|
ქვეყანა მთავარი პროკურორის გარეშეა, ბიძინა ივანიშვილი კი მიხეილ სააკაშვილის დატუსაღების მოლოდინშია.
არჩილ კბილაშვილი წავიდა... ბიძინა ივანიშვილი მიდის... მისი ეპისტოლარული ურთიერთობა „გაუნათლებელ“ საზოგადოებასთან და მედიისა თუ “ენჯეოს” „უსინდისო“ წარმომადგენლებთან ბევრს გამოაფხიზლებს და რეალურად დაანახებს, რომ პოლიტიკაში მოსვლა აბსოლუტურად გათვლილი ნაბიჯი იყო. ეს მას პირადი ვენდეტისთვის სჭირდებოდა. ახლა საქმე ბოლომდეა მისაყვანი და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილი ციხეში ჩასასმელი. ამიტომაც მიდის იგი პოლიტიკიდან, რომ მერე მისკენ არ გაიშვირონ ხელი და ამ პოლიტიკურმა აქტმა ნეგატიური გავლენა მის ბიზნესზედაც არ იქონიოს. ივანიშვილი აპირებს, პილატესავით დაიბანოს ხელი და საკააშვილი ახალ პრეზიდენტსა და ახალ გენერალურ პროკურორს დაატუსაღებინოს. პრეზიდენტს პირობითად, რადგან „ევროპული ყაიდის პრეზიდენტს“ ამის უფლება არ ექნება. თუმცა ახლა მთავარი პროკურორის ვაკანსიაზე აუქციონია გამოცხადებული. გაიმარჯვებს ის, ვინც ფსონად მიხეილ სააკაშვილის დაჭერის უტყუარ გარანტიას დადებს.
არჩილ კბილაშვილი? ის ქვეყნის მთავარი პროკურორი აღარაა და მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს სავარძელს, რეალურად კი გულაცრუებული, გულგატეხილი და საკუთარი თავით უკმაყოფილო პოსტიდან რამდენიმე დღის წინა წავიდა.
კბილაშვილი უდავოდ პატიოსანი პიროვნებაა, მაგრამ სამართლებლივ ბატალიებში ადვოკატის რანგში გამობრძმედილი პერსონა პროკურორის რანგში უძლური აღმოჩნდა ივანიშვილის კარის კულუარული ინტრიგებისა და ფარული გარიგებების წინაშე.
კბილაშვილის განცხადება გადადგომის შესახებ, ფაქტობრივად, დაკმაყოფილებულია. პრემიერ-მინისტრმა მას პირადად სთხოვა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე პოსტზე ფორმალურად დარჩენა.
სწორედ ივანიშვილ-კბილაშვილის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია გენპროკურორის გადადგომის შესახებ. „ქართული ოცნების“ სულსწრაფმა მოენეებმა ამის დამალვა ვერ შეძლეს. თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა უარყოფამ და იმის გახმაურებამ, რომ კბილაშვილი თანამდებობაზე რჩება, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც სჩვევია ხოლმე, ბოლომდე არც კი მოუსმინა მთავარ პროკურორს. თავად არჩილ კბილაშვილმა კი წასვლის რეალური მიზეზი საკმაოდ დელიკატურად და თავაზიანად მიაწოდა პრემიერ-მინისტრს: „გადავიღალე და არ შემიძლია თქვენი ნდობა გავაცრუო, უმჯობესი იქნება, თუ ამ თანამდებობაზე უფრო გამოცდილი ადამიანი დაინიშნება“.
ივანიშვილმა არც კი იკითხა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო კბილაშვილის პოსტიდან წასვლის სხვა რეალური მიზეზი. ბატონ არჩილს მადლობა გადაუხადა და მიუგო: „მესმის შენი...“ თან სთხოვა: „საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე იქნებ მაინც დარჩე, არაა საჭირო ახლა ზედმეტი მითქმა-მოთქმები“. საუბრის დასრულებამდე წარმოთქმული სხვა ფრაზები კი საკმაოდ უინტერესოა.
ღეალურად, ივანიშვილს ერთი მთავარი პრობლემა აწუხებდა _ ვინ შეიძლება დაენიშნა კბილაშვილის შემცვლელად. თუმცა ეს მოგვიანებით თავის მრჩევლებთან კონსულტაციების შემდეგ განსაზღვრა და ჩამოყალიბდა.
რაც შეხება კბილაშვილს, მისთვის ერთი შვება აღმოჩნდა პრემიერის თანხმობა: „მესმის შენი...“ და ახლა იგი მოუთმელად ელოდება საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას.
***
და მაინც, რატომ მიდის არჩილ კბილაშვილი? მიუხედავად საჯაროდ საკუთარი მუნდირის ღირსების პერმანენტული დაცვისა, ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მყარი საფუძველი აქვს.
კბილაშვილმა თვით თავისი ახლობლების ანუ კურსელების სხვადასხვა პოსტზე დანიშვნით ვერ შეძლო, პროკურატურა ერთიან, მონოლითურ სამსახურად ექცია, სადაც საქმეების გაფუჭებაზე კი არა, სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე იფიქრებდნენ.
მეორე, ცალკეულ საქმეებზე ხელისუფლების კარდინალების მიერ დადებულმა პოლიტიკურმა გარიგებებმა და დაკვეთილმა შურისძიებებმა არჩილ კბილაშვილი არაერთხელ გამოიყვანა მწყობრიდან. მთავარი პროკურორი მიხვდა, რომ იგი აღმოჩნდა მარიონეტი პოლიტიკური ხელისუფლების ხელში და ისიც ადვილად აღიქვა, რომ ივანიშვილის კარზე მასზე მეტად მიღებულნი და სანდონი მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები აღმოჩნდნენ. კბილაშვილისთვის მის ახლობლებს არც ნაცვლიშვილ-ხუხაშვილის „რადისონში“ გახშირებული შეხვედრები დაუმალავთ, რომლის შემდეგაც ნაცვლიშვილი ან აპარებდა ცალკეულ საქმეზე საკუთარ მოსაზრებებს, ან სხვებისგან იგებდა მის მიერ გაცემული დირექტივების შესახებ. კბილაშვილის განსაკუთარებული აღშფოთება ორ საქმეს უკავშირდება: ახალიებისა და მერაბიშვილის საქმეს.
ახალაიების საქმესთან დაკავშირებით, როდესაც მან დასვა კითხვა, „რატომ გვენგრევა ყველაფერი“, საქმის პროკურორმა მრავლისმეტყველად აიხედა ჭერში.
შემდეგ კბილაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მისივე შენობიდან გაცემული განკარგულების საფუძველზე, ცალკეული საქმეებიდან პირდაპირ ამოიღეს დათა ახალაიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები. მოგვიანებით ისიც გაიგო, რომ ახალაიებთან დაახლოებული ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ქარდავას 4-5-საათიანი ჩვენებებიდან ლამის ერთი ფურცელიც არ იყო არსად დაფიქსირებული. კბილაშვილის რისხვა, ფაქტობრივად, ვერავის დაატყდა, რადაგან მიახვედრეს, რომ საქმის გამოძიებლის სამსახურიდან გათავისუფლების კი არა, საქმიდან ჩამოცილების უფლებაც კი არ ჰქონდა.
რაც შეხება მერაბიშვილის საქმეს, კბილაშვილმა მის დაკავებამდე, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ განმარტა, რომ საქმეში არ იკვეთებოდა მერაბიშვილის კორუფციული გარიგებები, არც უფლებამოსილების გადამეტება, არც სხვა თანამდებობრივი დანაშაული. ის იყო პოლიტიკური ხელმძღვანელი, რომელმაც გასცა პოლიტიკური დავალება _ „დავასაქმოთ!“ და რადგან ქვედა რგოლში არავინ აღიარებდა, რომ მათზე უშუალოდ მერაბიშვილმა მოახდინა რაიმე სახის ზეწოლა, ეს საქმე დროთა განმავლობაში დაინგრეოდა. კბილაშვილმა განმარტა, რომ შედეგად ქვეყანა ყოფილი პრემიერის სახით მიიღებდა პოლიტიკურ პატიმარს, რაც ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდა. ამ მოსაზრებას იქვე, „მრგვალ მაგიდასთან“, ყველა დაეთანხმა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ კბილაშვილის ტელეფონზე დარეკეს. მერაბიშვილი ახლაც ზის და პროკურატურაში ყველამ იცის, რომ ამ შეკერილი საქმიდან არაფერი გამოვა. ანუ მერაბიშვილის შინ გაშვება მოუწევთ.
სხვა ბევრი რამ იყო კბილაშვილისთვის ასევე მიუღებელი. ყველაზე მეტად ის აცოფებდა, რომ მასთან კომუნიკაცია ანუ დირექტივების გაცემა არ ხდებოდა, არც წულუკიანის, არც ღარიბაშვილის და მით უფრო არც ივანიშვილის მხრიდან. დირექტივის გამცემი მუდამ ან მისი ხელქვეითები, ან ივანიშვილთან დაახლოებული პირები იყვნენ.
დროთა განმვლობაში თავის მემუარებში რას დაარქმევს კბილაშვილი იმ ნაწილს, რომელიც მისი პროკურორობის პერიოდს ეხება, ნამდვილად უცნობია, თუმცა დღევადელი გადასახედიდან, ალბათ, უპრიანი იქნება, მომავალი ბესტსელერის ეს ნაწილი ასე დაასათაუროს _ „დრო, როცა მე მე არ ვიყავი“.
***
ახლა კი მომავალ მთავარ პროკურორზე. განვლილმა პერიოდმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი საკადრო დეფიციტით მოვიდა. ამ მხრივ, მას არც მრჩევლები გამოადგნენ. მან თავადაც მთელი მსოფლიოს გასაგონად აკურთხა ქვეყანაში პროტექციონიზმი და ნეპოტიზმი და არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ პროტექციონიზმის შემთხვევაში მეტწილად ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს.
მოკლედ, არც მეტი არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილს მთავარი პროკურორის ახალ კანდიდატურებად მისმა ყველაზე “სანდო მრჩევლებმა” უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძე და თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი შესთავაზეს.
ხელისუფლებას სჩვევია ხოლმე გადათქმები. ასევე, არაერთხელ მოგვისმენია გაკვირვებული პროტეჟეებისგან, რომ მათ არაფერი იციან თავიანთი „წინსვლების შესახებ“. მაგრამ ფაქტი ფაქტია. ივანიშვილს განსახილველად ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ორი კანიდატი ჰყავს. რამდენად პერსპექტიულები და საქმიანები _ ეს ახლა ვერ იქნება განსჯის საკითხი. საზოგადოებამ მათზე საკმაოდ ბევრი რამ იცის _ კარგიც და ავიც. უბრალოდ, აქ მთავრი ისაა, რომ პროკურორად ივანიშვილი პრემიერის თუ „კარლეონეს“ რანგში დანიშნავს იმას, ვინც უფრო მეტ გარანტიას მისცემს მისი პირადი მტერის _ მიხეილ სააკაშვილის დასაჭერად.
რეალურად, ბიძინა ივანიშვილს არც არასოდეს სდომებია ახალაიას ან მერაბიშვილის თავი. ის ხელისუფლებაში შურისძიებისთვის მოვიდა და ახლა მხოლოდ ორი ნაბიჯი დარჩა ვნების დასაკმაყოფილებლად _ საპრეზიდენტო არჩევნების გადაგორება და სააკაშვილის დატუსაღება.
„სამართლიანობა?“ სამართლიანობა აღდგენილია, ივანიშვილს ყველაფერი დაუბრუნდა. ხალხს? და როდის იყო, საქართველოს რომელიმე ხელისუფლება ხალხისთვის ზრუნავდა?!
კბილაშვილთან და მომავალ მთავარ პროკურორთან დაკავშირებული საკითხის საჯარო კომენტირება, სამწუხაროდ, არც ერთმა საჯარო მოხელემ არ ისურვა, თუმცა ინკოგნიტოდ დარჩენის პირობის შემდეგ ,,პრემიერის” კითხვებს საქართველოს მთავრობის საკმაოდ გავლენიანმა პირმა უპასუხა:
_ კონკრეტულად, ვინ განიხილება არჩილ კბილაშვილის შემცველის კანდიდატურად?
_ არჩილ კბილაშვილის შემცვლელის ერთ-ერთ კანდიდატურად შევარდნაძისდროინელი მაღალჩინოსანი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მოადგილე, უშიშროების ექს-მინისტრი ჯემალ გახოკიძე განიხილება.
_ ნუთუ არსებობს შანსი, გახოკიძე გახდეს მთავარი პროკურორი?
_ ნამდვილად ვიცი, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან გახოკიძის კანდიდატურის გასაყვანად მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა ის ნამდვილად პროკურორი, ვერაფერს გეტყვით.
_ გახოკიძე პროკურორის თანამდებობისთვის ცოტა ხნიერი ხომ არ არის?
_ ძალიან მოხუცი არ არის, დაახლოებით 60 წლამდეა (ეღიმება).
_ არჩილ კბილაშვილის თანამდებობაზე კიდევ ვისი კანიდატურა განიხილება? შესაძლებელია, მხოლოდ ერთ ადამიანზე კეთდებოდეს აქცენტი?
_ ჩემი ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილის ადგილზე თბილისის პროკურორის, მაია მწარიაშვილის კანდიდატურაც განიხილება.
_ თქვენ პირადად, რომელ მათგანს დაუჭერთ მხარს?
_ მე პირადად არც ერთ კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ. მე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მირჩევნია ისეთი ადამიანი, რომელსაც იურისტად მუშაობის გამოცდილება აქვს და დაკავშირებული არაა იმ დროსთან, როცა ფული აქტიურად კეთდებოდა. ჯემალ გახოკიძე მთელი თავისი ცხოვრება ძალოვან უწყებებში მუშაობდა და რას წარმოადგენდა ეს უწყებები შევარდნაძის დროს, ყველას კარგად გვახსოვს.
_ მაშინ რატომ განიხილება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა?
_ აქ უცნაური არაფერია. მთვარი პროკურორი ისეთი პოზიციაა, რომ ყველა ინტერესთა ჯგუფისთვის საინტერესოა. მათ შორის, კოალიციაში შემავალი ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისთვის. ყველა შეეცდება, რომ თავისი პარტიის წევრი ან პარტიასთან ასოცირებული პირი გახდეს მთავარი პროკურორი. ამიტომ წავა ბრძოლა გახოკიძის კანდიდატურის გაყვანაზე.
_ გახოკიძე ხომ მაინც შევარდნაძის კორუმპირებული სისტემის კადრია?
_ მთელი ქართული საზოგადოება ვიღაცის კადრია. რა უნდა ექნა იმ პერიოდში _ თავი გაეყინა და ეთქვა, შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გამაღვიძეთო?
_ როდის უნდა ველოდოთ არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას?
_ ის ახლაც ფორმალურადაა მთავარი პროკურორი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და სწორედ ახლად არჩეულ პრეზიდენტის პირობებში მოხდება მთავარი პროკურორის დანიშვნა.
_ რატომ არ დაიყოლია ივანიშვილმა კბილაშვილი, რომ ის დარჩენილიყო თანამდებობაზე?
_ გარკვეული ძალები მიიჩნევენ და პრემიერსაც ასეთი ინფორმაცია აქვს, რომ კბილაშვილმა ვერ შეძლო პროკურატურის სათანდოდ მართვა. ამ უწყებას არჩევნების შემდეგ მეტი გამოწვევა ელის და ასეთ პირობებში სათუოა, თავი გაართვას.
_ პრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო დაკავებას გულისხმობთ?
- მე არაფერს არ ვგულისხმობ... ისე, არჩევნების შემდეგ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება.
_ კარგით, იმ პერიოდისთვის ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებას?
_ მგონი, საკმარისად გითხარით ყველაფერი. იმედია, პირობას შეასრულებთ.
_ აუცილებლად, არ გიცნობთ, არ მიცნობთ...
_ (იცინის), ვნახოთ, ვნახოთ...
გოჩა მირცხულავა, გაზეთი „პრემიერი“, 4-10 სექტმებერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |