|
ყველა პედაგოგის შრომა შრომაა, მაგრამ ეს ადამიანები წლების განმავლობაში იყვნენ მიტოვებულები და მათზე არავინ ზრუნავდა.
საქართველოს ხელოვანთა კავშირის რიგგარეშე VII ყრილობაზე კავშირის პრეზიდენტად, 5 წლის ვადით, დავით ოქიტაშვილი აირჩიეს. დავით ოქიტაშვილი ხელოვანთა უფლებების დამცველი გახდა. პირველი, რასაც ის გეგმავს, მუსიკალური სკოლების მასწავლებლებზე ზრუნვაა. მომავალ გეგმებთან დაკავშირებით “პრემიერს” ხელოვანთა კავშირის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ესაუბრა.
_ ხელოვანთა კავშირის რიგგარეშე VII ყრილობაზე კავშირის პრეზიდენტად აგირჩიეს, თქვენ ხელოვანთა უფლებების დამცველი გახდით. პირველი, რასაც გეგმავთ, მუსიკალური სკოლების მასწავლებლებზე ზრუნვა და მათი ხელფასის სკოლის მასწავლებლების ხელფასისთვის გათანაბრებაა. როგორ აპირებთ ამას?
_ ვფიქრობ, აუცილებელია, ეს გაკეთდეს. უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა. გვინდა, რომ საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი პარლამენტში შევიდეს საკანონმდებლო ინიციატივით. არ შეიძლება, რომ მუსიკალური სკოლის პედაგოგები და, ვთქვათ, საშუალო სკოლის პედაგოგები რაღაცა კლასებივით იყვნენ ერთმანეთისგან გაყოფილი. პედაგოგი არის პედაგოგი, მე არავის შრომას არ ვაკნინებ, მაგრამ, როცა მუსიკალური სკოლის პედაგოგი ერთ მოსწავლესთან მუშაობს ინდივიდუალურად ერთი საათი, ორი საათი, ეს ძალიან დიდი შრომაა. ყველა პედაგოგის შრომა შრომაა, მაგრამ ეს ადამიანები წლების განმავლობაში იყვნენ მიტოვებულები და მათზე არავინ ზრუნავდა. ჩვენ ინიციატივით მივმართავთ პარლამენტს, მათი ხელფასები გაუთანაბრდეს საშუალო სკოლის პედაგოგების ხელფასებს. ვფიქრობ, პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
_ კიდევ რა გეგმები გაქვთ ხელოვანთა კავშირში?
_ ხელოვანთა კავშირის მოვალეობაა, დაიცვას ის ადამიანები, ვინც ამ სფეროში მუშაობენ და ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, ეღირსა პროფკავშირს, რომ მიიღეს დასაქმებული და დამსაქმებელი ადამიანების ნორმალური შრომის კანონი. საერთოდ, პროფკავშირი მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციაა და საზოგადოება, რომელიც იცავს იმ ადამიანებს, ვინც ამ დარგში მუშაობენ. ადრე დამსაქმებელი პრივილეგირებული იყო, დასაქმებული კი _ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ვფიქრობ, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ეს ასე აღარ არის. დამსაქმებელს ერთი ხელის მოსმით არ შეუძლია, თავისი თანამშრომელი ყველანაირი დასაბუთებისა და გაფრთხილების გარეშე ქუჩაში გაუშვას, ადრე ასე იყო.
_ გაზაფხულზე ქართველი მსმენელი გაანებივრეთ ანჟელიკა ვარუმისა და ლეონიდ აგუტინის, ასევე, ლაიმა ვაიკულეს კონცერტებით, კიდევ ვის ჩამოყვანას გეგმავთ?
_ საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირის გარდა, გახლავართ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ვფიქრობ, ხელოვნება უნდა განთავისუფლდეს ყველანაირი პოლიტიკისგან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ვაჩუქოთ ის საინტერესო ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ, კულტურის პალატა, ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებთ. ეს იყო ქალბატონ თამარ გვერდწითელის ფესტივალი, ქალბატონ ლიანა ისაკაძის ფესტივალი და კიდევ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. ერთადერთი, რაზეც ახლა ვმუშაობთ, 14 დეკემბერს არის ცნობილი მსახიობის სერგეი ბეზრუკოვის საიუბილეო საღამო ფილარმონიაში, სადაც ის ითამაშებს ძალიან ცნობილ სპექტაკლს “ხულიგნის აღსარება”. მე ყოველთვის ვამბობ და მომხრე ვარ, რომ კულტურა განთავისუფლდეს პოლიტიკისგან. ვფიქრობ, ახალი მთავრობის პირობებში ეს შესაძლებელია.
_ უახლოეს მომავალში ვისი ვარსკვლავის გახსნა იგეგმება?
_ ვაპირებთ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანის ვარსკვლავის გახსნას. წინასწარ არ შემიძლია დავაანონსო, იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით ორ კვირაში ჩამოვყალიბდებით, როგორ და რანაირად. ვფიქრობ, ვარსკვლავის გახსნა ძველ სახეს დაიბრუნებს, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით. ოთხი წლის განმავლობაში ეს პროექტი ჩამორთმეული გვქონდა, კულტურის სამინისტროს ძველმა ხელმძღვანელობამ ეს პროექტი წაგვართვა. ბედნიერი ვარ, რომ ერთი წლის წინათ ეს პროექტი ისევ დაგვიბრუნდა. ეს ჩემი პროექტია, მე ვარ ავტორი საქართველოში და ჩემი შემოტანილია, მაგრამ არ მინდა ახლა წარსულზე საუბარი, სჯობს, ვილაპარაკოთ მომავალზე. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის ვარსკვლავი გაიხსნება წლის ბოლომდე. რასაკვირველია, პროექტი გაგრძელდება მანამ სანამ ამ ქვეყანაში იარსებებენ ის ადამიანები, ვინც ღირსნი იქნებიან, რომ გაიხსნეს მათი სახელობის ვარსკვლავი.
_ რამდენი ვარსკვლავი გაიხსნება წლის ბოლომდე?
_ დაახლოებით სამი.
_ რა არის კულტურის პალატის დანიშნულება?
_ კულტურის პალატის დანიშნულებაა ქართული კულტურისა და ბიზნესის პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ამ პალატას აქვს ძალიან საინტერესო გეგმები. ვფიქრობ, ჩვენ გავაკეთებთ პალატის პრეზენტაციას ოქტომბრის ბოლოს. ახლა ვყალიბდებით, და ამიტომაც არ შეიძლება გამოხვიდე და ილაპარაკო ის, რაც ჯერ არ არის გადაწყვეტილი და შენს თავსა და ორგანიზაციას რეკლამა გაუკეთო. ოქტომბრის ბოლოს ჩამოვყალიბდებით, როგორ და რა მიმართულებით ვგეგმავთ მუშაობას. ამისდა მიხედვით საზოგადოება ინფორმირებული იქნება ამ პალატის სამომავლო საქმიანობის შესახებ.
ანჟელა ბუცხრიკიძე, გაზეთი „პრემიერი“, 18-24 სექტემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |