საქართველოს მოქალაქეები დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიაში 2010 წლის 24 ოქტომბერს დიდი რაოდენობით ნარკოტრაფიკის ბრალდებით დააკავეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სასჯელის უმაღლეს ზომას _ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. საბოლოოდ, დარეჯან კოხტაშვილს 2012 მლის 31 მარტს თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ბაბუცა გორდაძეს 2012 წლის 3 აპრილს სასჯელის მოხდის ზომად თავისუფლების 8 წლით აღკვეთა შეეფარდა, თუმცა მისი სასჯელის ათვლა 2010 წლის 24 ოქტომბრიდან დაიწყო. მოგვიანებით, საუბარი იყო იმაზე, რომ ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი სასჯელს საქართველოში მოიხდიდნენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებას მალაიზიურ მხარესთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა აწარმოებდა. აგრძელებს თუ არა მოლაპარაკებებს საქართველოს ახალი ხელისუფლება და რა ეტაპზეა ამჯერად საქართველოს მოქალაქეების ექსტრადირების საკითხი _ ამის გასარკევვად ”პრემიერი” საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ხათუნა პაიჭაძეს დაუკაშვირდა.
ხათუნა პაიჭაძე: მალაიზიაში დაკავებულების საქართველოში გადმოყვანისა და მათთვის მისჯილი სასჯელის ქართულ ციხეში მოხდასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები იმის გამო რთულდება, რომ მალაიზია საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა არ არის.
_ გამოდის, რომ მათი ექსტრადირება ვერ მოხერხდება?
_ დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიის ციხეში 2016 წლამდე დარჩებიან. საქართველოს სახელმწიფომ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და მოქალაქეები უმკაცრესი სასჯელისგან გადაარჩინა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ძალიან მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა. დიდი შრომის შედეგად, პარაქტიკულად, მინიმალური სასჯელი მიესაჯათ და სიკვდილით დასჯას გადარჩნენ. 2016 წლამდე დარჩებიან ციხეში და მათი გათავისუფლების ვადებს შორის მინიმალური სხვაობაა, ანუ ერთი ცოტა ხნით ადრე გათავისუფლდება, მეორე _ ოდნავ მოგვიანებით.
_ თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს სახელმწიფომ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და თავისი მოქალაქეები მძიმე სასჯელისგან იხსნა. იმ ქვეყანასთან, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა არ არის, ეს როგორ მოხერხდა?
_ ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილისთვის ნარკოტრაფიკის ბრალდებით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელის შეცვლა ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლის მიერ მიცემულმა ჩვენებამ განაპირობა, რომელმაც განაცხადა, რომ ქალბატონს ნარკოტიკი მან ჩაუდო ისე, რომ იგი გადატანისას საქმის კურსში არ იყო. სახელმწიფოსა და მალაიზიელ სამართალდამცველებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მათ გაითვალისწინეს ეს გარემოება და სიკვდილის განაჩენი შეიცვალა. ამჟამად აღნიშნული მამაკაცი ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.
გიორგი ხუხია, გაზეთი "პრემიერი", #1, 4-11 სექტემებერი