|
სამხედრო მფრინავი ივანე ნეჩაევი და ეროვნული ღირსება: ვაი, დამარცხებულთ! სამარ ჩოკუტაევი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი; დიცის პოლიტტექნოლოგია; რატომ ვერ იქცა სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” ვიტალი ხაზარაძის “მოქკავშირად?”
ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა პუტინის რეჟიმისა და მისი პოტენციალის არასათანადო შეფასებაა. ზოგადად, რუსეთისადამი ქედმაღლური დამოკიდებულება (დასავლეთის ყოვლისშემძლეობის ილუზორული რწმენის პარალელურად) 1980-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც ბევრს ეჩვენებოდა, რომ “დამპალი იმპერია” სამუდამოდ დაინგრა და ფეხზე ვერც ვერასდროს წამოდგება, რაკი კრემლის ბინადართ თურმე არც შესაბამისი მატერიალური და არც ინტელექტუალური პოტენციალი არ გააჩნიათ.
მაგრამ პუტინის ფენომენი ამ სტერეოტიპს ანგრევს. ის ძალიან ძლიერად თამაშობს და ამის მკაფიო მაგალითია არა მხოლოდ ისეთი “მსხვილმანები”, როგორიცაა 2008 წელს ზუსტად გათვლილი და ზედმიწევნით განხორციელებული მრავალშრიანი ოპერაცია; და არც მხოლოდ სირიაში ამერიკის სამსოფლიო “დაჩმორება”, არამედ თუნდაც ისეთი “წვრილმანი”, როგორიცაა სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ “მაშხალმზიდად” სამხედრო მფრინავ ივანე ნეჩაევის დანიშვნა. სწორედ “დანიშვნა”, რაკი პუტინის პროფესიონალურ გუნდს, რომელიც ყველა შესაძლო რისკს თვლიდა, მოსალოდნელი შედეგებიც უეჭველად გაანალიზებული ექნებოდა: მათ შორის საქართველოსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საპასუხო რეაქციის ჩათვლით.
სანამ ცალ-ცალკე განვიხილავდეთ, აქვე უნდა ითქვას, რომ სრული დემაგოგიაა მსჯელობა ოლიმპიადის პოლიტიზების შესახებ. რა თქმა უნდა, პოლიტიზებულია, მაგრამ პოლიტიზებულია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ყველგან! ოლიმპიადას ყველგან და ყოველთვის იყენებდნენ, იყენებენ და კვლავაც გამოიყენებენ, როგორც მინიმუმ, ამა თუ იმ ქვეყნის ან ქალაქის პრომოუშენის, ან ნაციონალურ პროექტთა განხორციელებისთვის. ბიზნესი და მოგება აქ ტრადიციულად მეათეხარისხოვანია: ოლიმპიადა კომერციულად მომგებიანი პროექტი ვერაფრით იქნება. პოლიტიკური ინტერესი რომ არ არსებულიყო, ბარონ კუბერტენის კეთილშობილი იდეა, ოლიმპიური თამაშების აღდგენის შესახებ, დარჩებოდა მცირე სიმბოლურ ღონისძიებად, ანუ ერთგვარ კლუბად, რომლის ჩატარება არავითარ რეზონანსსა ან ინტერესს არ იწვევს მეზობელ ქალაქებშიც კი. ოლიმპიადას დღემდე სწორედ ის აცოცხლებს, რომ ის მასშტაბური პრომოუშენისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესთა განხორციელების საშუალებაა. და თუ ასეა, რა არის გასაკვირი იმაში, რომ პუტინისთვის “სოჭი 2014” სწორედაც საერთონაციონალური პროექტია, რომელიც რუსული “დერჟავის” აღორძინებასა და მის ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად ქცევას ემსახურება?
ხოლო რაკი ამ პროექტის საფუძველი რუსული ნაციონალიზმია, არც ისაა გასაკვირი, რომ პუტინის გუნდი აქტიურად იყენებს ყველაზე მნიშვნელოვან ნაციონალისტურ კორელანტებს. მათ შორის 2008 წელს საქართველოს სასტიკ და სამარცხვინო დამარცხებას. დღეს ეს გამარჯვება რუსული ნაციონალური პროექტისა და შესაბამისი იდეოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ივანე ნეჩაევის ქცევაც ოლიმპიადის სახედ, არავისთვის საკვირველი არ უნდა იყოს: მფრინავი ნეჩაევი რუსული საზოგადოებისთვის განასახიერებს ძლევამოსილ ომს, როდესაც აღორძინებულმა დერჟავამ ამპარტავან და მატრაკვეცა Грузин-ებს თუ грызун-ებს ჭკუა ასწავლა, სამსოფლიოდ დაამცირა და ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა.
რამდენად ნორმალური და ადეკვატურია ამგვარი აღქმა, საქართველოსა და რუსეთის “წონით კატეგორიათა” სხვაობის გათვალისწინებით, ანუ რამდენად უნდა ეამაყებოდეს 140-მილიონიან ბირთვულ ზესახელმწიფოს პატარა საქართველოს თუნდაც ასე დამარცხება – სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, არათუ ადეკვატური და ნორმალური არ არის, არამედ რუსულ-იმპერიული პათოლოგიის გამოვლინებაა, მაგრამ ეს სხვა საკითხია და ივანე ნეჩაევის, როგორც რუსული დერჟავული სიამაყის კორელანტის სტატუსთან პირდაპირი კავშირი არა აქვს. მოცემულობა კი უნდა მივიღოთ ისეთად, როგორიც არის.
რაც შეეხება საქართველოს რეაქციას, ქართველმა პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნონ, რომ პოლიტიკაში არსებობს სიტუაციები, როდესაც გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს. მით უმეტეს, ღირსეული გამოსავალი: სანამ ნეჩაევს ოლიმპიურ ჩირაღდანს ხელში დააჭერინებდნენ, პუტინის კვალიფიციურმა გუნდმა ყველა შესაძლო რისკი გათვალა. მათ შორის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოსალოდნელი რეაქციაც. თბილისიდან უკვე მიმართეს იმ კომიტეტს და მკაფიო პასუხიც მიიღეს (თუმცა არ ამხელენ): “ყველა ქვეყანა თავად ირჩევს გმირებს და თუ რუსეთში ნეჩაევი გმირად მიაჩნიათ, ეს სხვა არავის საქმე არ არის, ამით რუსეთი ოლიმპიური ქარტიის არც ერთ პუნქტს არ არღვევს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სწორედ ბომბდამშენის მფრინავი და ომის გმირი ნეჩაევი აანთებს ოლიმპიურ ცეცხლს სოჭის სტადიონზე!”
მაგრამ თუ საქართველო ამის გამო ბოიკოტს გამოაცხადებს და ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებს? “ოოოოო ეს უკვე ოლიმპიური ქარტიის დარღვევა იქნება”, – პასუხობენ ქართველებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გულგრილი და პედანტი ჩინოსნები, – “ამის გამო შესაძლოა, რამდენიმე მომავალ ოლიმპიადაში აგიკრძალოთ მონაწილეობა სანქციის სახით”.
მაშ, იგივე სანქცია რატომ არ გამოიყენეთ 1980 წლის მოსკოვისა და 1984 წლის ლოს-ანჯელესის თამაშთა შემდეგ? პასუხად დუმილი. არაოფიციალურად კი: “ცივი ომის დროს, ორივე მხრიდან ბოიკოტში ათეულობით სახელმწიფო მონაწილეობდა, თქვენ კი მარტო აპირებთ ბოიკოტს სრულიად ახალ ეპოქაში და საერთოდ, ნუ ედრებით იმათ, დაეტიეთ თქვენთვის და იცოდეთ თქვენი ადგილი”.
უკვე მერამდენედ, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ქართველ პოლიტიკოსთა “წყალობით”, აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ან ბოღმა უნდა ვყლაპოთ, ან სისხლამდე ვახალოთ კედელს თავი. თუ ვინმეს ჰგონია, ეს ერთადერთი “ფურთხი” იქნება იმ ოლიმპიადაზე, ძალიან ცდება: პუტინი, რასაკვირველია, მიიწვევს გახსნის საზეიმო ცერემონიალზე პრეზიდენტ თიბილოვსა და პრეზიდენტ ანქვაბს. არც ამით დაარღვევს რაიმე საერთაშორისო კანონსა თუ ოლიმპიურ ქარტიას. ეს უკანასკნელნი საპატიო სტუმართა ლოჟაში განთავსდებიან და საქართველოდან იმ ლოჟაში რომც არავინ იყოს (რაც კიდევ უფრო აბსურდული იქნება სპორტსმენთა მონაწილეობის შემთხვევაში), ქვეყნის თავლაფდასხმა და დამცირება კიდევ უფრო თვალსაჩინო მაშინ გახდება, როდესაც დამცინავად დაუქნევენ ხელს ზემოდან ქართველ ოლიმპიელებს, ესენი კი ქვემოდან ასევე “გულთბილად” მიესალმებიან.
ერთი სიტყვით: ვაი, დამარცხებულთ!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასულ კვირას ქართულმა სპეცსამსახურებმა გახსნილად გამოაცხადეს ე.წ. “ჯიჰადისტური ვიდეოს” საქმე, რომელსაც იმთავითვე ჰქონდა შიდაპოლიტიკური დატვირთვა, რაც კიდევ უფრო გამწვავდა ირაკლი ალასანიას ცნობილი განცხადების შემდეგ: “თუ ღარიბაშვილის უწყება ვერ გამოიძიებს, ჩემი კონტრდაზვერვა მოკიდებს ამ საქმეს ხელსო”.
როგორც აღმოჩნდა, ყირგიზი სამარ ჩოკუტაევი, ვინც ვიდეო ატვირთა, დღესაც აფხაზეთში ცხოვრობს. მისი ვინაობა ამერიკელმა სპეციალისტებმა რამდენიმე თვის წინ დაადგინეს. მაშ რატომ არ გამოცხადდა საქმე გახსნილად და რატომ არ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ მაშინვე, როგორც კი დამნაშავის ვინაობა დაადგინა? ეს კითხვა ყველაზე ხშირად ისმის, არადა ყველაზე იოლი საპასუხოა: იმიტომ, რომ ქართულ სპეცსამსახურებს იმედი ჰქონდათ, სამარ ჩოკუტაევმა მათი წარმატების შესახებ არაფერი იცოდა, ადრე თუ გვიან აფხაზეთს დატოვებდა, გაემგზავრებოდა რომელიმე ქვეყანაში, სადაც მას დააპატიმრებდნენ და საქართველოს გადასცემდნენ! რამდენად რეალური იყო ეს, სხვა საკითხია, თუმცა ამგვარი შანსი ნამდვილად არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, არ იყო გამორიცხული, ჩოკუტაევი მართლაც გამგზავრებულიყო რომელიმე დასავლურ ქვეყანაში, თუნდაც ტრანზიტით და იქ მომხდარიყო მისი დაკავება. რეალურად კი რა გამოვიდა? ჩოკუტაევმა უკვე იცის, რომ ბრალდებულია, რომ იძებნება, ამიტომ რუსეთისა და აფხაზეთის (ან მშობლიური ყირგიზეთის) ტერიტორიებს აღარ დატოვებს.
გასაკვირი მხოლოდ ისაა, რატომ არ აუხსნა ეს ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად ირაკლი ალასანიას? ანუ, რატომ არ უთხრა: “დამშვიდდი, კაცო, რა გჭირს, საქმე გავხსენით, დამნაშავეც დავადგინეთ, მაგრამ ამ მიზეზით არ გვაწყობს თქმაო”. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან? თუ ღარიბაშვილი იმდენად არ ენდობა ალასანიას, რომ კონფიდენციალურადაც ვერ გაუმხილა სიმართლე?
აქედან დასკვნა: კოალიციაში საქმე მთლად ისე კარგად ვერ არის, როგორც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, წარმოაჩინოს და ეს პრობლემები მხოლოდ გაღრმავდება პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ. ისიც ნიშანდობლივია, რომ სწორედ “ჯიჰადის საქმის” გახსნიდან რამდენიმე დღეში, პრემიერ-მინისტრმა კვლავ გააკეთა იდუმალებით მოსილი (სინამდვილეში კი აბსოლუტურად გასაგები) განცხადება “ვიღაცების მცდელობაზე, დაშალონ კოალიცია და შეეკრან ნაციონალებს”.
ოპოზიციამაც, ბუნებრივია, აქტიურად გამოიყენა ეს ისტორია კონსპიროლოგიით დაავადებულ ქართულ საზოგადოებაში ეჭვების გასაღრმავებლად. ყველაზე ხშირად ასეთი კითხვა-არგუმენტი ისმის: “თუ ვიდეო თალიბთა სახელით აიტვირთა, მაშინ პაკისტანიდან ან თვით ავღანეთში მდებარე სერვერებიდან ატვირთავდნენ, რათა “თალიბანის” ვერსია უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. რატომღა ეძებდნენ ქართულ სერვერებსა და IP-მისამართებს? გარდა ამისა, სამარ ჩოკუტაევმა საიდან იცოდა ასე ზედმიწევნით ჩვენი შიდაპოლიტიკური დისკურსი და ყველაზე მტკივნეული თემები, როცა იმ ვიდეოს ამზადებდა? ვიდეო ხომ აშკარად ისეთი ადამიანის დამზადებულია, რომელიც კარგად იცნობს ქართულ ფსიქოლოგიასა და საქართველოს შიდაპოლიტიკურ რეალიებს?”
ამ დემაგოგიური კითხვის ავტორებმა ვითომ არ იციან, რომ სინამდვილეში სამარ ჩოკუტაევი მხოლოდ ტექნოლოგი იყო. თვით ვიდეო, რასაკვირველია, მას არ დაუმზადებია. ის ასრულებდა რუსულ სპეცსამსახურთა დავალებას. გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზები, რომლებიც ჯერ კიდევ ბრწყინვალედ ფლობენ ქართულ ენას და საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი “სამზარეულოც” კარგად იციან, ისევე როგორც იცნობენ ქართულ მენტალობას.
ხოლო მიზანი ზუსტად ის გახლდათ, რომ “ამტვირთი სერვერები” და IP-მისამართები თბილისში დაფიქსირებულიყო, რათა ივანიშვილისა და სააკაშვილის გუნდთა დაპირისპირებას “ფეთქებადი საწვავი” მისცემოდა, ანუ ეს ყოველივე ძალიან ოსტატურად და ჩვეული ქვეწარმავლური ეშმაკობით მოფიქრებული საინფორმაციო დივერსიაა, რომელშიც სამარ ჩოკუტაევი მხოლოდ და მხოლოდ “ინჟინრის” როლს ასრულებდა, რაკი მაღალი კლასის Iთ-სპეციალისტია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შინაარსობრივად ანალოგიური დივერსია (ივანე ნეჩაევისა და სამარ ჩოკუტაევის შემთხვევათა მსგავსი) ხორციელდება დიცსა და დვანში, სადაც რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მავთულხლართებს ჭიმავენ. დასავლელი ელჩების გამოჩენისთანავე მათ ეს სამუშაოები შეაჩერეს, რაც თბილისში ბევრს გაუხარდა, თუმცა სასიხარულო არაფერია: სინამდვილეში, ეს შეჩერება იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ისინი დაიწყებენ ქართველების ქართულ სოფლებშივე დაპატიმრებას “სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევის” ბრალდებით. შემდეგ მათ გადაიყვანენ ცხინვალში, სცემენ, აბუჩად აიგდებენ, დაამცირებენ და ყოველნაირად შექმნიან ისეთ სიტუაციას, რომ თავბედი გვაწყევლინონ: “ისევ მავთულხლართები სჯობდაო”. ეს მავთულხლართები იმას მაინც უზრუნველყოფდა, რომ საზღვრის უნებლიე დარღვევა და დაპატიმრებები შეწყვეტილიყო. ყოველ შემთხვევაში, ამ მონაკვეთებზე.
ანუ საქართველოს ისევ აყენებენ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის წინაშე. მაგრამ რაკი საზოგადო კონსენსუსი არსებობს იმის თაობაზე, რომ სწორედ მავთულხლართია ეს “უარესი”, მაშინ ხელისუფლებამ სწორი საპასუხო ტაქტიკა მაინც უნდა გამოიმუშავოს და ყოველი დაპატიმრება (მით უმეტეს, სოფლიდან ადამიანების წაყვანა) “ეთნიკური წმენდის გაგრძელებად” გამოაცხადოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქართული ღვინის ექსპორტს შეაფერხებს რუსულ ბაზარზე. ანუ მთავრობამ პირდაპირ უნდა თქვას, რომ ქართველებს რუსეთი(!) ამ ხერხით აიძულებს, დატოვონ სოფლები. ეს კი მართლაც ეთნიკური წმენდის ტექნოლოგიაა, რაც დასავლეთისთვის ისევე მიუღებელია, როგორც ახალი “ბერლინის კედლის” აგება მავთულხლართების სახით.
უნდა ვისწავლოთ ბრძოლა პოლიტტექნოლოგიური და მედიატექნოლოგიური ხერხებით. ასეთ შემთხვევაში ზარალის მინიმიზირებას მაინც შევძლებთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყოველივე ამის ფონზე, საარჩევნო კამპანია ქვეყანაში ერთობ უღიმღამოდ მიმდინარეობს. უბრალოდ, კომიკურია, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი Pღ-მოვლენა ყოფილი მმართველი პარტიის ყრილობა გახდა! არა მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია, არა “ქართული ოცნების” ან ბურჯანაძის ყრილობა ან სხვა რაიმე მასშტაბური ღონისძიება, არამედ სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” თავყრილობა. თანაც 2003-2004 წლების სტილში: ბევრი დროშითა და უზღვავი პოპულიზმით, რასაც მმართველი კოალიცია ვერაფერსაც ვერ უპირისპირებს.
კიდევ უფრო მეტი: მიხეილ სააკაშვილის არჩევა პარტიის თავმჯდომარედ იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის გაუგებარი და დღემდე აუხსნელი გადაწყვეტილების საპირისპიროდ, მიშა პოლიტიკიდან არსადაც არ მიდის! ის აპირებს, იქცეს ოპოზიციურ ლიდერად და თუ პროკურატურა ვერ დაიჭერს (არც ისე იოლი იქნება), მაშინ გულწრფელად მეცოდება თვით მარგველაშვილიც და ნებისმიერი მომავალი პრემიერიც ასეთი ოპოზიციონერის ხელში.
მიშა თუ ვერ დაიჭირეს, სულ მალე, ეს საცოდავი მთავრობა მას ერთ ლუკმად არ ეყოფა! მით უმეტეს, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების, კრიმინოგენური ვითარების გაუარესების (რაც გარდაუვალია ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის პირობებში) და, მთლიანობაში, 1-ლი ოქტომბრის ოცნებათა გაცრუების პირობებში.
თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან განცხადებას, რაც მიშამ გააკეთა არა თვით ყრილობაზე, არამედ “კურიერთან” ინტერვიუში: მომავალი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, უფრო სწრაფად ჩატარდესო, ანუ, ფაქტობრივად, უკვე ლაპარაკია არა “ნაციონალური მოძრაობის” გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, არამედ ბრძოლაზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად!
მართლაც, კომიკური სიტუაციაა: ბურჯანაძესა და “ოცნების” ნაწილს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმისთვის უნდოდათ, რათა ნაციონალები საბოლოოდ გაესტუმრებინათ პოლიტიკურ მოუსავლეთში, მაგრამ ივანიშვილის წასვლის გამო სიტუაცია ისეთნაირად ტრიალდება, რომ მიშა უკვე სერიოზულად ფიქრობს ამ არჩევნების გამოყენებას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად!
ამაზე მეტი კრახი მმართველი ძალისთვის, უბრალოდ, წარმოუდგენელია. მთავარი მიზეზი კი ის გახდა, რომ 1-ლი ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, კოალიციამ ვერ შესთავაზა ქვეყანას განვითარების ალტერნატიული პროექტი, შესაბამისად, ვერ “დააჩმორა” ყოფილი მმართველი პარტია ისე, როგორც ვიტალი ხაზარაძისა და ლევან მამალაძის “მოქალაქეთა კავშირი” იყო დაჩმორებული 2003 წლის რევოლუციის შემდეგ.
ხოლო თუ პროკურატურა უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებს ბაჩო ახალაიას ციხეში შესაკავებლად, ვიდრე სასაცილო მოტივით ბრალმდებლების მუდმივი ცვლაა, ანუ ახალაიაცა და მერაბიშვილიც მალე გამოვლენ გარეთ, რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად “ოპოზიციონერ მიშას” უკვე არა წლები, არამედ თვეები და ორიოდე მძლავრი მიტინგი დასჭირდება.
ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთი „პრემიერი“, 9-15 ოქტომბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |