|
«პრემიერს» ესაუბრება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე:
_ ბ-ნო გრიგოლ, საუბარი გაეროს 68-ე გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის შეფასებით დავიწყოთ. ქართული პოლიტიკური სპექტრი თვით მმართველი პოლიტიკური ძალაც პრეზიდენტის გამოსვლას პოზიტიურად აფასებს. მართალია, «ოცნების» ლიდერებმა შვებით ამოისუნთქეს, _ კარგია, პრეზიდენტმა შიდა პრობლემებზე რომ არ ისაუბრა და რუსეთზე გააკეთა აქცენტიო, მაინც რით იყო სააკაშვილის გამოსვლა საინტერესო და არაორდინარული?
_ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა გაეროში, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი _ პრეზიდენტმა ამ მაღალი ტრიბუნიდან თქვა ის, რის თქმაც უამრავ ადამიანს უნდა საერთაშორისო თანამეგობრობაში, მაგრამ ვერ ბედავს. დაისვა შეკითხვა: ჩვენ თუ ვთამაშობთ რაღაც წესებით, რატომ არის დაწერილი ეს წესები რიგი ქვეყნებისთვის, მაგალითად, ბელორუსისთვის და არ არის დაწერილი რუსეთისთვის? ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება ერთ ქვეყანას ერთი სტანდარტებით მიუდგე და მეორე ქვეყანას, ნავთობის, გაზისა და ბიზნესის ინტერესის გამო, სხვა სტანდარტით. მეორე _ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასებები, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში. ასე ამ რეგიონზე, ამ ტრიბუნიდან არავის ულაპარაკია. მესამე მნიშვნელოვანი თემა _ ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არ არის მარტო მიხეილ სააკაშვილის არჩევანი. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ტრიბუნაზე იდგა, და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დარბაზიდან უსმენდა მას, ამ საკითხთან მიმართებაში ერთნაირ პოზიციებზე დგანან. დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს მხოლოდ ჩვენს შეთანხმებას კი არ ნიშნავს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, არამედ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ, როგორც საზოგადოებამ, ერმა, სახელმწიფომ გადაინაცვლა დემოკრატიის განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი _ ის, რომ პრეზიდენტმა არ ისაუბრა შიდა საკითხებზე, იმიტომ რომ შიდა საკითხები ქართველი ამომრჩევლის საქმეა და ჩვენ არ გვყავს არავითარი სხვა არბიტრი, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა. ამიტომ ამ თემებზე საუბარი საჭიროა საქართველოს შიგნით.
_ ამჯერად დასავლეთის პოზიციას შევხედოთ და შევაფასოთ. როგორ ფიქრობთ _ მათ არ აინტერესებთ «ევრაზიული კავშირი», რაკი რეალური ბერკეტები არ გააჩნიათ რუსეთზე ზეწოლისთვის, და არც სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ მას თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის მხოლოდ ისტორიული ტრადიციის გაგრძელება და არა რაიმე ახალი, მათთვის სახიფათო იდეა?
_ ნიუ-იორკში არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რა გამოხმაურება მოჰყვა ამ გამოსვლას. მთავარი იყო, რომ მწვავე საკითხები დაისვა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დასვა _ საქართველოს პრეზიდენტმა თუ, მაგალითად, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა. ის კითხვები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს რუსეთთან, ამ ტრიბუნიდან გაისმა. ის, რომ ეს იყო დროული, იმაზე კარგი არგუმენტი არ არსებობს, როგორიც იყო რუსეთის მოქალაქეების რეაქცია ამ გამოსვლაზე. სერვილური _ თითებზე ჩამოსათვლელი, პრესის გარდა, ყველა გამოხმაურება, ყველა სტატია გამოვიდა ამ ტონალობაში _ რა თქვა სააკაშვილმა ის, რაც სიმართლე არ არის და რასაც თავად რუსეთის მოქალაქეები არ ამბობენ? მართალი ბრძანდებით, შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ გააკეთა ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და არ გააკეთა სხვამ. სხვამ იმიტომაც არ გააკეთა, რომ არავისთვის ისე მწვავედ არ დგას ეს საკითხები, როგორც ჩვენთვის. არავის ტერიტორიების 20% არ აქვს დღეს რუსეთს ოკუპირებული, გარდა ჩვენი ქვეყნისა, და ჩვენი მოსახლეობის 10%-ია იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი. მით უმეტეს, ჩვენ გვეკისრება ეს ვალდებულება, რომ ფართოდ დავსვათ საკითხი _ საით მიდის რუსეთი? რა უნდა რუსეთს? აპირებს საერთაშორისო ნორმებითა და პრინციპებით ცხოვრებას თუ აპირებს ისევ საკუთარი საზღვრის პერიმეტრის გარშემორტყმას კოლონიებით? მე საკმაოდ ბევრი გამოსვლა წავიკითხე _ ყველას ერთი და იგივე პრობლემა აწუხებს. დღეს, როდესაც საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, როდესაც მსოფლიო მოგონილი წესებით მუშაობს, საით მიდის საერთოდ საერთაშორისო თანამეგობრობა? მივდივართ ჩვენ იქით, სადაც, ფაქტობრივად, არ იქნება არავითარი კონტროლი ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე? მივდივართ ჩვენ იქით, სადაც დიდ სახელმწიფოს შეეძლება, საკუთარი შეხედულებებისამებრ გადახედოს საზღვრებს? შეეძლება კი დიდ სახელმწიფოს, საკუთარი სახლებიდან გამოყაროს 350 ათასზე მეტი ადამიანი და მათ უკან დაბრუნება აუკრძალოს? ეთნიკური პრინციპით განასხვაოს ეს ხალხი? მინდა გითხრათ, რომ ამას დიდი გამბედაობა უნდოდა.
_ და მაინც, რატომ არიდებენ თვალს რუსეთს და მეტიც, რატომ ხუჭავენ თვალს მის ცალკეულ თვითნებობაზე?
_ თუ გადავხედავთ იმ განცხადებებს, რაც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ვილნიუსის სამიტის მოლოდინში გააკეთეს, ეს ერთგვარი სამედიცინო დიაგნოზია, რამდენად შეშფოთებულები არიან ისინი რუსეთის ზეწოლით, როგორც რუსები ეძახიან, на „ближное» зарубежие. თუმცა არის სომხეთის მაგალითი. მე და თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, არავითარი უფლება არ გვაქვს, ვილაპარაკოთ მათზე. სომხეთის სუვერენული საქმეა, რა საგარეო პოლიტიკას განახორციელებს. მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, რაც სომხეთს ვილნიუსის სამიტის წინ მოუვიდა, საქართველოს პირობებში ეს სრული კატასტროფა იქნებოდა. ბრიუსელში ეს ძალიან მწვავედ აღიქვეს.
_ მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად იმუშავა ევროკავშირთან ასოცირებასთან მიმართებაში.
_ დიახ, მართალი ხართ. რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ მათ არავითარი პრობლემა არ აქვთ ევროკავშირთან და რომ მთავარი პრობლემა არის ნატო. აღმოჩნდა, რომ ევროპის კავშირს, უმწიკვლო ეკონომიკურ ორგანიზაციას, ღირებულებებზე დაფუძნებულს, რომელიც, უპირველესად, მიმართულია ეკონომიკური პროგრესისა და საზოგადოების დემოკრატიისკენ, რუსეთი აღიქვამს, როგორც მწვავე საფრთხეს. ამით არის გამოწვეული გაფართოების შესახებ უმაღლესი კომისრის, ბატონი ფულესა და ქალბატონი ეშტონის განცხადებები. დამიჯერეთ, ეს არ შენელდება. არავის არაფერი აქვს საწინააღმდეგო ევრაზიული კავშირის, როგორც ეკონომიკური გაერთიანების. ეს ყველა ქვეყნის სუვერენული საქმეა. მაგრამ შეშფოთების მიზეზი ნათელია _ დეკლარირებულია პრინციპი, რაზეც უნდა დაფუძნდეს ევრაზიული კავშირი _ ერთიანი ეკონომიკური, მაგრამ პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო სფეროები. და თან რუსეთს ექნება უფლება, დატოვოს ეს კავშირი მაშინ, როდესაც, მისი შეხედულებით, ვიღაც აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ეს არის სრული დიქტატი. ეს არის, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის ორი მესამედის აღდგენა, თუ რუსები შეძლებენ ამ კავშირში უკრაინის «შეთრევას», მაპატიეთ ამ სიტყვისთვის.
_ მესმის, რომ ცალკეული განცხადებები კეთდება. მაგრამ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს მართლაც ჰყავთ ძალიან გავლენიანი ლიდერები. იგივე მერკელი, ოლანდი, რომელთა განცხადებები რუსეთის მიმართ მაინც ერთგვარად მოზომილია.
_ ჩვენ ქალბატონ მერკელზე, ბატონო გოჩა, არცთუ სწორი წარმოდგენა გვაქვს. იმიტომ რომ ქალბატონი მერკელი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია იმ პრობლემების, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რასაც რუსეთში აქვს ადგილი.
სანკტ-პეტერბურგის შეხვედრა იყო ამის ძალიან ნათელი მაგალითი. მე დასავლეთის პოლიტიკაზე საუბარი არ მსურს, სჯობია, იმ ქვეყნებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ისაუბრონ ამ თემებზე. ქართული დიპლომატიის გადმოსახედიდან დასავლეთის ქვეყნები ძალიან მწვავე დილემის წინაშე დგანან. 20 წელია, მიდის ზრუნვა რუსეთის დემოკრატიული სამყაროსთვის მიერთებისთვის და ერთი ფანქრის გადასმით რომ «ჩამოწერო» რუსეთი, ძალიან ძნელია. ეს 2008 წლის ომმაც კი ვერ გააკეთა. რუსეთში მიმდინარე შიდა პროცესები ადამიანს გაძლევს რაღაც ბუნდოვანი ოპტიმიზმის საბაბს. ამიტომ, ჩვენი დასავლელი მოკავშირეები დაახლოებით იმავე მდგომარეობაში არიან, როგორშიც ჩვენ. მოდით, დღეს იმაზე მეტს ნუ მოვთხოვთ დასავლეთს, რასაც ისინი აკეთებენ, მაგრამ ის, რომ თბილისში არ გვიზის რუსეთის გენერალ-გუბერნატორი, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, ეს ქართველი ხალხისა და საზოგადოების ჰეროიზმის გარდა, ნამდვილად არის ჩვენი მოკავშირეების დამსახურება. ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ დასავლეთსა და ჩვენს მოკავშირეებს ჩვენს დახმარებაში. ღია კონფრონტაცია რუსეთთან _ ეს ყველასთვის დამღუპველი გზაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს პრინციპული საუბრის არქონას რუსეთთან. ნუ მოვთხოვთ დასავლეთს, იმაზე მეტი გააკეთოს, რაც დღეს მის ინტერესებშია. მაგრამ, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ დასავლეთისთვის ღირებული ვიყოთ და ჩვენი გულისთვის არ შეეშინდეთ პრინციპულ დისკუსიაში ჩართვა.
_ საკმაოდ დამაფიქრებელი აღმოჩნდა ლიტვის პრეზიდენტის, ქალბატონი დალია გრიბაუსკაიტეს განცხადება, მით უფრო ვილნიუსის სამიტის წინ...
_ ასპროცენტიანი გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ ლიტვა არ შეანელებს საქართველოს მხარდაჭერას! ჩვენს მოკავშირეებში არის სრული დაბნეულობა. ათასი პრეტენზია შეგიძლია წაუყენო წინა ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენი მოკავშირეებისთვის გასაგები იყო: პირველი _ მთავრობის საგარეო პოლიტიკური მიზნები და მეორე _ გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურა. ამიტომ სხვა ქვეყნის პრეზიდენტით დაწყებული და ელჩით დამთავრებული, ყველამ იცოდა, საჭიროების შემთხვევაში ვისთან უნდა მისულიყო. როდესაც პრემიერ-მინისტრი ევრაზიულ კავშირზე აკეთებს ამისთანა განცხადებას, საგარეო საქმეთა მინისტრს ნახევარ საათში უწევს მისი დეზავუირება, შემდეგ კიდევ ორი დღე იხარჯება ამ განცხადების განმარტებებზე და ეს საზოგადოების ეჭვებს არ აქარწყლებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში არიან ჩვენი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები. ამიტომ ქალბატონ გრიბაუსკაიტეს განცხადება მუქარად კი არ უნდა აღვიქვათ, არამედ შეკითხვად და გაფრთხილებად, რომ საჭიროა ჩვენ ჩვენი სახლი დავალაგოთ.
_ მრჩება შთაბეჭდილება, რომ, შიდა პრობლემების მოუგვარებლობის პარალელურად, საქართველო ბოლო წელს გაქრა მსოფლიო და კონკრეტულად ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგიდან. და თუნდაც ევროკავშირის ცალკეული აქტივობა, ასოცირებასთან მიმართებაში, უფრო მათ დამსახურებად მიმაჩნია, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებული დასავლური მისწრაფებების რეალიზებად. რამდენად სწორია ეს შეფასება? ან რა უდევს საფუძვლად თუნდაც ასეთი შეფასების გაჩენას?
_ აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით _ ეს ერთი წელი აბსოლუტურად უაზროდ და ფუჭად დავხარჯეთ. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველო ჰგავდა ადამიანს, რომელიც პირველად ცხოვრებაში შევიდა კაზინოში, ზეროზე დადო ყველაფერი, რაც ჰქონდა და მოიგო. ჩვენ რომ ერთი წლის განმავლობაში ეს კაპიტალი გამოგვეყენებინა, ახლა ვიქნებოდით სრულიად სხვა სიტუაციაში. მაგრამ როდესაც მთელ წინასაარჩევნო პერიოდში დეკლარირებ, რომ საქართველო საერთაშორისო არენაზე არ უნდა იყოს მოთამაშე, ჩვენ არავითარი განსაკუთრებული როლი არ უნდა გვქონდეს, არა მარტო საერთაშორისო, არამედ რეგიონულ საქმეებშიც კი, როდესაც შენ ამბობ პრესკონფერენციაზე, რომ ევრაზიულ კავშირს დააკვირდები და თუ ეს ჩვენს ინტერესებში იქნება, იქ შესვლა რატომაც არა... როდესაც ლაპარაკობ იმაზე, რომ რუსეთთან იწყებ მოლაპარაკებებს; ხსნი ამ მოლაპარაკებებს ისე, რომ კონსულტაცია არ გქონია არც ერთი მოკავშირის დედაქალაქში; ნიშნავ სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც ისევ იგივე კარასინს ელაპარაკება შუამავლის გარეშე, რომელთანაც ლაპარაკობ ჟენევის ფორმატში; როდესაც რიტორიკის შერბილების ლოზუნგით მთლიანად მოსპობილი გაქვს ყველანაირი აქტივობა საერთაშორისო ორგანიზაციებში და როდესაც შენ დაკარგე ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფუნქცია, რომელიც საქართველომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიძინა, ამ ყველაფერმა, რაც ჩამოვთვალე, მოგცა ჩვენი მოკავშირეების აქტივობების შენელება, მათ შორის ევროპაში. ჩვენ ვასრულებდით შუამავლის როლს ევროკავშირსა და ზოგიერთ ქვეყანას შორის, იმავე თუნდაც ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და სხვა ქვეყნებს შორის და ქართველ დიპლომატებს ამაყად მიგვქონდა ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მესიჯები იმ დედაქალაქებში, სადაც იმათ არ მიესვლებოდათ. საინტერესო შენ რით ხარ? საინტერესო უნდა იყო ყველანაირად _ პოლიტიკურად ეკონომიკურად, სოციალურად, სამხედრო თვალსაზრისით, გეოპოლიტიკურად, დიპლომატიურად. ეხმარებიან მარტო ძლიერებს. არსაიდან ხმა, არსით ძახილი _ ასე ვართ ერთიწელიწადია. ჩემი უახლოესი მეგობარი და თანაგუნდელია ნიკა ვაშაკიძე. ნიკა ვაშაკიძის თანამდებობიდან გადადგომის მთავარი მიზეზი იყო სრული უარყოფა შინაარსობრივად და ფორმალურად იმ პოლიტიკისა, რაც ტარდებოდა, მაგრამ იყო კიდევ სხვა მიზეზიც. ეხვეწებოდა ადამიანი _ ნუ შეცვლით ელჩებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და მთავარ დედაქალაქებში. არ გვყავს ჩვენ იმისთანა ადამიანები და იმდენი, რომლებსაც შეუძლიათ ავტომატურად შეცვალონ ეს ხალხი, და გადმოაბარონ ყველა ის არაფორმალური კონტაქტი, რომელიც იმათ ჰქონდათ. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ _ 16 სექტემბერს დაიწყო რუსეთმა პროვოკაციების ახალი სერია. პირველი რეაქციები ხელისუფლებიდან დავინახეთ ოქტომბრის დასაწყისში. 4 ოქტომბერს ჩაიყვანეს საქართველოში აკრედიტებული ელჩები. შეკითხვა მაქვს: სამი კვირა რატომ არ ჩაიყვანეს? ჯერ საზოგადოებრივი აღშფოთება იყო, შემდეგ აქაურ ელჩებს მიმართეს, იმათ გაგზავნეს ტელეგრამები დედაქალაქებში, სადაც ათასობით სასწრაფო საქმეა, ყველა ელოდებოდა იქიდან ნებართვას. მაშინ როდესაც ქართული დიპლომატია ამას აკეთებდა ორ დღეში. ჩამოგითვლით. მამუკა კუდავას, გეგა მგალობლიშვილს, პაატა გაფრინდაშვილს, კახა ლომაიას, თემურ იაკობაშვილს, გიორგი ბადრიძეს, სალომე სამადაშვილსა და ძალიან ბევრს, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ამ ხალხს პირველ პირებთან მიესვლებოდა იმავე დღეს.
საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს მიაყენეს ძალიან მძიმე დარტყმა. დიპლომატები არ იზრდებიან ხეზე. და მით უმეტეს ხეზე არ იზრდებიან მრავალმხრივი დიპლომატიის სპეციალისტები. მაპატიეთ და დედამ და მამამ უნდა გააჩინოს ამისთანა ადამიანი. ეს ცალკე მეცნიერებაა. მაგალითად, ეუთოში, სადაც პაატა გაფრინდაშვილი იყო ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი ხერხემალი. მას ურთიერთობა ჰქონდა 56 ქვეყნის წარმომადგენელთან, რაც ეფუძნებოდა ნდობას, ინტერესებს, ურთიერთპატივისცემას. ეს არ ხდება არც ერთ და არც ორ წელიწადში. თქვენ, როგორც მოქალაქესა და პოლიტიკურ ჟურნალისტს, გაქვთ შემჩნეული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთანა ჩუმი სამინისტრო დღეს ძნელად წარმოსადგენია?.. ყველა აკეთებს განცხადებებს, ვისაც არ ეზარება, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები შემოიფარგლება იმით, რომ «აქ ვიყავით და უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა». საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე არ დევს ჩვენი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია.
_ პრემიერ-მინისტრმა თავის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა არ დაუშვას შერჩევითი სამართალი, თორემ _ ვუტრირებ _ აშშ და ევროპა ძალიან გაგვიბრაზდებაო. ამავე დროს მიდის საუბარი კოაბიტაციის დასრულებაზე, რაც საზოგადოების ერთი ნაწილისთვის სწორედ ციხეების გადავსებასთან ასოცირდება. როგორ ფიქრობთ, ბატონი ივანიშვილის განცხადება პრევენციაა თუ ადეკვატური რეაქცია ხელისუფლების მიერ ამ კუთხით უკვე ჩადენილ ქმედებაზე, დასავლეთის გაბრაზების შემდეგ?
_ მოდით, დავიწყოთ ამ თეზისის გამოკვლევით, რას ნიშნავს. დავუშვათ, 27 ოქტომბერს გაიმარჯვებს «ქართული ოცნების» წარმომადგენელი და კოაბიტაცია დასრულდება. რა დამთავრდება? საზოგადოების ერთი ნაწილი დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას რამე ასპექტში არ ეთანხმება და არის საკითხები, მაგალითად, რაშიც მე პირადად ვეთანხმები, მაგრამ არის ასპექტები, რომელსაც არ ვეთანხმები. ესე იგი ჩვენთან დამთავრდება კოაბიტაცია და ჩვენ გავხდებით მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, იმიტომ რომ ჩემთან არავინ ილაპარაკებს? ეს რას ნიშნავს? თუ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება ავლაბრის რეზიდენციაში, ესე იგი საქართველოს მოსახლეობის 20%-თან, 25 პროცენტთან, 15%-თან დიალოგი დამთავრდება? კოაბიტაცია არის მუდმივი ფუნდამენტალური პროცესი, როდესაც სხვადასხვა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომი ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებიან. იმის გამოხატულებაა, რომ შენ შეიძლება ხელისუფლების რომელიმე შტოში გყავდეს სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი.
_ არსებულ რეალობაში, თუნდაც თვითმმართველობებში.
_ დიახ. მეორე _ სამართლიანობის აღდგენა. მოდით, პატიოსნად ვილაპარაკოთ, ჩვენ სამართლიანობა კომუნისტების დროს გვქონდა? შევარდნაძის დროს გვქონდა? სამართლიანობას რას ვეძახით _ შვეიცარიას თუ შვედეთს? ეს როდის გვქონდა ჩვენ? ცხრა თვე გრძელდება ორსულობა, საზოგადოების ჩამოყალიბება გრძელდება ზუსტად იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ ის დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბდეს.
სამართლიანობის აღდგენა თუ იმაში გამოიხატება, რომ უნდა დაისაჯონ ადამიანები, ვისაც თანამდებობრივი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ამისთვის ევროპაშიც და საქართველოშიც არსებობს კანონი _ გამოძიება, სასამართლო და განაჩენი. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ქუჩა გამოუტანს ვინმეს განაჩენს. თუ იცი, რომ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, რაში მდგომარეობს პრობლემაა? ქვეყანაში ხომ არის სამართალი და არის კანონი. ან ამ ლოზუნგს დააკვირდით _ «სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის». ყველგან და ყველასთვის რას ნიშნავს _ რუანდაშიც?.. ყველა რევოლუცია, ბატონო გოჩა, თავის მონაწილეებს ჰპირდება თანასწორობას სამართლის წინაშე და ამთავრებს თანასწორობით ძალადობის წინაშე. სამართლიანობის აღდგენაზე უნდა ლაპარაკობდეს პროკურატურა და სასამართლო. პოლიტიკოსს ამაზე ხმის ამოღება არ შეუძლია, სანამ არ შედგება სასამართლო და არ იქნება შესაბამისი დადგენილება. რაც შეხება პრემიერ-მინისტრის გამონათქვამებს, გთხოვთ, ამაზე მე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ, იმიტომ რომ, ეს ცალკე მეცნიერებაა.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ, რამდენად ადეკვატური იყო თავად პრემიერის, საგარეო უწყებისა და რეინტეგრაციის მინისტრის რეაქციები დვანში მიმდინარე პროცესებზე? ჟურნალისტები ვიყავით კატალიზატორები საზღვართან მერე გამართული არაერთი აქციის, რა დავაშავეთ, ანუ რა დავუშავეთ საქართველოს ხელისუფლებას და რატომ შევაშფოთეთ ბატონი კარასინი და რუსეთის საგარეო უწყება?
_ მე დღეს ვარ საქართველოს მოქალაქე და ამ წოდებით ვამაყობ. შემიძლია გითხრათ: გუშინ რომ მოგემართათ ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ყველაფერს გავაკეთებდი, ტრანსპორტისა და საწვავის გამოყოფის ჩათვლით, არა თანამდებობრივად, არამედ ჩემი პირადი სახსრების გამოყოფით, რათა ეს ხალხი იქ ჩასულიყო და რუსებს დაენახათ, რომ საზოგადოება, მიუხედავად პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებისა, ამ საკითხში არის ერთიანი. შავდება კი არა, ამით კეთდება საქმე. შენი ქვეყნის პირველ პირს გაცხადებული აქვს, როგორ დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობა და ამ დროს შენს მოქალაქეებს დვანში, დიცში სახლებს ანგრევინებენ. მე მესმის, რა ხდებოდა ამ დროს სამინისტროებში. მაგალითს მოგიყვანთ _ არჩევნების წინ ხომ გახსოვთ, რა ისტერიკა იყო იმაზე გამართული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და კონკრეტულად ბიოლოგიურად მარტივი ვაშაძე არ ხსნიან მოსკოვში საარჩევნო უბანს. როგორ უნდა გავხსნა მე იქ საარჩევნო უბანი, როდესაც არც დიპლომატიური ურთიერთობა მაქვს და არც საელჩო? პრეზიდენტის არჩევნებისთვის დღევანდელი ჩვენი ძვირფასი ხელისუფლება მოსკოვში არ ხსნის საარჩევნო უბანს. სიტყვასიტყვით იმეორებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით.... კარტბლანში მიეცი რუსებს შენი განცხადებებით. არჩევნების წინ იმდენი ავანსი გაიცა, იმდენი დაპირება გაისმა, რომ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი მოკავშირეებიც და აპარატიც სრულ დაბნეულობაშია. ესე იგი რაღაც იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით. საიდან არის ეს თავდაჯერებულობა? დიცსა და დვანში ჟურნალისტები და სტუდენტები რომ გადიან და არ აქვს მნიშვნელობა, ხვალ მსახიობები გავლენ, ეს ყველაზე მძიმე დარტყმაა რუსებისთვის. იმიტომ რომ ვერ აღწევენ თავის მიზანს. მთავარი მიზანი ამ პროვოკაციის იცით, რა არის? რუსებს არ სჭირდებათ საქართველოში მყარი ხელისუფლება. ამიტომ რამდენჯერაც ექნებათ შესაძლებლობა, ივანიშვილის მთავრობა გამოაჩინონ უუნაროდ და უსუსურად, იმდენჯერ ისარგებლებენ ჩვენი ხელისუფლების შეცდომებით.
_ პრემიერმა პირდაპირ გვითხრა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ექნება გავლენა შემდგომ ხელისუფლებაზე და პრეზიდენტი და პრემიერი იქნებიან მენეჯერები. საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში, კულუარული მმართველობის ის მოდელი, რასაც ბატონი ივანიშვილი სამომავლოდ საქართველოს უმზადებს, რამდენად დაძაბავს ურთიერთობას დასავლეთთან? რამდენად სერიოზულად აღსაქმელები და ანგარიშგასაწევები იქნებიან მენეჯერი პრეზიდენტი და მენეჯერი პრემიერი დასავლელი პარტნიორებისა თუ რეგიონული ლიდერებისთვის, ან იგივე რუსეთისთვის?
_ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ტოვებს ვიღაც რომელიმე პოსტზე, არჩევნების დემოკრატიული ინსტრუმენტების გარეშე, მენეჯერს? რომელმა კონსტიტუციამ ან ორგანულმა კანონმა მიანიჭა წამსვლელ პრემიერ-მინისტრს იმის უფლება, რომ მან აირჩიოს პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი? ამაზე პასუხი არის ის, რომ პრეზიდენტს ხალხი აირჩევს, პრემიერ-მინისტრს კი პარლამენტი დაამტკიცებს. სწორედ აქ იწყება ჩვენი საზოგადოების შემოწმება. თუ ჩვენ ცხვრებივით დავთანხმდებით ყველაფერს, რასაც გვთავაზობენ, კითხვების დასმის გარეშე, მაშინ ყველა ხალხი იმ მთავრობას იმსახურებს, რაც ჰყავს. თუ ჩვენ მარტივად ვიტყვით _ თქვენ ხომ მიბრძანდებით, წაბრძანდით და პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს ჩვენ მივხედავთ. და ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთის მოქალაქე რატომ გვირჩევს პრემიერსა და პრეზიდენტს? ასჯერ მკითხა ოპოზიციამ, რატომ მქონდა რუსეთის მოქალაქის პასპორტი? ეს ჩემი პირადი საქმე იყო, რატომ მქონდა. მაგრამ 2010 წელს, როდესაც დავინახე, რომ ამ პასპორტის გამოყენებას ბევრი რაღაცისთვის _ იგივე სამსახურებრივი მიზნებისთვის, უკვე აღარავითარი აზრი არ ჰქონდა, მით უმეტეს გოსდუმის შეტევის შემდეგ, წყნარად ჩავაბარე. რატომ არავინ კითხულობს, რატომ მოძღვრავს ყველას საფრანგეთის მოქალაქე? საქართველოს მოქალაქეობა არ გაქვს და მე როგორ მელაპარაკები ამას, რომ ავარჩიე მენეჯერები და დაგიტოვებთ?
როდესაც გორბაჩოვმა პირველად გადაწყვიტა, ღიად დალაპარაკებოდა ჟურნალისტებს, მისი კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე მარგარეტ ტეტჩერთან, აირჩიეს ინგლისელი ჟურნალისტები. ყველა არ მახსოვს, მაგრამ ერთი ნამდვილად მახსოვს, იყვნენ «ბი-ბი-სი»-დან. როდესაც ერთ-ერთმა უწყინარი სახით ჰკითხა გორბაჩოვს, 20 წლის შემდეგ როგორ აპირებთ საბჭოთა კავშირის მართვასო, გორბაჩოვი საათ-ნახევარი საუბრობდა, რა იქნებოდა მომავალში. მანამდე, ამ შეკითხვამდე, ასევე, საათ-ნახევარი ყვებოდა, რომ საბჭოთა კავშირში დემოკრატიის აყვავება იწყებოდა...
როდესაც შენ გელაპარაკებიან, რომ მენეჯერები აგირჩიეს და 20-წლიანი პროგრამა აქვს, არ გვინდა ეს მესიები, მხსნელები, გმირები, საქართველოს სჭირდება კვალიფიციური, ტექნოკრატიული, დაქირავებული მთავრობა, სადაც ადამიანი შედის კაბინეტში და იცის, რომ ოთხი წლის შემდეგ მას ამ კაბინეტის დატოვება მოუწევს.
გოჩა მირცხულავა, გაზეთი «პრემიერი», 9-15 ოქტომბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |