|
“პრემიერს” ესაუბრება “ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ოთარ ჩრდილელი.
_ საზოგადოებაში ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის არსებობს გარიგება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. მარათალია, პრემიერი ხშირად ჩნდება კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად, მაგრამ მას ამ დრომდე არ გაუკეთებია ისეთი განცხადება, რომელიც საბოლოოდ დაასრულებდა ამ მითქმა-მოთქმას. რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
_ უკვე სასაცილოც აღარაა ის ინსინუაციები, რასაც გარკვეული ძალები აწარმოებენ. პერსონიფიცირებას არ მოვახდენ, გამგები ისედაც მიხვდება. არანაირ ლოგიკასა და ანალიზს არ ექვემდებარება, რომ რაიმე ტიპის გარიგება _ და მით უმეტეს, ასეთი გრანდიოზული მასშტაბის _ ხორციელდებოდეს. მმართველმა კოალიციამ და მისმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, მკაფიოდ და ხაზგასმით განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩვენი კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი იქნება. მას რომ სდომოდა ბურჯანაძის კანდიდატურის დასახელება, ღიად და საჯაროდ დაასახელებდა, არც ენის მოსაჩლექი და არც რაღაც ქვედინებები ჩვენს კოალიციას არავისთან არ სჭირს.
_ მესმის, რომ პოლიტიკურად მაინც წამგებიანია სხვა სახის განცხადებების გაკეთება. მაგრამ როგორც მედიის ყოფილ წარმომადგენელს, იმის დანახვა არ უნდა გაგიჭირდეთ, რომ მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიის პიარუზრუნველყოფა ამ ეტაპზე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. რა არის ამის მიზეზი?
_ საპრეზიდენტო მარათონი ახალი დაწყებულია და პიარკამპანიაც ჯერ არ არის პიკზე. ჩვენს გუნდში ამ თემაზე მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებმაც იციან პიარის ფასი ფორსმაჟორულ სიტუაციებში. ჩვენს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი იარაღი იყო პიარი და მისი რამდენიმე განშტოება. თავის დროზე მსოფლიოში დომინირებდა ორი სახის _ საბჭოთა და ნაცისტთა _ პიარი. სააკაშვილ-მერაბიშვილ-ბოკერიას ტრიუმვირატმა შექმნა ამ ორი სახის პიარის ჰიბრიდი და თავს დაატეხა მოსახლეობას. გახსოვთ, ალბათ, მათი “ვარდისფერი პიარი”, რომელიც მითებზე, ლეგენდებსა და ილუზიებზეა აგებული. ილუზიის ნათელი მაგალითია თუნდაც მკვდრადშობილი პროექტი “ლაზიკა”. ეს იყო მოდერნიზებული “პოტიომკინის სოფელი”. ასევე ნამდვილი ლეგენდა, თუ როგორ უკუაგდო უიარაღო მთავარსარდალმა განმუხურიდან შეიარაღებული რუსი სამხედროები და ა.შ.. სააკაშვილი ბუნებით არის ინტრიგანი, უზნეო, მავნე ელემენტი, რომელიც, თავისი არამდგრადი ფსიქიკიდან გამომდინარე, ხშირად იყენებდა კონფლიქტურ პიარს. ანუ როცა ინტერესთა დაჯახება ხდება, მაგალითად, ბიზნესისა და ადმინისტრაციული რესურსის, აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ნაციონალების დროს შუაღამის 3-4 საათზე ბიზნესმენების რიგი ნოტარიუსებთან. აი, ასეთი პოლიტიკური პიარაჯაფსანდალის შემდეგ, საზოგადოებას უწევს ყურება, თუ როგორ მშვიდად, ყოველგვარი ყალბი პათოსისა და მანიაკალურ-შლეგური აღტკინების გარეშე ატარებს თავის საარჩევნო კამპანიას მარგველაშვილი. გარდა იმისა, რომ კოალიცია სუფთა ანუ თეთრ პიარს ახორციელებს, თვითონ მარგველაშვილიც ინტელექტუალია, უშუალოა, პუბლიკაზე არ თამაშობს სააკაშვილივით და ნებსით თუ უნებლიეთ, თვითპიარსაც მშვენივრად ეწევა. მან იცის საზოგადოებასთან საუბარი, მშვენიერი, მრავალწახნაგოვანი აზროვნება აქვს, რაც დებატებში მის პიროვნებას მეტ დამაჯერებლობას აძლევს.
_ არაერთხელ მოვისმინეთ პრემიერისგან, რომ მას ცალკეულ საკითხებზე არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია. არაერთხელ მოგვისმენია მისი გულწრფელი ”არ ვიცი”. როგორ ფიქრობთ, არის კი პრემიერისთვის ცნობილი, რომ ასეთი საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის პირობებში ბატონი მარგველაშვილი, შესაძლოა, დამარცხდეს? მეტიც: ხომ არ კეთდება ეს იმისთვის, რომ ხვალ გვითხრას “ოცნებამ“ ჩვენც და დასავლეთსაც: ნახეთ, ჩვენთან უკვე არის დემოკრატია, არჩევნებში სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა გაიმარჯვაო.
_ მოდით, კითხვაზე პასუხი გავყოთ ორ ნაწილად. რაც შეეხება პრემიერს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, უაღრესად ნიჭიერი, ცხოვრებისეული გამოცდილებით სავსე, უდიდესი მოთმინების პატრონი. ეს არ არის დითირამბები, ეს არის რეალობა. ივანიშვილს არ სჭირდება, ბავშვობაში ჩარჩენილი სააკაშვილივით, ბაიათების მოსმენა, თუ რა კარგია ის და რა ჭკვიანია. ფაქტია, რომ ათწლიანი “ნაციონალური ჭირი” ერთ წელიწადში ბერთოლეს მარილივით დაშალა ივანიშვილის ზედმიწევნით ზუსტმა სტრატეგიამ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, პრემიერმა თუ იცის ჩვენი კანდიდატის შესაძლო დამარცხების შესახებ. ალბათობა იმისა, რომ ბატონი მარგველაშვილი დამარცხდეს, 0-ს ოდნავ ქვევითაა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. არ ვამბობ, რომ მხართეძოზე წამოვწვეთ და დაველოდოთ 27 ოქტომბერს, არამც და არამც! უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იმუშაოს.
_ იმ პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, როდესაც პრემიერს უკვე დეკლარირებული აქვს, რომ არჩევნების შემდეგ წავა, როცა პოლიტიკურ გუნდს ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი და არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ხელახლა უნდა დამტკიცდეს, რატომ არ ასახელებს “ქართული ოცნება“ მომავალი პრემიერის ვინაობას? ეს ხომ იქნებოდა პოლიტიკურად გამართლებული სტრატეგია, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი, ფაქტობრივად, ერთად გავიდოდნენ არჩევნებზე?
_ შაბლონია, მაგრამ უნდა გითხრათ: მოდით ნუ ვიჩქარებთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. კოალიცია და მისი ლიდერი ყველაფერს აკეთებენ ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს სჭირდება.
_ დავუშვათ, “ქართული ოცნების“ კანდიდატი დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში. იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც ოცნებას აქვს იდეოლოგიურად, რომელი კანდიდატი იქნება თქვენთვის უფრო მეტად მისაღები? ხომ არ დადგება დღის წესრიგში მორიგი კოჰაბიტაციის საკითხი?
_ მესმის თქვენი კითხვის ირონიზებული არსი. მე პირადად ერთი სული მაქვს, როდის მოვა 27 ოქტომბერი, როდესაც ინაუგურაციის შემდეგ ახალი პრეზიდენტი დაიწყებს ერისთვის საქმიანობას და დასრულდება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი კოჰაბიტაცია.…ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის სააკაშვილმა, ამ პოლიტიკურად მაოხრებელმა გზირმა, “მელკი ჟულიკმა” და ავანტიურისტმა, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ღვთის, ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ნაცი N1 უნდა გასამართლდეს!
ლაშა ნოდია, გაზეთი "პრემიერი", #1, 4-10 სექტემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |