერე ტური იქნება და ასეთი პრეცედენტი შედგა ქართულ პოლიტიკურ ვითარებაში, მეორე ტურის სპეციფიკა წინასწარ არავინ ვიცით. მეორე ტური საქართველოში არასოდეს ყოფილა, როდესაც პრეზიდენტზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მე ღიად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს დავით ბაქრაძეს. არა იმიტომ, რომ ის ჩემი პოლიტიკური გუნდიდანაა და მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ჩემი აზრით, ეს იქნება ყველაზე სწორი ასეთ ვითარებაში _ როდესაც პრეზიდენტს არ აქვს იმდენი უფლებამოსილებები, რეალურად პრეზიდენტი უნდა იყოს ბალანსი და გარანტი ბალანსისა. კარგად მოგეხსენებათ, რომ "მარგველაშვილი ვერაფრის ბალანსი ვერ იქნება. იმიტომ რომ მის უკან არ დგას არანაირი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური კაპიტალი და ის ირჩევა იმიტომ, რომ მეორე დღეს საზოგადოებას დაავიწყდეს, ვინ არის პრეზიდენტი".ეს კიდევ უფრო მეტად ქმნის, ჩემი აზრით, ტურბულენტულ და ქართული ცხოვრებისთვის ჯერ კიდევ უცხო ვითარებას, რა ვითარებაშიც ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ შევდივართ.
ამას წინათ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში მოვისმინე, რომ ვინც წააგო, რომელიც უნდა მიდიოდეს, ის არ მიდის და რომელიც არ უნდა მიდიოდეს, ის მიდისო. ანუ ყველაფერი უკუღმაა. პრინციპში, ეს ყველაფერი გამოხატავს ვითარებას, თუმცა "არავის არ აუკრძალავს იგივე მიშა სააკაშვილისთვის პოლიტიკაში დარჩენა და შესაბამისად, ეს მისი ექსკლუზიური გადასაწყვეტია _ დარჩება თუ არა პოლიტიკაში. ახალგაზრდა ადამიანია, რომელსაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს და შესაბამისად, მას ლეგიტიმური უფლებაც _ დარჩეს პოლიტიკაში. ის როგორ გზას აირჩევს, ამაზე მე ვერ ვიმარჩიელებ _ ეს მისი გადასაწყვეტია". ჩვენ შევდივართ ისეთ ზონაში, რომელიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ვიღებთ ტექნიკურ მთავრობას, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და შესაბამისად, ვიღებთ პრეზიდენტს, რომლის უკანაც არანაირი პოლიტიკური ძალა არ დგას. "თუ ჩვენ უნდა მივიღოთ ის ვითარება, რომ ივანიშვილმა გარედან მართოს სახელმწიფო, ეს სახელმწიფოს დაანგრევს. დაანგრევს ივანიშვილის იმიჯსაც და ძალიან დიდ უბედურებას მოუტანს ქვეყანას".
_ პრეზიდენტობის კანდიდატები თითქმის ერთხმად აცხადებენ, რომ კოაბიტაცია უნდა დასრულდეს. ცოტათი გაუგებარია ეს მოცემულობა. 27 ოქტომბრიდან მინიმუმ თვითმმართველობის არჩევნებამდე თუნდაც დედაქალაქს ჰყავს სხვა პოლიტიკური ძალის მმართველი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კოაბიტაციის დასრულების დეკლარირებული ლოზუნგი და რას უნდა ველოდოთ მთლიანად ქვეყანაში და თუნდაც ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველობების თანამშრომლობის ჭრილში?
_ სიმართლე გითხრათ, ამ შეკითხვის ადრესატი მე არ ვარ... ისინი არიან. თუმცა მე გეტყვით, რომ კოაბიტაცია, რაც არ დაწყებულა, ვერ დასრულდება. ამ ხელისუფლებამ ამ ერთ წელიწადში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საზოგადოებისთვის დაენახვებინა, რომ არ არის მზად, ცივილიზებული ურთიერთობა ჰქონდეს დამარცხებულ სუბიექტებთან. ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ, თუ რომელიმე საქმე გამოსაძიებელია, არ გამოიძიო. მაგრამ როდესაც დეკლარირებულად ხდება კონკრეტული პოლიტიკური ძალის განადგურების მოტივით მთელი სახელმწიფო აპარატის მუშაობის შეფერხება, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ცივილიზებულ ფორმასთან გვაქვს საქმე. რომელ ცივილიზებულ ფორმაზეა საუბარი, როდესაც ესტაფეტასავით იყო _ ძალით როგორ შეცვლიდნენ გამგეობებს, გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს? პაჭანიკების შემოსევა იყო ყველა საკრებულოში. ერთადერთია თბილისის მერი, რომელიც პირდაპირი წესით არის არჩეული და დარჩა არა “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, დანარჩენი შეიცვალა ძალით _ ყველა გამგებელი გახდა “ქართული ოცნების” წარმომადგენელი. ამიტომ კოაბიტაცია, ისეთი, როგორსაც ცივილიზებული ევროპა ჩვენგან ითხოვდა, არ შედგა. რაც შეეხება იმ გაგებით, რა გაგებითაც კოაბიტაციაზე საუბრობს თუნდაც მარგველაშვილი, თუნდაც ბურჯანაძე, ეს კოაბიტაციის დასრულება კი არ არის, ეს არის დემოკრატიის დასრულება. "დემოკრატიის დასრულება ნიშნავს იმას, რომ აი, ახლა, არჩევნების დასრულების შემდეგ მე სიტყვას გაძლევთ, რომ სხვა პოლიტიკურ ძალას გავანადგურებ. თუ საქართველო მიდის ავტორიტარიზმისკენ ეს ყველაფერი გასაგებია".
_ ისე, თუ წარსულზე თვალს არ დავხუჭავთ, სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახდინა ქართული პოლიტიკური ველის უზურპირება და კარგად გვახსოვს დამოკიდებულება არა მხოლოდ სხვა პოლიტიკური ძალების, არამედ ცალკეული პერსონების მიმართაც. ეს ის ვითარება ხომ არაა, რაც დათესეთ, იმას რომ იმკით?
_ არსებითი და ფუნდამენტური განსხვავებაა 2004 წელსა და 2012 წელს შორის, მაშინ მოხდა “ვარდების რევოლუცია”, რევოლუციური გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება, ახლა მოხდა არჩევნების გზით. როგორც არ უნდა ვთქვათ და როგორც არ უნდა შევცვალოთ და ვეცადოთ, ისტორია მაინც თავისას იტყვის და საერთაშორისო ასპარეზზე დღეს საქართველოში მთავარი მოვლენა ის კი არ არის, რომ თუნდაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მთავარი მოვლენა არის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში, პირველად მოხდა, როდესაც მშვიდობიანად, არჩევნების გზით მოხდა ხელისუფლების გადაცემა. სრულფასოვანი დემოკრატიისთვის აუცილებელია, რომ ასეთი ტრადიცია მინიმუმ 2-ჯერ მაინც გამეორდეს. ჩვენ მაგ გაგებით სრულფასოვან დემოკრატიად ვერ ვიწოდებით და "სამწუხაროდ, ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ის მშვიდობიანი ცვლილება, რომელიც ერთხელ მოხდა, იყოს უკანასკნელი და ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის". ამიტომ განსხვავებები დიდია და მე ვერ გამახსენებთ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკური ლიდერი წინასაარჩევნოდ ყოფილიყო დაკავებული. ანუ, კი ყოფილა სხვადასხვა შემთხვევა, მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავება მაინც სახეზეა და მასობრივად პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები _ 22 კაცი არის დაკითხული ამ მომენტისთვის პოლიტიკური ნიშნით. ასეთი მასობრივი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, "ეს მთავრობა იმიტომ მოვიდა, რომ იყოს უკეთესი. ჯერჯერობით რასაც ვხედავ, არის ის, რომ “ქართული ოცნება” არის “ნაციონალური მოძრაობის” ბნელი მხარე. მათ ნათელი მხარე ჯერჯერობით არ გააჩნიათ, ყოველ შემთხვევაში ჯერ საზოგადოებისთვის არ უჩვენებიათ.
_ კიდევ ერთი აქტუალური თემა _ ოკუპაცია და სოჭის ოლიმპიადა. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში და რამდენად ეფექტურია ხელისუფლებისა და საზოგადოების რეაქცია ამ პროცესებზე? ჩვენ მოვისმინეთ არა თუ ირიბი, არამედ პირდაპირი საყვედურები საზოგადოებრივი აქტივობის მიმართ იმავე პრემიერისგან, რეინტეგრაციის მინისტრისგან, რაღა არ უწოდეს ამ ადამიანებს და ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენელს სიტყვასაც კი ვერ დააცდენინებ _ “არა ოკუპაციას!"
_ ყველაზე მთავარი, რაც მე დავინახე ამ 2 კვირის განმავლობაში არის ის, რომ საზოგადოების ძალიან ფართო სპექტრი, რომელშიც ზღვარი არ გადის პოლიტიკური ნიშნით, გაერთიანდა, ხმა ამოიღო და ცალსახა პოზიცია დაანახა ქვეყანასა და საზოგადოებას.
რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას _ პირველი და მთავარი "_ უფასო რჩევას მივცემდი ხელისუფლებას, ეს სამარცხვინო ზაქარეიშვილი, უბრალოდ, გადამალონ. იმიტომ რომ ზაქარეიშვილის ყოველი გამოსვლა არა თუ მავნებლურია თავისი შინაარსით, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის არის შეურაცხმყოფელი". ყველა მისი ფრაზა მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქის ღირსება შეურაცხყოს. ამიტომ _ გადამალონ! გასაგებია, რომ დღეს ხელისუფლებას ამ საკითხზე პოზიცია არ აქვს. ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ანუ _ გვაცალეთ ჯერ არ გვაქვს პოზიცია, არ გვაქვს ჩამოყალიბებული, უარს ყოველთვის ვიტყვით და გვაცადეთ, გვაცადეთ... ეს არის ის, რაც ხელისუფლებისგან გავიგეთ. მე პირადად "დარწმუნებული ვარ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაცია არ იქნება. იმიტომ რომ საზოგადოების ნების წინააღმდეგ არც სპორტსმენი წავა და საბოლოო ჯამში, ვერც ხელისუფლება". პრაგმატულადაც სწორი იქნება, რომ არ წავიდეს, ემოციურადაც სწორი იქნება ჩვენი დელეგაცია და არანაირ სანქციაზე საქართველოს წინააღმდეგ საუბარი არ იქნება. ამას ყველა სწორად და ადეკვატურად გაიგებს, მით უმეტეს, თუ ხელისუფლება სწორად და ადეკვატურად მიაწვდის. მე მესმის, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ბოლომდე კონსტრუქციული იყოს. პოლიტიკაში არის მომენტები, როდესაც ღირსების საკითხები გაცილებით მწვავეა და უფრო მეტი ფაქტორია, ვიდრე ეს მკაცრი პრაგმატიზმი, რომელსაც თითქოს და ცდილობს ეს მთავრობა, გამოავლინოს. ჩემი აზრით, ეს არის დროის გაწელვა. მე არ მინდა, რომ პერსონალურ შეფასებებში წავიდე _ პოლიტიკურ შეფასებებში წავიდე პოლიტიკური შეფასებით, მაგრამ "ამ კაცს (ივანიშვილს) არ უნდა, პერსონალურ დაპირისპირებაში შევიდეს პუტინთან". ამიტომაც ადრე ვიცოდით, რომ მიდიოდა უფრო შემდეგ, მოვიდა რა ხელისუფლებაში მან გააცნობიერა ერთი რამ _ თუ საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს ქართველი ერის ნებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ევროპისკენ უნდა იაროს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში მას მოუწევს დაპირისპირება რუსეთთან.
_ არ შემიძლია, არ გკითხოთ მერიის თანამშრომლებისა და პირადად თქვენს წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. მართლა არაფერში ხართ დამნაშავეები? დღეს რომ ვუსმენ ყოფილი ხელისუფლების წევრებს, ყველა ნეტარი ანგელოზია და მაშინ გადაირია საზოგადოება, რომ 1-ელ ოქტომბერს ანგელოზთა კრებულს უთხრა უარი?
_ არ ვიცი, ანგელოზად თავს ვინ თვლის. მე არანაირად არ მიმაჩნია თავი ანგელოზად. უბრალოდ, წაყენებულ ბრალდებებში თავს ვთვლი უდანაშაულოდ და აგერ, აღდგომა და ხვალეო. "ან მე მომიწევს ციხეში წავლა, ან პროკურატურას _ ბოდიშის მოხდა". როდესაც ჯოზეფ კეია მთავარი მოწმე ხელისუფლების მხარეს, რომელსაც ხელისუფლება რუსთავის მეტალურგიულ საწარმოს ჰპირდება იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, ეს ძალიან თეთრი ძაფითაა ნაკერი. მაგრამ ვერაფერი ვერ მიქნეს. ეს ხომ ადამიანის რეპუტაციის, ნერვების ხარჯზე ხდება. ამოცანაც სწორედ ეს იყო. ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება მეტით არაფრით იყო დაკავებული, რათა პოლიტიკური ოპონენტები გაეშავებინა. ზოგან ეს მოახერხეს. ზოგან წარუმატებლად. ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური ხარკი და ჩვენ ამ პოლიტიკურ ხარკს ვიხდით. რაც შეეხება იმას, რა მოხდა პირველ ოქტომბერს _ მოხდა ის, რაც მოხდა. ერთი პარტია, რომელიც 10 წელი მართავდა ქვეყანას, 10 წელი დიდი დროა _ უბრალოდ, მობეზრდა ხალხს. მობეზრდა ჩვეულებრივად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა განადგურდეს. “მოქალაქეთა კავშირი” წავიდა ხელისუფლებიდან და გაქრა, “მრგვალი მაგიდა” წავიდა და გაქრა. ჩვენ უნდა შევქმნათ პრეცედენტი. იმიტომ კი არა, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობა” გადარჩეს მაინცდამაინც, იმიტომ რომ შევქმნათ პრეცედენტი, როდესაც პარტია წავიდა ხელისუფლებიდან გააგრძელა არსებობა _ ახალ ხალხს იზიდავს, ახალი აზრების გენერირებას ახდენს. ეს გზა უნდა გაიაროს ახლა “ოცნებამ”. ჩვეულებრივი პოლიტიკური მომენტია, წააგო ერთმა, მოიგო მეორემ.
_ ბატონო გიგი, “ნაციონალური მოძრაობის” ზეობისასაც არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამომითქვამს, იზარებდით ამას თუ არა, ეს სხვა საკითხია. ახლაც ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ფორმულირებაში _ “მობეზრდა”.
_ ამ შემთხვევაში სიტყვა მობეზრება გამოხატავს ყველაფერს _ ვიღაცას მობეზრდა, ვიღაცას ყელში ამოუვიდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ამაში იგულისხმება ისიც, რომ კარგიც მობეზრდა და ცუდიც. ეს ყველაფერი დროს მოაქვს. მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ტრაგედიას იმაში ვხედავ, რომ ერთი წელიწადი მხოლოდ და მხოლოდ წარსულის ქექვით ვართ დაკავებული. ამ მთავრობის ვერც გეგმა ვერ გავიგეთ, ვერც პროგრამა და ვერც საგარეო ორიენტაცია. თქვენ გაიგეთ რამე, რა უნდა ამ მთავრობას? გარდა იმისა, რომ წარსულიდან ამოშანთოს მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი. არც ერთი ინდიკაცია არ არის გადადგმული იქითკენ, რომ ქვეყანა განვითარდეს. ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ ეკონომიკის სტაგნაციას. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ 250 ახალი საწარმოა გახსნილი, რომ თურმე ვიღაცისთვის 3 ცხვარი უჩუქებიათ და ესეც საწარმოა _ ეს ხომ ნაცრის თვალში შეყრაა და ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეკონომიკა უკან მიდის. არც ბენზინი გაიაფებულა _ “სოკარისგან” შევიტყვეთ, პირიქით, გაძვირდებაო _ არც გაზი გაიაფებულა. მითხარით რომელიმე წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ჭკუასთან ახლოს იყო და შესრულდა.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტატისტიკას არ უნდა ვენდოთ, მას არ ენდობა არც პრემიერი, არც მისი მრჩეველი და მგონი, ზოგადად, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი. თქვენი ხელისუფლება სულ ციფრებს იშველიებდა, ესენი იგნორირებენ, დაიბნა ხალხი...
_ ტრაგედიაა... შეიძლება პოლიტიკოსებს ციფრებით ჟონგლიორობა უყვარდეთ, მაგრამ ფინანსთა მინისტრს მოეთხოვება აკურატულობა ციფრებში. "ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ ავირჩიეთ მილიარდერი ქვეყნის მმართველად, რომელიც მიდის ისე, რომ ქვეყანას უტოვებს გაზრდილ ვალებს. ეს არის უდავო ჭეშმარიტება. კი ბატონო, მან შეუძლებელი შეძლო _ სააკაშვილის დამარცხება გვერდიდან შეუძლებელი იყო და ამით ის იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ მან ვერ შეძლო, შეექმნა ფუნდამენტი ქვეყნის განვითარების. მან აღაზევა ყველაზე მეტი შავბნელი ძალები, მან აღაზევა ყველაზე მეტი მედროვეები, რომელიც არსებობდნენ". ისინი ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ არ იყვნენ ტონის მიმცემნი.
_ ბოლო დროს ვაკვირდები ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას, რასაც ხელისუფლების ჯადო ვუწოდე. როგორ ხდება, რომ ნებისმიერი პერსონა, რომელიც თანამდებობაზე აღმოჩნდება, უმალ ხდება ყოვლისმცოდნე, პროფესიონალი, ყველაზე ჭკვიანი? რა ჰქვია ამ მდგომარეობას თქვენი გადმოსახედიდან და ბარემ აქვე გკითხავთ. საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი თქვენი თანაგუნდელი იყო, რომელზეც თქვით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სირცხვილი სწორედ ის იყო, რომ შიხიაშვილი თავის დროზე თქვენს რიგებში ირიცხებოდა. ამ დროს თქვენ სრულიად დაუმსახურებლად გარიყეთ პროფესიონალები მთელი რიგი სფეროებიდან.
_ აბსოლუტურად მართალი ხართ ამ შეფასებაში. და როდესაც მკითხეთ, რა მოხდა 1-ელ ოქტომბერს სწორედ ეს მოხდა. გახსოვთ, ალბათ, გაცვეთილი ფრაზა _ ხელისუფლება რყვნის ადამიანს და დიდი ხელისუფლება და დიდხანს ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად. ხელისუფლების ხიბლი და ეს მხოლოდ საქართველოში არ არის, ყველგან ასეა, ხელისუფლებაში ყოფნისას ნელ-ნელა იწყებ ვარდისფერი სათვალიდან ყურებას. ნელ-ნელა შენს გარშემო ყალიბდება წრე, რომლებიც მაამებლობით არიან დაკავებულნი. ნელ-ნელა იქმნება იმ ადამიანების აბლაბუდა, რომლებიც მხოლოდ მლიქვნელობასა და გამორჩენაზე არიან ორიენტირებულნი და შენ რაც არ უნდა ცდილობდე ობიექტური სურათის დაკავებას და რაც არ უნდა ცდილობდე ამ აბლაბუდის გარღვევას, რაღაც მომენტში შეიძლება ეს ვერ შეძლო. ამიტომაც რაღაც პერიოდის მერე უნდა წახვიდე ხელისუფლებიდან, რომ სხვანაირად შეხედო ყველაფერს. ბევრი ის ადამიანი, რომელიც გულზე ერთგულების მჯიღს იცემდა, პირველი მოღალატეები აღმოჩნდნენ, ბევრი ის ადამიანი კი, ვინც უკან იყო, მოდურ სიტყვას გამოვიყენებ, “მიჯირყვნილი” იყო საკუთარი პოზიციის, თუნდაც კრიტიკულობის გამო, იქ დგას, სადაც იდგა. ფილმი “გარაჟი” მახსენდება, სადაც მოვლენები ჩაკეტილ სივრცეში ვითარდება. ერთნი მიდიან თითქოს დროულად იმიტომ რომ _ განჭვრიტეს, მეორენი კი მუდამ უმრავლესობის მხარეს არიან. იგივე მოხდა საკრებულოშიც. საზოგადოება _ ცივილიზაცია დიდი ხანია შეთანხმდა, რომ რაღაც არის კარგი და რაღაც ცუდი. ორპირობა და ღალატი კი ყოველთვის არის ცუდი. თქვენ კითხვაში ახსენებთ სუბიექტი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ხალხი არ იყო გადაწყვეტილების _ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ხალხი. დღეს რეალობა სხვაა, დღეს ამ ხალხს გაუჩნდა განცდა, გაუჩნდა ამბიცია, რომ ორპირობით, ორგულობით დაშინებით, მანიპულაციებით მიღებული თანამდებობით გადაწყვეტილებების მიმღებები გახდნენ. ეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. სამწუხაროდ, შიხიაშვილების ეპოქა არის დღეს, და ამას დღევანდელი მთავრობა ახალისებს. და ამით ყველაზე მეტ შეურაცხყოფას აყენებს თავისი გუნდის წევრებს. იმ მომხრეებს, რომლებმაც მთელი ტვირთი საკუთარ მხრებზე ზიდეს.
_ და ჩვენი საუბრის ბოლოს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ პერსპექტივებსა და გეგმებზე რას გვეტყვით?
_ არ შეიძლება არ დაინახო ის მიღწევები, რაც იყო და არ შეიძლება პრობლემების დაუნახაობაც, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება გამოიწვია. ერთ თვეში სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი და ვნახოთ, აბა, რას შემოგვთავაზებს მთავრობა. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ სიტყვა “დაბრუნება” უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან. დაბრუნება უკვე ნიშნავს, რომ ის წარსულია. ვიმეორებ, დაბრუნება ნიშნავს წარსულში დაბრუნებას და მე ეს არ მინდა. ჩვენ რეალურად ვართ ოპოზიციაში, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოპოზიცია ვართ და მოვიქცეთ ისე, როგორც მოიქცევა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური ძალა. ჩვენი ამოცანა ამჟამად არის ის, რომ ის სტანდარტი, რომელიც ამ ხალხმა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, ოპოზიციაში ყოფნის დროს ვერ შეასრულა _ ჩვენ შევასრულოთ. მე შეგახსენებთ, ეს რა ოპოზიცია იყო _ ყველა მოსახვევში ეშმაკს შეეკვრებოდა, ოღონდ ხელისუფლებისთვის ტკივილი მიეყენებინა _ რუსეთში მორბენალი ოპოზიცია, ყველაფერზე წამსვლელი ოპოზიცია. ჩვენ არ ვიქნებით ასეთი ოპოზიცია. დღეს გაკვირვებული თვალებით რომ კითხულობენ, ამას როგორ კადრულობთო. იმის მეათასედს არ ვაკეთეთ, რასაც ისინი აკეთებდნენ ოპოზიციაში ყოფნის დროს. “ნაციონალური მოძრაობის” საბედისწერო ამოცანაა, შექმნას ახალი ოპოზიციური სტანდარტი. და თუ “ნაციონალური მოძრაობა” შეძლებს ამ სტანდარტის შექმნას, ის, ადრე თუ გვიან, გახდება მთავრობა.
გოჩა მირცხულავა, გაზეთი „პრემიერი“, 16-22 ოქტომბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |