საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური უახლოეს მომავალში გაუქმდება და ქვეყნის პირველი პირის რანგში 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის უსაფრთხოებას პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს. შესაბამისი ცვლილება შედის კანონში 'სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ~. რატომ გახდა ამ ცვლილების პროექტის მომზადება აუცილებელი? ამ საკითხზე "პრემიერი" კანონპროექტის ავტორს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა.
_ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენ კანონმდებლობის ჰარმონიზაციას შევუდექით მთელი რიგი ცვლილებების განხორციელების ხარჯზე, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გამოსვლა და პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პრეზიდენტმა სააკაშვილმა პიარისთვის გამოიყენა და განაცხადა, რომ მას მთავრობა დაცვას უხსნიდა. ჩვენ ამ შემთხვევაში კომპრომისზე წავედით და პრეზიდენტს მივეცით საშუალება, მისი უსაფრთხოება ცალკე სამსახურს, პრეზიდენტის დაქვემდებარებით შექმნილ დაცვის სამსახურს უზრუნველეყო.
_ როდის გეგმავთ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენას და სავარაუდოდ, როდიდან გაუქმდება პრეზიდენტის დაცვის სამსახური?
_ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩვენ ვუბრუნდებით დაცვის ძველ მოდელს, როდესაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების უსაფრთხოებას პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს. საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და ერთ კვირაში, ერთ თვეში ან შეიძლება უფრო მოკლე ვადებში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ვფიქრობთ, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცენტრალური ნაწილი დაიცავს და არა პრეზიდენტის დაცვის სამსახური.
_ რა ბედი ელით პრეზიდენტის დაცვის სამსახურში მომუშავე თანამშრომლებს, არის თუ არა გათვალისწინებული მათი მიერთება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის?
_ ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ მოგცემთ. ალბათ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადასაწყვეტია და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები იმუშავებენ თუ არა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. ალბათ, ის გაითვალისწინებს მოცემულ მდგომარეობას.
გიორგი ხუხია, გაზეთი "პრემიერი", 18-24 სექტემბერი