|
სკანდალური დოკუმენტები
ახალმა ხელისუფლებამ საქართველოს ონკოლოგიური ცენტრი უცხოელ ინვესტორს, კანადურ-ჩინურ კომპანია “მედიკალ ფარმაცევტიკალ გრუპს”, ინვესტიციის განუხორციებლობის გამო ჩამოართვა და სახელმწიფოს დაუბრუნა, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. თუმცა დღეს, უკვე სახელმწიფო კალთის ქვეშ, როგორც ამბობენ, მის სადავეებს კვლავ ნაციონალების ხელდასმული ხალხი იგდებს. გაზეთ “პრემიერს” ონკოლოგიის ცენტრის მედიცინის საინიციატივო ჯგუფმა სკანდალური და ექსკლუზიური დოკუმენტები მოაწოდა.
გიორგი თოიძე, ონკოლოგიური ცენტრის საინციატივო ჯგუფის იურისტი:
_ ჩვენი ჯგუფის მიზანიც ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება იყო. ამ ჯგუფში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები, მეცნიერები არიან _ სულ 12 ადამიანი. მათ ამ ბრძოლაში დიდი წინააღმდეგობები შეხვდათ და ზოგიერთმა სამსახურიც დაკარგა. “პეგასუსისა” და ეკონომიკის სამინისტროს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც კანონით საჯარო იყო, დამალული ჰქონდათ და მხოლოდ გასული წლის არჩევნების შემდეგ გახდა მისი გაცნობა შესაძლებელი. მაშინ აღმოვაჩინეთ ის პირობები, რომელიც ჩადებული იყო და ინვესტორისგან ვერ შესრულდებოდა. 20 მილიონი დოლარი იყო გაწერილი შენობა-ნაგებობების რეაბილატაციასა და სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე და ობიექტი 2013 წლის მაისში უკვე დასრულებული უნდა ჰქონოდათ. ხელშეკრულებაში ბევრი რამ იყო დამახინჯებული და არასწორი, რაზედაც ახლა აღარ ვისაუბრებ. გეტყვით იმას, ვინ იყო სინამდვილეში ეს ჩინური წარმომავლობის “პეგასუსი”. დაზუსტებით თქმა, რა ურთიერთობა აქვს ამ ფირმას უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან, არ შემიძლია, მაგრამ ბებიამისი მზია გარკვეულ ურთიერთობას ამყარებდა სამედიცინო წრეებთან. თავად ონკოლოგიის ცენტრის დირექტორი, რეზო გაგუა, ერთ-ერთ ინტერვიუში ადასტურებს კიდევაც, რომ ის ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო პრეზიდენტის ბებიასთან. “თხამ რომ ვენახი შეჭამა”, ის პრინციპი იყო აქაც. გაგუა აკავშირებდა სააკაშვილის ბებიას “პეგასუსთან”, რითაც ამ ხალხს ყველა მიმართულებით ჰქონდა ხელ-ფეხი გახსნილი. ასე რომ, “პეგასუსს” მფარველობდნენ როგორც სააკაშვილის ოჯახი, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.. ცენტრს 60 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ეკავა ლისის ტბაზე, 43 ათას კვადრატულ მეტრზე კი შენობა-ნაგებობები იყო განლაგებული, მაგრამ ამხელა ქონება 3 მილიონ ნახევრად გაყიდეს 2010 წელს, რაც რეალურ ღირებულებაზე ბევრად მცირეა. საგამოძიებო სამსახურებმა უნდა შეისწავლონ, ამის იქით, “პეგასუსს” ქართულ მხარესთან კიდევ რა ფული ჰქონდა გადახდილი, რისი ეჭვიც, რეალობიდან გამომდინარე, არსებობს. ასევე უნდა დაინტერესდნენ, თავის დროზე, ვერა ქობალიას სამინისტროს რომ ევალებოდა ინვესტიციის მონიტორინგი, რატომ არ განახორციელა. მას უნდა შეესწავლა, სინამდვილეში ვინ იყო “პეგასუსი”.
_ ვინ იყო, თქვენ იცით?
_ ერთი საინტერესო ფაქტის შესახებაც მოგიყვებით: როცა სახელმწიფო სააქციო საზოგადოება ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიურ ცენტრს შეუწყვიტეს სამედიცინო საქმიანობის ნებართვა, დირექტორს, რეზო გაგუას, იმავდროულად, დააარსებინეს შპს საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი. მან გადაიფორმა სამედიცინო საქმიანობის ნებართვა და როგორც კერძო პირმა, ისე განაგრძო საქმიანობა. ეს მოხდა თანამშრომლების გვერდით გაწევის გამო. პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა “პეგასუსს” ყველაფერი. “პეგასუსი” მანამდე მხოლოდ ფარმაცევტულ საქმიანობას ეწეოდა. საქართველოში, ონკოლოგიის ცენტრში, რამდენიმე წამლის ექსპერიმენტს ატარებდა გაგუას ხელშეწყობით, მაგრამ შემდგომ დადგინდა, რომ “პეგასუსი” არის საეჭვო საქმიანობის ფირმა. კანადის ფასიანი ქაღალდების სააგენტომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებდა, მასთან ურთიერთობისგან თავი შეეკავებინათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს სამედიცინო სივრცე მისთვის მაინც ჰუმანური აღმოჩნდა. რატომ? ამ კითხვას გამოძიებამ უნდა გაცეს ზუსტი პასუხი.
_ კიდევ რა კითხვებს უნდა გასცეს ონკოლოგიურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გამოძიებამ პასუხი?
_ ერთ სკანდალურ ამბავს გეტყვით და თავად მიხვდებით, ახლაც რა ხდება ამ დაწესებულებაში. რეზო გაგუას ფირმის დაარსებასთან ერთად, მართვაში ინვესტორმა შემოიყვანა ფირმა “მედიკალ პარტნიორი”, რომელის ხელმძღვანელიც, თინა ჯანაშვილი, საზოგადოებისთვის ცნობილი ფირმა “ბლოკ ჯორჯიას” დამფუძნებლების ოჯახური კლანიდანაა. “მედიკალ პარტნიორი” იმ პერიოდში სპეციალურად იმისთვის დაარსდა, რომ მართვაში აეღო საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრი. სქემა ასეთი იყო: “პეგასუსმა” იყიდა საავადმყოფო და მას უნდა ჩაედო იქ ინვესტიცია; გაგუამ შექმნა ახალი შპს, რომელმაც “პეგასუსისგან” იჯარით აიღო შენობა-ნაგებობა, რომელიც “პეგასუსს” უნდა გაერემონტებინა, ხელშეკრულების თანახმად, მისი მართვა კი გადასცეს “ბლოკ ჯორჯიას” შვილობილს, “მედიკალ პარტნიორს”. ეს იყო თაღლითურად მოფიქრებული სქემა. რატომ, ამასაც გეტყვით. სააქციო საზოგადოებას აქვს საბიუჯეტო დავალიანება 2 მილიონამდე, მაგრამ პასუხისმგებლობა ამის გამო დირექტორის, გაგუას მიმართ არ წამოშობილა, არადა, გაგუა დღესაც დირექტორია როგორც სააქციო საზოგადოებაში, ასევე კერძო ფირმაში. გაგუას კერძო კომპანია უახლოეს პერიოდში ხდება მომგებიანი და რამდენიმე მილიონის ბრუნვა აქვს. ის თანხები, რომელიც ბიუჯეტის დასაფარად უნდა წასულიყო ამ ცენტრიდან, უკვე გაგუას ჯიბისკენ წავიდა. ფინანსთა სამინისტროში მესამე თვეა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, მაგრამ მერე შეწყდა და ძვრა არ აქვს. ბევრი საგულისხმო მტკიცებულება დევს ამ სამსახურში და არავინ იკვლევს. საქალაქო სასამართლოში კი დღესაც მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, პატივისა და ღირსების შელახვისთვის, რადგან გაგუამ გაბედა და ექიმებს, რომლებიც ღიად ლაპარაკობდნენ ამ ყველაფეზე, სასამართლოში უჩივლა. ამის გამო, მედიცინის რამდენიმე მუშაკის ქონებას, საცხოვრებელ ბინებს დღესაც ყადაღა აქვს დადებული.Gგაგუა მუდმივად იცავდა “პეგასუსს” და აპროტესტებდა ჩვენს საქმიანობას, ახლა კი ისე გამოჰყავს, თითქოს მისი დამსახურებაა, ონკოლოგიის ცენტრი სახელმწიფოს რომ დაუბრუნდა, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის და ტყუილად ჰგონია, რომ ეშმაკობით კვლავ გავა ფონს. ექიმები რომ სიმართლეს ამბობდნენ, ამას “პეგასუსისთვის” ონკოცენტრის ჩამორთმევის ფაქტიც ცხადყოფს, თუმცა მათ ბინებზე ყადაღას მაინც არ ხსნიან. “პეგასუსის” უმოქმედობაში იკვეთება სამი დიდი უწყების დანაშაული და ეს აუცილებლად უნდა გამოიძიონ სამართალდამცავებმა: ჯანდაცვის სამინისტროს უნდა განეხორციელებინა მონიტორინგი სამედიცინო ცენტრში მკურნალობის კუთხით. ჩვენმა ჯგუფმა რამდენჯერმე მიმართა ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს, შეხვედრებიც გვქონდა, მაგრამ ამას დიდი შედეგი არ გამოუღია. მეორე დანაშაული აქვს ეკონომიკის სამინისტროს. ისიც, თავისი უმოქმედობით, ხელს უწყობდა ინვესტორს, როგორც გაუხარდებოდა ისე მოქცეულიყო, არადა, მას ევალებოდა ინვესტიციაზე ზედამხედველობა და ამას ავალდებულებდა ხელშეკრულება. მესამე დამნაშავე არის ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც საგადასახადო გირავნობა ჩამოართვა, გაასხვისა ღვამიჩავას სახელობის ონკოცენტრი და დირექტორისთვის, გაგუასთვის, დავალიანებაზე პასუხი არ მოუთხოვია. უკვე ვიცით, რომ ვიღაც-ვიღაცები ძველი და ახალი ხელისუფლებიდან დაინტერესებულნი არიან, ეს საქმე არ გადავიდეს სამართლებრივ ჭრილში და შესაბამისი პასუხიმგებლობა ამა თუ იმ პირის წინააღმდეგ არ დადგეს. ჯერჯერობით ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების გვარებს არ დავასახელებ, რომლებიც ამას აკეთებენ, მაგრამ თუ ყველაფერი სწორი გზით არ წავა, მერე აღარც ამას დავმალავთ. რაც მოხდა ონკოცენტრში და რა ზარალიც უკვე განიცადა ამ საავადმყოფომ, შეუფასებელია, რადგან აქ, პირველ ყოვლისა, პაცინტები დაზარალდნენ.
რაც შეეხება ჯანაშვილების ოჯახური კლანის ფირმას, “ბლოკ ჯორჯიას”: მარტო მედიცინაში და “100 საავადმყოფოს” განუხორციელებელ პროექტში რა ცოდვებიც მიუძღვის, ბობოლა ნაციონალებიდან ვინ იყო მათი “კრიშა” და “უფროსი”, ამაზე მედიაში ხშირად საუბრობდნენ და აღარ განვმეორდები, მაგრამ ახლა კოჰაბიტირებულებიც კარგად გრძნობენ თავს. სწორედ ის იგდებს ახლაც ხელში ონკოლოგიის ცენტრს.
_ რას ამბობთ, როგორ?
_ ჯანდაცვის სამინისტრო, მინისტრი სერგეენკო აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელშიც ჩვენი ჯგუფიცაა ჩართული და გაგუას მხარეც. შეიქმნა ახალი სააქციო საზოგადოება “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი”, რომლის ბაზაზედაც გააგრძელებს მუშაობას ონკოლოგიის ცენტრი. ამ საზოგადოების დირექტორად ეკონომიკის სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, დანიშნა გელა გოგიშვილი, რომელიც არის “ბლოკ ჯორჯიას” დანფუძნებლების ოჯახური კლანიდან.
_ კონკრეტულად, რა კავშირი აქვს გოგიშვილს ჯანაშვილებთან, ბარემ ესეც გვითხარით?
_ მეწარმე-სუბიექტის (რომელიც დღესაც მართავს შპს საქართველოს ონკოლოგიის ცენტრს), “მედიკალ პარტნიორის” დამფუძნებელი არის გოგიშვილის დედა, თინა ჯანაშვილი, ანუ მმართველობა ჩამოართვეს ოჯახის ერთ წევრს და გადასცეს მეორეს. ირიბად შემოიყვანეს ონკოლოგიური საავადმყოფოს მმართველობაში “ბლოკ ჯორჯია”, ეს არის და ეს. როგორც ცნობილია, იმ ცოდვების გამო, რაც კომპანიას აწევს, თავად გოგიშვილიც დევნაში იყო. ახლა რამ და როგორ გაუხსნათ ხელ-ფეხი, ახლა ვინ მფარველობთ, ცხადია, ესეც უნდა გაირკვეს. რაღა ბევრი გავაგრძელო და ამჯერად კოჰაბიტაციას ეწირება უკვე ონკოლოგიური საავადმყოფო, ეს არის და ეს.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი "პრემიერი", #1, 4-10 სექტემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |