|
ნოდიკო ტატიშვილი:«საქართველო პირველ ადგილს, ალბათ, რაღაც პერიოდი ვერ მოიპოვებს, სამწუხაროდ»
სად და როგორ დაისვენა, რა გეგმები აქვს და იქნება თუ არა რომელიმე ტელეკომპანიის სახე ცნობილი ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი? ამ კითხვებით «პრემიერი» თავად ნოდიკო ტატიშვილს დაუკავშირდა.
_ ნოდიკო, პირველი კითხვა ამ დროისთვის აქტუალურ საკითხს ეხება _ სად და როგორ დაისვენეთ? ვისთან ერთად?
_ ეს ზაფხული იყო პირველი შემთხვევა ბოლო 4 წლის განმავლობაში, როდესაც, პირდაპირი გაგებით, დავისვენე, ანუ კონცერტი მქონია. მეგობრებთან ერთად გახლდით საბერძნეთის ყველაზე ცნობილ კუნძულზე _ სანტორინზე, შემდეგ გადავედით მეორე კუნძულზე _ ზაკინტოს, ასე ჰქვია, და ბოლო რამდენიმე დღე დავისვენებ ქალაქ კალამატაში, რომელიც ასევე საკურორტო ქალაქია. მგონი, კარგად დავისვენე.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ მოგზაურობის გარეშე ნევროზი გემართებათ. წელს თუ მოახერხეთ მოგზაურობა?
_ წელს ბევრი ვიმოგზაურე. საერთოდ, განებივრებული ვარ მოგზაურობითა და გასტროლებით. დაახლოებით 2005 წლიდან, პერიოდიდან, როცა საერთაშორისო კონკურსებზე სიარული დავიწყე, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. ბოლო რამდენიმე წელი კიდევ უფრო ინტენსიურად მიწევს ფრენა. ეს ჩემი პროფესიისთვის დამახასიათებელია და მეც კმაყოფილი ვარ, რომ ხშირად მიწევს მოგზაურობა, მაგრამ წელს ცოტა ბევრი მომივიდა. თებერვლიდან დღემდე 10 ქვეყანა მოვიარე და ოქტომბრიდან კიდევ რამდენიმე გასვლაა დაგეგმილი. წელს, ამ მხრივ, ნევროზის საშუალება არ მომეცა.
_ შოპინგი გიყვართ?
_ შოპინგის პროცესი არა, საბოლოოდ შენაძენით კმაყოფილი ვარ ხოლმე, მაგრამ თვითონ პროცესი არ მიყვარს. ზოგადად, პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მჭირდება შოპინგი და ეს ბუნებრივიცაა.
_ წელს «ევროვიზიის» კონკურსში თქვენ და სოფო გელოვანი მონაწილეობდით. სამწუხაროდ, ათეულშიც კი ვერ მოხვდით. თქვენი აზრით, საქართველოს აქვს «ევროვიზიაზე» გამარჯვების შანსი?
_ «ევროვიზია» არის უდიდესი მასშტაბების შოუ და იქ მოხვედრა ძალიან ბევრი რამის მომცემია, გამოცდილების პირველ რიგში. ამავდროულად, იცნობ ძალიან ბევრ ადამიანს და ეს შემდეგ ძალიან კარგი პერსპექტივების დასახვის დასაწყისია. გარდა ამისა, გიცნობს მაყურებელი და ხალხი, მით უმეტეს, როცა ფავორიტთა რიგებში ხარ და ჩვენ, ანუ საქართველო, ნამდვილად ვიყავით წელს ფავორიტთა ხუთეულში. აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო მუსიკალური კრიტიკოსებისთვის ჩვენი ხუთეულსმიღმა დარჩენა, მაგრამ ესაა კონკურსი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის მთავარი იყო, წელს ფინალის გარეშე არ დარჩენილიყო საქართველო და ძალიან ამაყები ვიყავით, როცა ფინალში გადავედით და ის წამები დაუვიწყარი იქნება ყოველთვის, როცა საქართველო გამოაცხადეს. რაც შეეხება ფინალს, ასევე ფავორიტთა ხუთეულში დავრჩით რეიტინგებით, მაგრამ რეალურად, ფაქტია, რომ რაღაცამ შეგვიშალა ხელი, ამაზე დღესაც ბევრი საუბრობს და მიზეზიც იყო, ალბათ, მაგრამ ერთადერთი, რაც თამამად და ხმამაღლაც შემიძლია გითხრათ, ამ მიზეზებში მე და სოფო ნამდვილად არ ვფიგურირებთ და ზოგადად ამაყები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი ღირსეულად წარვადგინეთ მთელი მსოფლიოს წინაშე, ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. ამიტომაც საზოგადოებაც შესაბამისად დაგვხვდა, რომ დავბრუნდით. ეს შეფასებები დღესაც მახარებს. ასევე, ავიღეთ საერთაშორისო პრესის პირველი ადგილი, რაც «ევროვიზიაზე» ძალიან მნიშვნელოვანი პრემიაა და ამ პრემიას ყოველ წელს აძლევენ გამარჯვებულს, ბოლო წლებია სულ ასეა... ჩვენც ავიღეთ ეს პრემია, მაგრამ საბოლოოდ ვერ გავიმარჯვეთ.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და კიდევ მთელი რიგი ქვეყნებისა ჩვენს შემდეგ ადგილებზე გავიდნენ, ისინი ამაში პრობლემას ვერ ხედავდნენ, ჩვენ კი ძალიან განვიცადეთ, იმიტომ რომ ხუთეულში ყოფნას ველოდით, თან პრესის ყველა კრიტიკოსი, ჟურნალისტი თუ ბლოგერი წერდა, რომ საქართველო ხუთეულში იქნებოდა. რატომ ვერ ამჩნევენ საქართველოს ამ კონკურსზე? მე ვერ ვიტყოდი, რომ ვერ ამჩნევენ. მე და სოფო, ქართულ დელეგაციასთან ერთად, წელს «ევროვიზიაზე» დავრწმუნდით, რომ ძალიან კარგადაც ამჩნევდნენ ქართველებს. ჩვენ ერთი წუთითაც არ გვიგრძნია თავი ან დაჩაგრულებად ან უყურადღებოდ და ა.შ. პირიქით, ძალიან კარგ ჭრილში წერდნენ საქართველოზე, ძალიან ბევრი პირდაპირი ჩართვა გვქონდა სხვადასხვა ქვეყნების ტელევიზიებში და ნამდვილად კარგად შეგვამჩნიეს ამ თვალსაზრისით. შემჩნევაში თუ თქვენ მაინცდამაინც პირველ ადგილს გულისხმობთ, მაშინ ჩემი პირადი მოსაზრება შემიძლია გითხრათ, ეს მოსაზრებაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ძალიან რეალისტი ვარ. საქართველო პირველ ადგილს, ალბათ, რაღაც პერიოდი ვერ მოიპოვებს, სამწუხაროდ. იმედია, ჩემს ნათქვამს მკითხველი გაიგებს და დამეთანხმება.
_ საბოლოო ჯამში, «ევროვიზიაზე» წარმატების მიღწევაში საქართველოს ამჯერადაც რაღაცამ შეუშალა ხელი. მაინც მიგაჩნიათ, რომ ამ კონკურსში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობას აზრი აქვს?
_ კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად აქვს აზრი, მთელი მსოფლიო უყურებს ამ შოუს და უმაღლესი რეიტინგი აქვს. აქედან გამომდინარე, მე და სოფო არა თუ ვნანობთ, რომ ამ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, პირიქით, ეს ძალიან დიდი ტრამპლინი იყო ჩვენთვის და საქართველოსთვისაც, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ მთელ მსოფლიოს ესმის სიტყვა _ საქართველო, ხედავენ ქართველ მომღერლებს, ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით და ა.შ. ამიტომ ნამდვილად აქვს აზრი ამ კონკურსში მონაწილეობას.
_ რა არის თქვენთვის პოპულარობა? ამის გამო ბევრს ვარსკვლავური დაავადება სჭირს...
_ ყველას, ვისაც ასეთი დაავადება სჭირს, ვურჩევ, იმკურნალოს. ჩემთვის კი პოპულარობა ასოცირდება ხალხის სიყვარულთან და მხარდაჭერასთან, გულშემატკივრობასთან, დიდ სითბოსთან, რომელსაც ყოველდღიურად ჩემთვის უცხო, უცნობი ადამიანისგან ვიღებ. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ, ამაზე მთავარი მომღერლისთვის არაფერია.
_ რაიმე ცხოვრებისეული კრედო თუ გაქვთ, რომელსაც მიჰყვებით?
_ არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ, ანუ სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ბევრი საინტერესო და კარგი რამ გავეკეთო, ბოლომდე მივიყვანო ყველაფერი, რასაც ხელს მოვკიდებ და ყველა წინაღობას წინ აღვუდგე და ყველანაირი ბარიერი გადავლახო. მაქსიმალისტი ვარ და ეს ძალიან მეხმარება ყველაფერში.
_ რას აპირებ, რა გეგმები გაქვთ ისეთი _ გამოკვეთილი, კონკრეტული, რის შესახებაც გინდათ თქვენმა მსმენელმა იცოდეს?
_ გეგმა ბევრი მაქვს, ახალი პროექტის კეთებას ვიწყებ, პარალელურად მექნება ახალი სიმღერები. ვიდეოს გაკეთებასაც ვგეგმავ და პარალელურად, პერიოდულად მომიწევს ხოლმე ქვეყნის დატოვება, იმიტომ რომ სხვადასხვა კონცერტებია დაგეგმილი.
_ ხომ არ აპირებთ კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ? ან თუ გიფიქრიათ ამაზე?
_ მიფიქრია, თუ ამის საშუალება მექნება, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ, ვიქნები ბედნიერი ადამიანი, თუ ჩემი ქვეყნის სახელს კიდევ ბევრჯერ გავიტან მის საზღვრებს გარეთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდხანს ვერ ვჩერდები ვერსად, საქართველოსა და თბილისის გარეშე ვერ ვძლებ.
_ როგორ ფიქრობთ, ვინ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი თქვენს კარიერულ წინსვლაში?
_ ოჯახის მონდომებამ, განსაკუთრებით დედამ. როდესაც დაინახა, რომ მუსიკალური ნიჭი მქონდა და თან ძალიან მიყვარდა სიმღერა, ბოლომდე მომყვა, ძალიან საფუძვლიანად დამაკვალიანა, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების დასაწყისი იყო. ალბათ, გახსოვთ, რა ხდებოდა მაშინ საქართველოში. და ასევე, დიდმა სიყვარულმა ჩემი პროფესიისადმი, რაც მიმაჩნია, რომ პროფესიაზე მეტია ჩემთვის.
_ ახალი სატელევიზიო სეზონი იწყება ყველა არხზე, როგორც სხვა მომღერლებს, თქვენც ხომ არ შემოგთავაზეს რომელიმე პროექტის წამყვანობა? საერთოდ, თუ გიფიქრიათ ამაზე? რადიო „აფხაზეთის ხმაში“ უკვე გქონდათ თქვენი საავტორო გადაცემა...
_ ნამდვილად ბევრი პროექტია და მადლობელი ვარ იმ პროდიუსერებისა, რომლებმაც თავის პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. სამწუხაროდ, უარის თქმა მომიწია. ასეთ რეჟიმში ბევრი ფრენა მიწევს და თავს უფლებას ვერ მივცემდი, უპასუხისმგებლოდ მოვქცეოდი რომელიმე პროექტსა და მის მესვეურთ, ხშირად დამეტოვებინა ქვეყანა და თან პროექტში ვყოფილიყავი, ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პროდიუსერებს, მაგრამ ჩემმა გეგმებმა ამ სეზონზე ამის საშუალება არ მომცა. იმედია, სხვა სეზონებზე შევძლებ და მივიღებ მონაწილეობას.
_ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ.
_ მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ, ტირაჟის ზრდასა და ბევრს საინტერესო რესპონდენტს, საინტერესო რუბრიკებს, ბევრ მკითხველს.
ირაკლი ყურაშვილი, გაზეთი ”პრემიერი”, #2, 11-17 სექტემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |